გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ათონის მთაზე, გრიგორიუსის მონასტერში, 76-წლიანი პაუზის შემდეგ ქართველი ბერები აღავლენენ მსახურებას

16-01-2018

ათონის მთაზე, გრიგორიუსის მონასტერში ქართველი ბერები აღავლენენ მსახურებას

ცნობილი გახდა, რომ ათონის წმინდა მთაზე, გრიგორიუსის ბერძნულ მონასტერში თითქმის 76-წლიანი პაუზის შემდეგ, 14 იანვარს, ქართველი ბერი ილარიონი, ერისკაცობაში კახა მეგრელიშვილი დიდ სქემაში მღვდელმონაზვნად აკურთხეს.  
- ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, დასაფასებელი და საყურადღებო ფაქტი საქართველოსთვის, თითოეული ქართველისთვის. ვულოცავ მამა ილარიონს ამ საპასუხისმგებლო და ისტორიული მნიშვნელობის ჯვრის აღებას საკუთარ მხრებზე და ვუსურვებ უდრტვინველად და პირნათლად ეტარებინოს ეს ჯვარი, - გვესაუბრება ბერი ილარიონის მეგობარი, ათონის მთის წმინდა პავლეს სავანის სქემმონაზონი იერონიმე (ქათამაძე)

როგორც მამა იერონიმემ საუბრისას აღნიშნა, ათონის მთაზე მოღვაწე ჩვენი თანამემამულე, წმინდა ილარიონ ქართველის სახელზე გრიგორიუსის მონასტრის აწ გარდაცვლილმა წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა გიორგიმ აღკვეცა ბერად. ბერი ილარიონი გრიგორიუსის მონასტერში სატრაპეზოს მორჩილებას ხელმძღვანელობდა. წმინდა მთაზე დაახლოებით 15 წელია მსახურობს. ამჟამინდელი გრიგორიუსის მონასტრის წინამძღვარი და მამა ილარიონის მოძღვარი არქიმანდრიტი ქრისტეფორე გახლავთ.

გრიგორიუსის მონასტერში ამჟამად ხუთი ქართველი ბერი მოღვაწეობს. ესენი არიან: მამა ილარიონი, მამა ალექსი, მამა კორნელი, მამა ანთიმოზი, მამა მოსე.
- ძალიან ხშირად ვსტუმრობთ გრიგორიუსის მონასტერს და იქ სხვა სითბო იგრძობა, სხვა სიყვარული, ნამდვილი ქართული დახვედრა იციან იქაურმა ქართველმა მამებმა, ძალიან კარგი ურთიერთობა და მეგობრობა გვაქვს მათთან. თანაც ჩვენი მონასტრიდან გემით სულ რაღაც 2 გაჩერებაშია და ჩვენ ერთმანეთს მეზობელ ბერებს ვეძახით. მონასტერში ყოველ სტუმრობაზე, ლიტურგიის დროს "მამაო ჩვენოს" და "მრწამსს" ქართულად ვამბობ. ამით გამოხატავენ ქართველების მიმართ დიდ სიყვარულს,- დასძინა საუბრისას მამა იერონიმემ.


შეგახსენებთ, რომ ათონის მონასტრების იერარქიაში 1574 წლიდან მონასტერი მე-17 ადგილზეა. წმინდა გრიგორიუსის მონასტერი მდებარეობს ნახევარკუნძულის სანაპიროზე. აქ მოხვედრა შეიძლება მხოლოდ გემით დაფნიდან. სავანე XIV საუკუნეში დააარსა გრიგოლ განდეგილმა. მონასტერი დიონისიატისა და პანტოკრატორის თანამედროვეა. გრიგორიუსის დამაარსებლის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ იგი გრიგოლ სინელის მოწაფე იყო. ინფორმაციის ნაკლებობის მიზეზი გახდა 1500 და 1762 წლების ხანძრები, გარდა ამისა, მონასტერი არაერთხელ გამხდარა მსხვერპლი მეკობრეების თავდასხმისა. სავანეს აღადგენდნენ მართლმადიდებელი ხელმწიფეების დახმარებებით, მათ შორისაა მოლდავეთის მმართველი იოანე სტეფანე დიდი. მან უდიდესი როლი ითამაშა სავანის აღორძინებაში და ამიტომაც ითვლება მის მეორე დამაარსებლად. 1762 წელს ხანძრით განადგურებული გრიგორიუსი აღდგა იღუმენ იოაკიმეს ხელმძღვანელობით. 1851 წელს აშენდა წმინდა გიორგის ეკლესია, 1851 წელს - წმინდა ნიკოლოზისა. მონასტერში დაცულია 279 ხელნაწერი, მათ შორის 11 პერგამენტია. გარდა ამისა, ინახება დაახლოებით 6000-მდე ნაბეჭდი წიგნი. მონასტრის სიწმინდეებიდან აღსანიშნავია ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი, წმინდანთა ნაწილები, წმინდა ჭურჭელი და სამოსი. გრიგორიუსს აქვს 7 ტაძარი თავის ტერიტორიაზე და 6 - ტერიტორიის გარეთ. მონასტრის დაქვემდებარებაშია სამი კაფიზმა და ექვსი კელია. კელია - პატარა უდაბნოა, აქ არის 1-2 ბერის საცხოვრებელი და პატარა ტაძარი. კელიის მცხოვრებნი თვითონ ირჩენენ თავს. კაფიზმა, კელიისგან განსხვავებით, მონასტრის სრულ უზრუნველყოფაზეა.

"კარიბჭე"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930