21-06-2024
„ელჩებსაც მოუწევთ ადრე თუ გვიან თამაშის ახალ წესებზე მორგება და არსებული „მძევლობიდან" და მძიმე მემკვიდრეობიდან გათავისუფლება. ვერ მოერგებიან და ესეც მათი, და არა ჩვენი„"თავის ტკივილია". უბრალოდ, როგორც მინიმუმ, ვურჩევდი - მკვეთრი „მოძრაობებისა" თუ უხერხული განცხადებებისაგან თავის შეკავებას, რაც ამ ეტაპზე ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა მათთვის," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ამით საქართველოს „დაუძინებელი" მეგობარი ქვეყნების ელჩების პოზიციებს აფასებს.
დავით ქართველიშვილი დარწმუნებულია, რომ მოქმედი ელჩები ერთგვარად მოქცეულები არიან გარკვეული ძალებისა და პერსონების გავლენის ქვეშ, რასაც ადასტურებს მათ მიერ დროდადრო გაკეთებული გაუგებარი განცხადებები, რაც არ ჯდება დიპლომატიური მანდატის ფარგლებში. თუმცა, „ხალხის ძალის“ წევრი იმაშიც დარწმუნებულია, რომ ეს დროებითია და ელჩებსაც, როგორც მათი ქვეყნების ხელმძღვანელებსაც, მოუწევთ დასავლეთში, პოლიტიკაში ფართოდ მიმდინარე კარდინალური ცვლილებების გათვალისწინება.
„ჩვენი „დაუძინებელი" მეგობრები აშკარად ჩიხში შევიდნენ, რაც კარგია საქართველოს აწმყოსთვის. თუმცა, სამომავლო პერსპექტივების გათვალისწინებით ის სიმახინჯე, რომელმაც ჩვენი ჯანსაღი ურთიერთობები კითხვის ქვეშ დააყენა რა თქმა უნდა საჭიროებს გადატვირთვას და გაჯანსაღებას. სწორედ ამას მოუწოდებდა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ევროპასა და აშშ-ში. მან განსაკუთრებული ხაზი გაუსვა ამ ურთიერთობების უკიდურესად ნეგატიურ წერტილამდე მიყვანას წინა ელჩების - კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის მუშაობის პერიოდში. დღევანდელ ამერიკელ, ბრიტანელ და ევროკავშირის ელჩებსაც აშკარად ეტყობათ, რომ „წვალობენ", რომ რაღაც „უხილავი" ძალა მათ თითქოს მუდმივი „ძაბვისა" და ტურბულენტობის ქვეშ ამყოფებს - ამაზე მეტყველებს მათი პერიოდული, მოულოდნელი და გაუგებარი განცხადებები, თითქოსდა დიპლომატიური თავშეკავების ნეიტრალური პერიოდების შუალედებში.
მათი ეს დამოკიდებულება კონკრეტულ დღის წესრიგსა და მესიჯბოქსებზე" აწყობილი, დროებითია, ექვემდებარება გადასინჯვას და დამოკიდებულია დასავლეთში ფართოდ მიმდინარე კარდინალურ ცვლილებებზე პოლიტიკასა და იდეოლოგიურ მეინსტრიმში. ამ ელჩებსაც მოუწევთ ადრე თუ გვიან თამაშის ახალ წესებზე მორგება და არსებული „მძევლობიდან" და მძიმე მემკვიდრეობიდან გათავისუფლება. ვერ მოერგებიან და ესეც მათი, და არა ჩვენი „თავის ტკივილია". უბრალოდ, როგორც მინიმუმ, ვურჩევდი - მკვეთრი „მოძრაობებისა" თუ უხერხული განცხადებებისაგან თავის შეკავებას, რაც ამ ეტაპზე ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა მათთვის. გვესმის, ესეც რაოდენ ძნელია. მაგრამ სადაც პატარა საქართველოს გამოსდის საკუთარი ღირსებისა და სუვერენიტეტის დაცვით თავისი სახის შენარჩუნება, ეს უნდა შეძლონ ჩვენმა პარტნიორებმაც და მათ დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა.
გადატვირთვა და გაჯანსაღება ამისთვის ყველაზე საუკეთესო გამოსავალია. საქართველოსთან მიმართებით გაფუჭებული საქმის გამოსწორებაში ეს უკვე მათი გადასადგმელი ნაბიჯებია. ჩვენს გასაკეთებელ ნაწილს ჩვენ ვუმკლავდებით და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ქვეყნის პოლიტიკურ ველზე მათ არასწორ "ფსონს", კრიმინალ-პარტნიორებსა და საეჭვო საყრდენს, რამაც პირველ რიგში მათ მიაყენა რეპუტაციული ზიანი - მაქსიმალურად დავასუსტებთ.
დანარჩენი თქვენი გასაკეთებელია. თუ ვერ შეძლებთ - არც ეს იქნება ფატალური ხასიათის პრობლემა ჩვენთვის. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი ის სიმახინჯე, რაც აქამდე იყო, აღარ გაგრძელდება. ხოლო იმ კატასტროფას, რასაც გვიპირებდით - არ დავუშვებთ," - წერს დავით ქართველიშვილი.