19-07-2024
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი რესპუბლიკური პარტიის ყრილობის (RNC 2024) მორიგ ღონისძიებებს დაესწრო და საშუალება ჰქონდა შეხვედროდა ამერიკის წამყვან სენატორებს და კონგრესმენებს, მათ შორის: სენატორებს მარკო რუბიოს, კორი გარდნერს, დენ სალივანს, ბილ ჰაგერტის, სპიკერ მაიკ ჯონსონს, კონგრესმენ ჯო ვილსონს და რესპუბლიკური პარტიის საგარეო პოლიტიკის გუნდის წარმომადგენლებს.
RNC 2024-ის ფარგლებში გაიმართა ღონისძიება ამერიკული ენერგორესურსების მსხვილი გაერთიანების "LNG Allies" ორგანიზებით აშშ-ის და მსოფლიო ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების შესახებ. სტუმრებს გახსნითი სიტყვით მიმართა აშშ-ის სენატორმა ბილ ჰაგერტიმ.
ასევე, გაიმართა დისკუსია მსხვილი LNG კომპანიების და გაერთიანებების ხელმძღვანელების მონაწილეობით. კონფერენციის ფარგლებში ხაზი გაესვა ამერიკული ენერგორესურსების მოპოვების გაზრდის მნიშვნელობას და მსოფლიო მასშტაბით აშშ-ის როლის გამოკვეთას ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით როგორც ტრადიციული, ისე ინოვაციური ენერგოტექნოლოგიების მეშვეობით.
აშშ-ის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მედია ჰოლდინგმა "Newscorp" უმასპინძლა ღონისძიებას დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისთვის.
სტუმრებს გახსნითი სიტყვით მიმართა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა.
ასევე, გაიმართა დისკუსია აშშ-ის შიდა პოლიტიკის და მომავალი საგარეო პოლიტიკის შესახებ ცნობილი პოლიტიკური კომენტატორების და Newscorp-ის აღმასრულებელი დირექტორის რობერტ ტომსონის მონაწილეობით.