გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ტელეკომპანია „მთავარი არხის" ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

13-08-2024

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ტელეკომპანია „მთავარი არხის" ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„დღეს, 13 აგვისტოს, ტელეკომპანია „მთავარი არხის" ეთერში გასულ სიუჟეტში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, კობა კობალაძის მიმართ გავრცელდა ცრუ, ცილისმწამებლური ბრალდებები.


სიუჟეტში, ანონიმურ პირზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. მისივე განცხადებით, სამი დღის წინ, კობა კობალაძემ ქუთაისში ვეტერანები შეკრიბა და მოსთხოვა, არჩევნებზე მხარი სახელისუფლებო პარტიისთვის დაეჭირათ, რაც 39 წლის კაცმა გააპროტესტა და შეხვედრა დატოვა.


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე. კერძოდ:


კობა კობალაძე, როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვეტერანებთან, მათი საჭიროებების გამოვლენისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათი მაქსიმალურად ჩართულობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ყველა რეგიონში, პერიოდულად მართავს შეხვედრებს. სამსახურის სამართლებრივი სტატუსის გათვალისწინებით, შეხვედრებზე პოლიტიკური შინაარსის განცხადებებისა და მოწოდებების გავრცელება არ ხდება. ამ პროცესში, კობა კობალაძე და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ყოველთვის ღიაა ნებისმიერი მოსაზრების, წინადადებებსა და კრიტიკის მოსასმენად. აქვე აღვნიშნავთ, რომ არასდროს, არცერთ ვეტერანს ვინაობის დამალვისა და ანონიმურად რაიმე პრობლემის გაჟღერების საჭიროება არ ჰქონია.


აღსანიშნავია, რომ სიუჟეტში გაჟღერებულ პერიოდში, კობა კობალაძე ქუთაისში არ იმყოფებოდა. შესაბამისად, ადგილობრივ ვეტერანებთან შეხვედრა არ გაუმართავს, მითუმეტეს, ადგილი არ ჰქონია სიუჟეტში გავრცელებულ სხვა აბსურდულ ბრალდებებს.


მივიჩნევთ, რომ "მთავარი არხის" ეთერში გასული სიუჟეტი, მისი შინაარსით ემსახურება, ვიწრო, კერძო ინტერესებს, რომელთა მიზანია ცრუ, ცილისმწამებლური ბრალდებების გაჟღერება, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და მისი დირექტორის დისკრედიტაცია და ვეტერანთა ერთიან ოჯახში, ხელოვნური დაპირისპირების გამოწვევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვეტერანებისა და მათი ოჯახებისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, კობა კობალაძის ხელმძღვანელობით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.


ასევე ხაზგასასმელია, რომ ნებისმიერი მედია საშუალება მსგავსი სიუჟეტების მომზადებისას, ვალდებულია დაიცვას მინიმალური პროფესიული სტანდარტი, გადაამოწმოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია და თავი აარიდოს, აშკარა ტყუილის და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას. სიუჟეტის მეტი სანდოობისთვის შეიძლებოდა გავრცელებულიყო შეხვედრის თარიღი, დრო, ზუსტი ადგილი, შეხვედრის სხვა მონაწილეთა ვინაობა, ან სხვა რაიმე მტკიცებულება მაინც.


ხსენებული გარემოებიდან გამომდინარე, მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ და გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, სიუჟეტის ანონიმური რესპონდენტის მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ცრუ დასმენასთან დაკავშირებით, მათ შორის, მისი მოტივისა და პროცესში ჩართული შესაძლო სხვა პირების გამოვლენის მიზნით” –აღნიშნულია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930