გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
GITA - ს ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში Smart Stay ჰაკათონი გაიმართა

31-07-2024

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში Smart Stay ჰაკათონი (ინოვაციური პროტოტიპების კონკურსი) გაიმართა.


კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული გუნდი CSI, რომელმაც მოიპოვა GITA-ს 10 000 ლარიანი გრანტი პროდუქტის განვითარებისთვის. CSI არის ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს გაამარტივოს მომსახურე პერსონალსა და სტუმარს შორის კომუნიკაცია და გააციფრულოს ოთახის მომსახურების სერვისი. სისტემა აერთიანებს ხმოვან ასისტენტს, მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებასა და ოთახის კონტროლის მოდულებს.


„ჰაკათონის მიზანია სტუმარმასპინძლობის სექტორში, კერძოდ სასტუმროებში არსებული პრობლემების/გამოწვევების ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური გზით გადაჭრა და კონკრეტული პროტოტიპების შექმნა. ჰაკათონი განკუთვნილი იყო 16 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც დაინტერესებულია სტუმარმასპინძლობის და სასტუმროს სექტორებით, აღნიშნულ სფეროებში არსებული კომპანიების წარმომადგენლებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, ასევე პროტოტიპირებით, ინჟინერიით, პროგრამირებით, დიზაინით, ინოვაციური და ტექნოლოგიური მეწარმეობით დაინტერესებული ადამიანებისთვის.


პროექტის მონაწილეებმა, ტექნოპარკის სივრცეში, 36 საათის განმავლობაში, კვალიფიციური მენტორების დახმარებითა და ფაბლაბში (ინოვაციური მეწარმეობის ლაბორატორია) არსებული რესურსების გამოყენებით, შექმნეს ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპ იდეის პროტოტიპები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პროექტის მსვლელობისას ესარგებლათ თელავის ტექნოპარკის სივრცით დღისა და ღამის განმავლობაში.


პროექტის პარტნიორმა კომპანიებმა ასევე გამოავლინეს რჩეული გუნდები, რომელთაც მათთან თანამშრომლობისა და პროდუქტის დატესტვის შესაძლებლობა ექნებათ. რჩეულ იდეებს შორის იყო ციფრული კონსიერჟი სასტუმროებისთვის, სასტუმროს თანამშრომლების onboarding-ის და გადამზადების ჭკვიანი პლატფორმა, სასტუმროების ინდუსტრიის კვალიფიკაციური კადრებით მომარაგების სისტემა“ –აცხადებენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში.


პროექტის განმახორციელებელია Tbilisi School of Communication.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031