30-06-2024
„ჩვენ უნდა განვეწყოთ გამარჯვებისთვის და არა მხოლოდ კარგი თამაშისთვის, უნდა დავიჯეროთ და ვირწმუნოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ უძლიერესი მეტოქის - ესპანეთის დამარცხება“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი, დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი წერს.
მისი თქმით, თითოეული ჩვენგანის შემართება და ძალისხმევა ამ გადამწყვეტი მატჩის წინ - ესპანეთი-საქართველოს შეხვედრისას, სულ ცოტა, უნდა გაორმაგდეს და ეს უნდა გამოიხატებოდეს მთლიან პროცესში: არცერთი წამი და წუთი არ უნდა იყოს ჩვენი ყურადღების მიღმა და მოედნის არცერთი გოჯი არ უნდა იყოს უბრძოლველად დათმობილი.
„როგორ არის შესაძლებელი ტურნირის საუკეთესო გუნდის დამარცხება? რა განსხვავებაა პორტუგალიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის? პორტუგალია შესაძლოა ოდნავ ჩამორჩებოდეს ესპანეთის გუნდს, თუმცა, მაგალითად, თუ მათ მოუწევთ ნახევარფინალში ან ფინალში ერთმანეთთან თამაში, ეს განსხვავებაც გაბათილდება, რადგან პორტუგალიას ჰყავს მაღალი დონის შემსრულებლები და მათ ასეთ შეხვედრებში შეუძლიათ თამაშის სათავისოდ მობრუნება და გამარჯვების მიღწევა. ამიტომაც ითვლება ის სამართლიანად ტურნირის მოგების ერთ-ერთ ფავორიტად. არსებულ ტურნირზე ჩატარებული შეხვედრებით თუ ვიმსჯელებთ, ესპანეთის ნაკრები საუკეთესო გუნდია, რომელიც მაქსიმალური შედეგით წარდგა მერვედფინალში. ვინაიდან ეს მატჩი პორტუგალიელებისგან განსხვავებით ესპანეთისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს, ჩვენი ნაკრებისთვის გამარჯვების მისაღწევად საკმარისი არ იქნება ის განწყობა და ძალისხმევა, რაც გელზენკირხენში ვაჩვენეთ. კი, შეიძლება ძალიან გაუჭირდეს ესპანეთს, მაგრამ ჩვენი მხრიდან გამარჯვებისთვის კიდევ უფრო მეტი იქნება საჭირო.
პორტუგალიასთან მართლაც საუცხოოდ ითამაშეს ჩვენმა ბიჭებმა და რა თქმა უნდა, პორტუგალიაც მოსაგებად იყო გამოსული, მაგრამ არა იმ შემართებით და მაქსიმალური რესურსით, როგორც ახლა ითამაშებს მერვედფინალში, სადაც, დარწმუნებული ვარ, ის ბევრად უფრო მოტივირებული იქნება და ეს ბუნებრივიცაა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ჩვენი მიდგომა უნდა შეიცვალოს. საუბარი, რომ ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს, გასაგებია, მაგრამ მგონია, რომ ამ აზრს გვერდი უნდა ავუაროთ, თუ გვინდა ესპანეთის დამარცხება. ჩვენ უნდა განვეწყოთ გამარჯვებისთვის და არა მხოლოდ კარგი თამაშისთვის, უნდა დავიჯეროთ და ვირწმუნოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ უძლიერესი მეტოქის დამარცხება. ამ მხრივ, ძალიან მესიამოვნა რამდენიმე ჩვენი ფეხბურთელის შემართება, რომლებიც ზუსტად ამ რწმენაზე და თვითდაჯერებაზე საუბრობდნენ და დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენი ფეხბურთელიც ასეთივე განწყობაზეა. ეს განწყობა უნდა სუფევდეს არა მხოლოდ ფეხბურთელებში, არამედ თითოეულ ქართველში.
პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ ესპანელებს ჩვენს მიმართ შიში გაუჩნდათ და ეცდებიან, რომ კიდევ უფრო მობილიზებულები იყვნენ. მათ ჩვენთან თამაშის გამოცდილება აქვთ. ბოლო წლებში საკმაოდ შთამბეჭდავი დადებითი სტატისტიკაც დააფიქსირეს ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ ახლა აქ სხვა გარემო და სხვა რეალობაა და ისინიც გრძნობენ ამას. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ თამაშის მიმდინარეობისას მათი მხრიდან ხშირი იყოს შიში და ნერვიულობა. როგორ უნდა განხორციელდეს ეს? რა თქმა უნდა, მწვრთნელების კომპეტენციაში არ შევიჭრები, ღმერთმა დამიფაროს! ამას ძალიან კარგად ახორციელებს სანიოლი და მისი გუნდი. აქ ვსაუბრობ ჩვენს მთლიანობაზე და ერთიან რწმენაზე და არა მხოლოდ სურვილზე. დღევანდელი მატჩი უნდა იყოს დაგეგმილი პროცესი, როგორც საბერძნეთთან და პორტუგალიასთან იყო და ეს თანმიმდევრული მიდგომა, ჩვენი ფეხბურთელების და მწვრთნელების, ასევე ყველა ჩვენგანის შემართება და ძალისხმევა, სულ ცოტა, უნდა გაორმაგდეს და ეს უნდა გამოიხატებოდეს მთლიან პროცესში: არცერთი წამი და წუთი არ უნდა იყოს ჩვენი ყურადღების მიღმა და მოედნის არცერთი გოჯი არ უნდა იყოს უბრძოლველად დათმობილი. თავისთავად, პარალელურად, სიურპრიზი უნდა იყოს მათთვის ჩვენი შემოქმედებითი ფეხბურთი, რომელიც ასევე აუცილებელი იქნება გამარჯვებისთვის. მოკლედ, უნდა გავითავისოთ, რომ დღეს თერთმეტი კაცი კი არა, არამედ 4 მილიონი ქართველი ითამაშებს, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, რომელიც მზადაა თავგანწირვისთვის. მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი გამარჯვების მიღწევა. წინ, საქართველო, ცხელი გულით და ცივი გონებით!“, - წერს მიხეილ ყაველაშვილი.