გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რაჭაში ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილი დაბინავებულია

9-10-2018

რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის ანდრო ასლანიშვილის განცხადებით რთველი-2018-ის ფარგლებში, რაჭაში ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილი დაბინავებულია.


„მიუხედავად იმისა, რომ რაჭა-ლეჩხუმში ჯერ-ჯერობით რთველი არ დასრულებულა, შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში მოსავლის დიდი ნაწილი დაბინავებულია. წელს ძალიან მაღალია ალექსანდროულისა და მუჯურეთულის გადამუშავების მაჩვენებელი. თუ გასულ წელს   800 ტონა გადამუშავდა, წელს ეს მაჩვენებელი უკვე 1497 ტონას აღწევს“ - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.


მისი თქმით, მევენახეებსა და მეწარმეებს შორის  რთველის პროცესში  კომუნიკაცია სრულად შედგა.


  „ამბროლაურში მევენახეების კეთილგანწყობა შეინიშნება. რთველი ყოველთვის ემოციური მომენტია, ადამიანებს აღელვებთ თავიანთი მოსავლის დაბინავების ბედი. ის ადამიანებიც კი, რომლებიც რთველის დასაწყისში მღელვარებას გამოხატავდნენ, ძალიან კარგ განწყობაზე არიან, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს“ - აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა.


ანდრო ასლანიშვილის განცხადებით, 2007 წლის შემდეგ პირველმა არასუბსიდირებულმა რთველმა აჩვენა, რომ მეწარმეებიც და მევენახეებიც მზად არიან მეღვინეობის დარგის მდგრადი განვითარების პროცესში ჩასართავად.


„წლევანდელმა რთველმა გვიჩვენა, რომ როგორც კომპანიების, ისე მევენახეების მხრიდან ცალსახად არის ზრდისა და განვითარების,   სიახლეების მიღებისა და გაზიარების პოტენციალი და მზადყოფნა. წლევანდელი რთველის პლიუსი ის იყო, რომ გვაქვს ურთიერთშეთანხმებული მოქმედებები და სურვილი, გადავდგათ ნაბიჯები უკეთესი მომავლისთვის, დარგის მდგარდი განვითრებისკენ“ - აღნიშნა   ანდრო ასლანიშვილმა.


ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რაჭაში  1500 ტონამდე  ალექსანდროული და მუჯურეთული ჯიშის ყურძენი გადამუშავებულია.  რაჭაში ყურძენი ღვინის საწარმოებს 1350-მა მევენახემ ჩააბარა, მევენახეების შემოსავალმა 10,4 მლნ ლარს მიაღწია. რაჭის რეგიონში რთველის პროცესში 50-მდე ღვინის კომპანია იყო ჩართული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930