გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციები ირაკლი კობახიძეს პასუხობენ

8-10-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგთან დაკავშირებით, სადაც ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2“-ის დირექტორი ფაშიზმში, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციები გვარამიას განცხადებაზე რეაგირების არქონაში დაადანაშაულა, არასამთავრობო ორგანიზანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველ პარტიას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და პარტიის სხვა სპიკერებს მოუწოდებს ქვეყანაში უზრუნველყოს მშვიდი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს არსებობა და საკუთარი უსაფუძვლო ბრალდებებით არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების მუშაობას ხელი არ შეუშალონ.

 

„ვეხმაურებით ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას, რომლითაც არასამთავრობო სექტორის მიმართ აგრესიული რიტორიკა გრძელდება. დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა პარტიის აღმასრულებელი მდივნის სტატუსით, რაც გვაფიქრებინებს, რომ მისი მხრიდან გაჟღერებული მოსაზრებები პარტიის მიერ განხილული და გაზიარებულია, რაც საკითხის სიმწვავეს კიდევ უფრო მეტად აჩვენებს.

 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მსგავსი რიტორიკა მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაძლიერდა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის და იმ განცხადების საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, კორუფციისა და არაფორმალური მმართველობის სავარაუდო ფაქტებს და პოლიტიკური კრიზისის ნიშნებს ეხებოდა. 

 

ამ ფაქტებზე სისტემური და სამართლებრივი რეაგირების ნაცვლად, ფაქტობრივად ყოველდღე, მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი, საზოგადოებას  პრობლემის შინაარსიდან კრიტიკის ავტორებზე სთავაზობს ყურადღების გადატანას, რითიც ცდილობს დღის წესრიგიდან მოხსნას მთავარი და საკვანძო პრობლემები. 

 

გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანა იმყოფება წინასაარჩევნო რეჟიმში, რაც თავისმხრივ  საზოგადოების პოლარიზების და საკითხების პოლიტიკური მანიპულაციების მიზნით გამოყენების რისკებს აძლიერებს. ამ პირობებში კრიტიკული მნიშვნელობა აქვს საარჩევნო გარემოზე დამკვირვებელი ორგანიზაციების შეუფერხებელ მუშაობას, მათი საქმიანობის უსაფუძვლო და მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან დაცვას ყველა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან. 

 

მიგვაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო დღეების განცხადებები უმთავრესად სწორედ საარჩევნო საკითხებზე და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დელეგიტიმაციას და საზოგადოების, ისევე როგორც, არჩევნებზე დამკვირვებელი საერთაშორისო ორგანიზაციებში თვალში, მათი შეფასებების დისკრედიტაციას ემსახურება. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო ვითარებაში, საკითხების ზედმეტი პოლიტიზირების და პოლარიზების საფუძველს მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრების განცხადებები ქმნის.

 

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და პარტიის სხვა სპიკერებს:

  • უზრუნველყონ მშვიდი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს არსებობა ქვეყანაში და საკუთარი უსაფუძვლო ბრალდებებით ხელი არ შეუშალონ არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების მუშაობას;
  • გამოიყენონ მათ ხელთ არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი ბერკეტები და მოითხოვონ კორუფციის, არაფორმალური მმართველობის თუ დაუსჯელობის სავარაუდო ფაქტებზე დროული რეაგირება შესაბამისი ორგანოების მხრიდან“ - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

განცხადებას ხელს 8 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031