23-07-2024
„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მედიის საშუალებით გამოეხმაურა ერთ-ერთი ოპოზიციური არხის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მას მცხეთაში მიწის ნაკვეთი უფასოდ, სიმბოლურ 1 ლარად გადაეცა.
დიმიტრი ხუნდაძემ დეტალურად განმარტა, თუ რა სახის ქონება და რატომ მიიღო სახელმწიფოსგან.
„[ცილისწამება პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი მხარდამჭერი მედიების მხრიდან] არც პირველია და სამწუხაროდ, არც - უკანასკნელი, მით უმეტეს, რომ არჩევნები იწყება და მათი მხრიდან ტყუილის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება.
ჩემს მიმართ ცილისწამებაც პირველად არ გაჟღერდა. ორი კვირის წინ [ერთ-ერთმა ოპოზიციურმა ტელევიზიამ] ასეთი თემა შექმნა, რომ თითქოს იმ შატოს მცხეთაში, რომლის საბიუჯეტო ღირებულებაც დაახლოებით 50 მილიონამდეა, მე ვაშენებ. ამ დროს კი ამასთან შეხებაც კი არ მაქვს. ამ თემამ მათ სასურველი შედეგი ვერ მოუტანა, რადგან [მცხეთის] მოსახლეობამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. ახლა კი ახალი თემა [მოიგონეს] და მცხეთის ინტერესების სასარგებლო მიღებული გადაწყვეტილება ისე წარმოაჩინეს, რომ თითქოს სახელმწიფომ პირადად მე და ჩემს ნაცნობებს 1 ლარად გადმოგვცა ქონება [მიწის ნაკვეთების სახით]. ეს არის აბსოლუტური ტყუილი და საქმე შემდეგშია:
მცხეთა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ამიტომ - იუნესკოს ქვემდებარე ქალაქი. დიდი ხნის პრობლემაა ის, რომ ქალაქ მცხეთას არ აქვს გენერალური გეგმა, რასაც იუნესკო კატეგორიულად ითხოვს. მხარეთა შორის შეთანხმება საკმაოდ გაიწელა, თუმცა ჩვენ უკვე მივაღწიეთ იმას, რომ პირველი, ყველაზე რთული ეტაპი უკვე გავიარეთ.
[იუნესკოს მხრიდან] ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ის, რომ „ნაცმოძრაობის“ მიერ 2009-2010 წლებში მცხეთის ცენტრში, ისტორიულ უბანში, იქ სადაც არქეოლოგიური ზონაა, აუქციონის წესით გასხვისებულ საკარმიდამო ნაკვეთებზე [მშენებლობა აკრძალულიყო]. მეც ამ საკმაოდ ძვირადღირებულ აუქციონზე [შევიძინე ნაკვეთი იმ დროს], სხვა მცხეთელებთან ერთად, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 80-100 ოჯახია. „ნაცმოძრაობამ“ ძალიან კარგად იცოდა, რომ იქ მშენებლობა არ შეიძლებოდა და არც სამომავლოდ დაიშვებოდა ეს უფლება, მაგრამ მაშინ ბიუჯეტის შევსება სურდათ და მოსახლეობიდან ფული ამ გზით ამოიღეს.
იუნესკოს მოთხოვნა თუ არ შესრულდებოდა [მცხეთაში, კონკრეტულ ადგილებზე მშენებლობების შეზღუდვასთან დაკავშირებით], მათი წევრობაც კი საფრთხის ქვეშ დგებოდა. სწორედ იუნესკომ გასცა რეკომენდაცია, რომ სახელმწიფოს ადგილმონაცვლეობა განეხორციელებინა, რითაც საკუთრების უფლებაც იქნებოდა დაცული. სწორედ ამიტომ, ბევრი ვიმუშავეთ დარგის ექსპერტებთან ერთად და ქალაქის გარეუბანში გამოვნახეთ ტერიტორია ადგილმონაცვლეობისთვის (რადგან ქალაქის ცენტრში არც არის ადგილი და არც შეიძლება მანდ მშენებლობა). მცხეთის მოსახლეობამ გარეუბნის მიმართ დიდი ინტერესი არ გამოხატა.
მათი მესმის, რადგან იმაზე ნაკლებად ღირებულს ვთავაზობდით, [რასაც თავად ცენტრში ფლობდნენ]. თუმცა, დავიწყეთ მესაკუთრეებთან მუშაობა, რადგან ქალაქის ინტერესები უპირატესია, ვიდრე - პირადი ინტერესები და ეს გადაწყვეტილება მაინც უნდა მიღებულიყო. ამიტომ, მე რომ ვყოფილიყავი მაგალითის მიმცემი, ერთ-ერთმა პირველმა გადავდგი ეს ნაბიჯი [ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით].
ამ პროცესში ჩუქებაზე საუბარი არ არის - მე და [რამდენიმე მესაკუთრემ] შეძენილი, ცენტრში მდებარე, ძვირადღირებული ქონება უფასოდ ჩავაბარეთ სახელმწიფოს და ალტერნატივად ნაკლებად ღირებული ქონება მივიღეთ გარეუბანში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ადგილმონაცვლეობა ჯერ მხოლოდ რამდენიმე ოჯახმა განახორციელა. ალბათ მეტი აგიტაციაა საჭირო იმისთვის, რათა მცხეთის მოქალაქეები დავარწმუნოთ, რომ მსხვერპლი უნდა გაიღონ და უფრო მეტად ღირებულიდან ნაკლებად ღირებული მიიღონ [ქალაქის დაცვისთვის].
[ოპოზიციურმა არხმა] ისე დახატა ეს პროცესი, თითქოს მხოლოდ მე და ჩემმა ახლობლებმა მივიღეთ ნაკვეთები, [უფასოდ] და ჩუმად. არადა, [ამ სიუჟეტამდე ბევრად ადრე], ჩემს სოციალურ ქსელში დავდე ჩემი გამოსვლა პარლამენტში, რომელიც 8 თებერვლით თარიღდება, სადაც ღიად მოვუწოდე მოქალაქეებს, რომ ქალაქ მცხეთის ინტერესებიდან გამომდინარე ადგილმონაცვლეობის გადაწყვეტილება მიიღონ. შესაბამისად, [ოპოზიციური არხის მიერ გავრცელებული] მსგავსი სახის ტყუილები გამიზნულია იმისთვის, რომ მოსახლეობა გაღიზიანდეს. [ცილისმწამებლებმა] კარგად იციან, რომ ეს ტყუილი მცხეთაში ვერ გასაღდება, რადგან მცხეთელებმა ყველაფერი კარგად იციან, მაგრამ შესაძლოა შეცდომაში შევიდნენ ქვეყნის სხვა რეგიონებში მცხოვრებნი [და მათი მიზანიც, ალბათ, ეს არის]. თუმცა ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და საზოგადოებამ უკვე კარგად გაიგო, რომ არავის 1 ლარად არაფერი მიუღია. პირიქით, ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე იქნა ადგილმონაცვლეობის გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.