9-10-2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, აუცილებელია, რომ მედია განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდოს ისეთი საკითხების გაშუქებას, რამაც შეიძლება საქართველოს თავდაცვისუნარიანობას ზიანი მიაყენოს.
სესიაშვილი თავის განცხადებაში თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიასა და მისი გუნდის მიერ სტრუქტურაში გატარებული რეფორმებისა და პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.
„აუცილებელია თითოეული ჩვენთაგანი უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ისეთი სენსიტიური საკითხების გაშუქებას, რომელმაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ზიანი მიაყენოს და შეიარაღებული ძალების იმიჯი საერთაშორისო არენაზე შელახოს.
მინდა გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მცდელობას, როდესაც სახეზე გვაქვს მოვლენების ცალმხრივად და ზედაპირულად გაშუქების ფაქტები. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ნებისმიერი დარღვევისა და გადაცდომის შემთხვევაში სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მიერ რეაგირება არის დროული და ადეკვატური.
მინდა, მხარდაჭერა გამოვხატო თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიასა და მისი გუნდის მიერ სტრუქტურაში გატარებული რეფორმებისა და პოლიტიკის მიმართ. დღეს, როდესაც საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, ამ ინტეგრაციის გზაზე უდიდესი კონტრიბუტორის - შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინსიტროს დისკრედიტაცია ყოვლად დაუშვებელია და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეს შეიძლება უნდოდეს.
აღსანიშნავია ის რეფორმები რაც ბოლო პერიოდში თავდაცვის სამინსიტროში განხორციელდა. სამინისტროს და შეიარღებული ძალების სტრუქტურის ოპტიმიზაცია მოხდა. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ორგანიზების ხედვა „ტოტალური თავდაცვის“ ახლებულ ხედვას დაეფუძნება და რეზერვის ახალი საპილოტე პროგრამა ამ ხედვის ნაწილია, რომელიც დაწყებულია და მასში ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის სტუდენტებიც უკვე აქტიურად ჩაერთვნენ.
აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნისა და ნატოსთან თავსებადობის ხარისხმა უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ხორციელდება შეიარაღებული ძალების უახლესი ტანკ-საწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის და ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვა, საწვრთნელი და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარება.
მსურს აღვნიშნო ასევე, რომ ცოტა ხნის წინ დავბრუნდი ვაშინგტონიდან, სადაც ჩემს კოლეგებთან ერთად აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში ვმონაწილეობდი, სადაც აშშ-ის თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს თავდაცვის სფეროში მიღწეული პროგრესი.
გარდა ამისა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების მხარდამჭერი ცოტა ხნის წინ გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებშიც არაერთი განცხადება გაკეთდა. კერძოდ:
ჯამში, დინამიკა ცალსახად მზარდია და ნატოს ყოფნა საქართველოში უფრო ხილვადი ხდება. მომავალ წელს უპრეცედენტო მასშტაბის ნატო-საქართველოს წვრთნები და მრავალეროვნული სწავლება - „მტკიცე სული“ ჩატარდება. ეს ყოველივე არის მკაფიო პოლიტიკური და პრაქტიკული გზავნილი, რომ ჩვენ ევროატლანტიკური გუნდის ნაწილი ვართ.
გარდა ამისა, სწორედ ბატონ ლევან იზორიას მინისტრობის პერიოდში განვითარდა განსაკუთრებით საპარლამენტო თანამშრომლობა თავდაცვის სამინისტროსთან.
ჩვენი შეირაღებული ძალების განვითარება ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხო განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტია. ამიტომ, აუცილებელია, თითოეული ჩვენთაგანი უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ისეთი სენსიტიური საკითხების გაშუქებას, რომელმაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას ზიანი მიაყენოს და შეიარაღებული ძალების იმიჯი შელახოს საერთაშორისო არენაზე,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.