29-06-2024
ცხადია, ეს კარგი ჟესტია, თუმცა, ჩვენ არა ფულისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის ვთამაშობთ, – ასე ეხმაურება ნაკრების მცველი, ლუკა ლოჩოშვილი ფონდი „ქართუს“ მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის 30 ათასი მილიონი ლარის გადაცემას.
მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ კარგი შედეგები ჰქონდეს გუნდს ქვეყნისთვის.
„არ ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში, ფულს რაიმე მნიშვნელობა აქვს. გუნდში ამაზე არავინ ფიქრობს. ცხადია, ეს კარგი ჟესტია, თუმცა, ჩვენ არა ფულისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის ვთამაშობთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ კარგი შედეგები გვაქვს ჩვენი ქვეყნისთვის და არა ფულისთვის. ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელს იგივე აზრი აქვს", - განაცხადა ლოჩოშვილმა.
ცნობისთვის, ფონდ "ქართუ"-ს დამფუძნებელი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს უდიდეს გამარჯვებას ულოცავს და ეროვნულ გუნდს დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა.
ამასთანავე, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე მადლობას უხდის საფეხბურთო ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბს და ქართველ ქომაგებს ამ ისტორიული და საოცნებო გამარჯვებისთვის. - ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, 2024 წლის 23 აპრილს ფონდმა "ქართუ" გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის "ქართუ" საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს - ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს
ცნობისთვის, შეგახსენებთ, საქართველომ პორტუგალია 2:0 დაამარცხა და ევრო2024-ზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და პლეი-ოფში გავიდა