9-10-2018
რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას: განხილულია კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივ გამოკითხვის შედეგები, პრეზიდენტობის კანდიდატთა რეიტინგები, მათი წინასაარჩევნო კამპანიები, სკანდალები და ყველა ის მოვლენა, რომლებთაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან რეზიუმეს:
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ტელეარხ „რუსთავი-2“-ის დაკვეთით კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაც მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იმარჯვებს. ერთი შეხედვით, თითქოსდა მოულოდნელი დასკვნაა, მაგრამ ყურადღება უნდა მივაქციოთ, ვინაა გამოკითხვის ჩატარების დამკვეთი - ტელეარხი „რუსთავი-2“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ სიმპათიებით გამოირჩევა.
აშკარაა, რომ საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანია შედარებით უფრო აგრესიულია და მისი აგრესია უპირველესად მიმართულია „დამოუკიდებელი“ კანდიდატის, ასევე საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, რომელმაც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის“ მმართველი გუნდი რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის ინსპირირებაში დაადანაშაულა. სხვათა შორის, ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება მიუღებელი აღმოჩნდა. მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა დააზუსტა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ხრიკებს არ უნდა წამოგებოდაო... ოპონენტები სალომეს ნათქვამს აქტიურად იყენებენ მისსავე წინააღმდეგ. გარდა ამისა, ისინი სარგებლობენ იმითაც, რომ სალომე ზურაბიშვილი დღემდე სუფთად ვერ ფლობს ქართულ ენას და საერთოდ, იგი საფრანგეთში დაბადებული და იქ გაზრდილია...
თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილი თავის საარჩევნო კამპანიაში უყურადღებოდ არ ტოვებს წვრილმანებსაც კი და რეგიონებში შეხვედრების დროს მოსახლეობას მათ მოგვარებას პირდება. იგი სარგებლობს იმით, რომ ხელისუფლება მის კანდიდატურას მხარს უჭერს. სალომე ზურაბიშვილის ბილბორდები და პლაკატები, სხვა კანდიდატებთან შედარებით, აშკარად ბევრია. ამასთან, ზოგიერთ დამკვირვებელს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა ფინიშამდე გაგრძელდება. საქმე იმაში არაა, რომ ვთქვათ, მილიარდერს სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმედი გაუცრუვდება, არამედ იმაში, თუ რა პრობლემები გაჩნდა ტელეარხ „იბერიასა“ და მის დამფინანსებელ თამბაქოს კომპანია „ომეგას“-სთან დაკავშირებით: როგორც ირკვევა, სახელმწიფო უწყებები ზეწოლას ახორციელებდნენ კერძო კომპანიაზე, ფაქტიურად რეკეტს ეწეოდნენ თანხების გამოძალვის მიზნით...
ქართულ საექსპერტო წრეებში დარწმუნებულნი არიან, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი ვერ გაიმარჯვებს, ეს მხოლოდ იმიტომ მოხდება, რომ შედეგები ბიძინა ივანიშვილს მაინცდამაინც არ აღელვებს. მილიარდერმა კიდეც თქვა ერთ-ერთ ტელეგამოსვლაში, რომ არაფერი ტრაგიკული არ მოხდება იმით, თუ პრეზიდენტი ხელისუფლების კანდიდატი არ იქნება - მას უფლებამოსილება შეზღუდული აქვს, ყველა კაბინეტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ზის. სხვათა შორის, შესაძლოა სიტუაცია ისე განვითარდეს, რომ პრეზიდენტად არჩევის რეალური შანსი გაუჩნდეს მესამე რეიტინგულ კანდიდატს „ევროპული საქართველოდან“ - დავით ბაქრაძეს. ასეთ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი თავს აარიდებს ბრალდებებს არჩევნების ფალსიფიცირებასთან დაკავშირებით, რომელიც გარდაუვლად იქნება სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შედეგად.