9-07-2024
„სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გადადების მთავარი მიზანი ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე ზეწოლის მოხდენაა,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ დასავლეთიდან საქართველოში გამოგზავნილი მთავარი მესიჯია - საქართველოს უნდა მართავდნენ მათი მარიონეტები.
მისივე თქმით, სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გადადებით საქართველოს არაღირსეულად მოექცნენ.
„სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გადადების მთავარი მიზანი ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე ზეწოლის მოხდენაა. გამოგზავნილია პირდაპირი მესიჯი - საქართველოს უნდა მართავდნენ მათი ყურმოჭრილი მარიონეტები, რომლებიც დაემორჩილებიან მათ ყველა ბრძანებას. სხვა ახსნა სწავლების გადადებას არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის შემდეგ, როცა არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, სამხედრო სფეროში ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება.
ნატოს წევრ და არაწევრ ქვეყნებს შორის ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ყველაზე დიდი კონტინგენტის გაგზავნის კუთხით საქართველო მეოთხე ადგილზეა. ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანას, რომლებიც ნატოს წევრები არიან და ნატოს ქოლგა იცავს, ჯამში გაგზავნილი ჰყავდა ერთი ოცეული და ეს მაშინ, როცა მთელი მისიის განმავლობაში ჩვენ მუდმივად გვყავდა 800-ზე მეტი ჯარისკაცი. რომ არა მისიაში ჩვენი ასეთი მონაწილეობა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ფინანსური კუთხით დამატებით მინიმუმ ორი მილიარდი დოლარით მეტი დაეხარჯებოდა. თუმცა, ფინანსური დანახარჯი, რა თქმა უნდა, მეორეხარისხოვანია იმ მსხვერპლთან შედარებით, რაც საქართველომ და ქართულმა ჯარმა გაიღო, როგორც დაღუპული მეომრების სახით, ისე იმ ადამიანებით, რომლებმაც მძიმე დაზიანებები მიიღეს და მთელი ცხოვრება შეზღუდული შესაძლებლობის პირებად დარჩნენ.
ჩვენ ეს მსხვერპლი ჩვენი პარტნიორობისთვის გავიღეთ და ძალიან სამწუხაროა, რომ ახლა გადადებულ სამხედრო წვრთნებით, რომლის სახელწოდებაა „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოს ასე არაღირსეულად მოექცნენ. გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს - ზეწოლა მოახდინონ ქართველ ამომრჩეველზე, რომ არჩევნებზე ხმა მისცენ იმ პარტიებს, რომლებიც თვალდახუჭულები ჩაებმებიან ნებისმიერ ომში, რომელსაც მათი პატრონები მოსთხოვენ. სხვა შემთხვევაში, აბსოლუტურად გაუგებარია ერთობლივი სწავლების გადადების მიზეზი, როცა წვრთნები ტარდება ჩვენს მეზობელ და მეგობარ სომხეთში, რომელიც დღემდე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია. სამწუხაროდ, არათანასწორი დამოკიდებულების სხვა არაერთი მაგალითი გვაქვს. მაგალითად, გვეუბნებიან, თითქოს მოლდოვა საქართველოსთან შედარებით დაწინაურებულია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. შეგახსენებთ, მოლდოვა დღესაც დსთ-ს წევრი ქვეყანაა, აქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ამ სივრცესთან და რაც მთავარია, პირდაპირ უწერია კონსტიტუციაში, რომ არ გახდება არცერთი სამხედრო ბლოკის წევრი, რაც ავტომატურად გამორიცხავს ნატოს წევრობას.
რაც შეეხება ევროკავშირის მთავარ ღირებულებებთან თავსებადობას - კორუფციის დონით, ადამიანის უფლებების დაცვით, ბიუჯეტის გამჭვირვალობით და ბევრი სხვა ასპექტით, ანუ ყველა იმ პუნქტში, რაც ევროკავშირის ღირებულებებს ასახავს, ნებისმიერი საერთაშორისო რეიტინგის თანახმად მოლდოვა ორჯერ და სამჯერ ჩამორჩება საქართველოს ,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.