27-06-2024
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესრულების მიმდინარეობის ათი წლის ანგარიში წარადგინა, რომელიც ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან ზუსტად 10 წლის თავზე გაიმართა.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული წარმატებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯებზე.
„სიმბოლურია, რომ ანგარიშს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან ზუსტად 10 წლის თავზე წარვადგენთ. ამ ათი წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ განიცადა მრავალი ცვლილება და მიღწევა. ჩვენ განვახორციელეთ რეფორმები, რომლებმაც ჩვენი ბიზნეს გარემო უფრო გამჭვირვალე და მიმზიდველი გახდა უცხოელი ინვესტორებისთვის, ხოლო ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ თავისუფალი ვაჭრობის სიკეთეებით", - აღნიშნა გენადი არველაძემ.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რაც ცალსახად საქართველოს მიერ გაწეული ინტენსიური მუშაობისა და მიღწეული შედეგების აღიარებაა. ჩვენი შემდგომი მიზანია და ველით, რომ გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოს აქტიურ დაახლოებასა და ინტეგრაციას ევროკავშირში, ჩვენი ევროპელი მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერით," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, DCFTA-ის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობა უკვე დაახლოებულია შეთანხმებით გათვალისწინებული ევროკავშირის საკანონმდებლო აქტების 65%-ზე მეტთან, წლის ბოლომდე კი ეს მაჩვენებელი 70%-ს გადააჭარბებს.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა DCFTA-ისა და გატარებული რეფორმების გავლენას ევროკავშირთან ვაჭრობაზე. მისი თქმით, 2023 წელს, 2014 წელთან შედარებით, საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი 41 პროცენტით გაიზარდა. ასევე გაუმჯობესდა ადგილობრივი ექსპორტის წილი საქართველოდან ევროკავშირში განხორციელებულ სრულ ექსპორტში და ის 84%-ით განისაზღვრა.
„ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედების შემდგომ ამ გაერთიანებაში არა მარტო მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტი, არამედ ის კონკრეტულად წარმოადგენს ქართული საექსპორტო პროდუქციის სამომხმარებლო ბაზარს," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, 2023 წლის მონაცემებით, 2014 წელთან შედარებით, ევროკავშირში ექსპორტიორთა რაოდენობა 78%-ით გაიზარდა და შეადგინა 1006 კომპანია.
გენადი არველაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამთავრობო პროგრამებზე, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისა და ექსპორტის ხელშეწყობისკენ. აღნიშნული პროგრამები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მეშვეობით ხორციელდება. მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა ქვეყანაში ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას, რომელიც ადგილობრივ ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე წვდომაში უწყობს ხელს. მისი თქმით, ამ მიმართულებით ქვეყანამ მიიღო ინდუსტრიული და სამომხმარებლო პროდუქციის ტექნიკური რეგლამენტები, მათ შორის, ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა საბაგიროები, ლიფტები, წყლის გამაცხელებლები, ელექტრომოწყობილობები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, სათამაშოები, მანქანა-დანადგარები, 22 დასახელების სამშენებლო პროდუქტი და სხვ.
მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება სტანდარტებისა და მეტროლოგიის, ბაზარზე ზედამხედველობის, აკრედიტაციის, საჯარო შესყიდვების, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მომსახურების და სხვა მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და შესაბამის ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციაზე.