18-07-2024
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრის, საფრანგეთში საქართველოს ელჩის, აკაკი ჩხენკელის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნაში.
როგორც მინისტრის მოადგილემ კონფერენციის გახსნაზე აღნიშნა, აკაკი ჩხენკელი იყო მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოლიტიკოსი, დიპლომატი და საზოგადო მოღვაწე, რომელიც მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებდა ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნასა და საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებაში. „აკაკი ჩხენკელის მოღვაწეობა არა მხოლოდ მის პირად მიღწევებს უსვამს ხაზს, არამედ ზოგადად ქართული დიპლომატიის სულისკვეთებას ასახავს. ამასთან, მისი წვლილი დღემდე შთაგონების წყაროა ქართველი დიპლომატებისა და საჯარო მოხელეებისთვის",- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ; საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, ზურაბ გაიპარაშვილმა.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ეროვნულ არქივს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში იმართება. მისი მიზანი ქართველი დიპლომატის საქმიანობის გაცნობა და საქართველოს წინაშე მისი დამსახურების წარმოჩენაა.
აკაკი ჩხენკელის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებები. მათ შორის, საქართველოს ფოსტამ გამოუშვა სპეციალური საფოსტო მარკა; დაწესდა აკაკი ჩხენკელის სახელობის უწყებრივი ჯილდო; მომზადდა და გამოიცა აკაკი ჩხენკელის მემორიალური ალბომი; მოეწყო მისი საარქივო და ფოტოდოკუმენტების გამოფენა; თბილისში დაგეგმილია აკაკი ჩხენკელის სახელობის სკვერის გახსნა და მისი სახელობის ბიუსტის დადგმა.
აღსანიშნავია, რომ ამ იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები ტარდება რეგიონებშიც.