გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ერთი პოლიტპატიმარი გამართლდა, 2 მოქალაქეს კი უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები დაუბრუნდება

10-10-2018

პროკურატურის შუამდგომლობით კიდევ ერთი პოლიტპატიმარი გამართლდა, ხოლო 2 დაზარალებულ მოქალაქეს  უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები დაუბრუნდება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

 

“საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენისთვის და შენახვისთვის დამნაშავედ ცნობილი პოლიტპატიმარი სიმონ წურიაშვილი გაამართლა. ასევე დეპარტამენტის მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად 2 დაზარალებულს დაუბრუნდება ზუგდიდის რაიონში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები.


 ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც უნდა გამოყოფოდა ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად ირიცხებოდა, რომლებიც საკუთრების დათმობის სანაცვლოდ შესაბამის კონპენსაციას მოითხოვდნენ.


პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კონპენსაციის გადაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადააგზავნა. აღნიშნულის საფუძველზე 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა, რომელთა შორისაც აღმოჩნდა ადგილობრივი მოსახლეობის მიწის ნაკვეთებიც, ისე რომ მათ რაიმე სახის კონპენსაცია არ მიუღიათ, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება.


დეპარტამენტის შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ზუგდიდის რაიონის სოფ. დარჩელში მდებარე  2581 კვ.მ და 2651 კვ.მ მიწის ნაკვეთები მადია სექანიას, ხოლო მოქალაქე ალექსანდრე ხუფენიას ამავე სოფელში მდებარე 4857 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება.


 რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე იმსჯელებს.

პროკურატურა აგრძელებს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას. დანაშაულებრივი სქემით ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები ასევე დაუბრუნდებათ სხვა დაზარალებულ მოქალაქეებსაც, რაზეც საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობება.


რაც შეეხება პროკურატურის შუამდგომლობით გამართლებულ პოლიტპატიმარ სიმონ წურიაშვილს, საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა სიმონ წურიაშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.


გამოძიებით დადგინდა, რომ სიმონ წურიაშვილი, როგორც ოპოზიციურად განწყობილი ერთ-ერთი პოლიტიკური მოძრაობის წევრი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა 2007-2008 წლებში ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში, რა დროსაც საკუთარი ავტომანქანით პარტიის აქტივისტები გადაჰყავდა.


განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების და პოლიტიკური პროცესებიდან მისი ჩამოცილების მიზნით, სამართალდამცავების მიერ დაიგეგმა გამოგონილი ბრალდებით სიმონ წურიაშვილის დაკავება.


2008 წლის 25 ნოემბერს სიმონ წურიაშვილი სიძესთან და მეზობელთან ერთად საკუთარი ავტომანქანით გორის რაიონის სოფელ ფხვენისიდან ქ. გორის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც იგი სამართალდამცავებმა შეაჩერეს, ავტომანქანაში ორი ცალი ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები ჩაუდეს და უკანონოდ დააკავეს. სიმონ წურიაშვილის ბრალდების დამძიმების და მისი მიმართ ხელოვნურად მტკიცებულებების შექმნის მიზნით, საბრძოლო ვაზნები ასევე ამოიღეს სოფელ ფხვენისში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლიდანაც.


2009 წლის იანვარში, სიმონ წურიაშვილის მიმართ, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე,  დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და მას მიესაჯა 8 წლით და 5 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. 2013 წელს, პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების შემდეგ მან დატოვა საპატიმრო დაწესებულება.


ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა მსჯავრდებულის გამამართლებელი სრულიად ახალი მტკიცებულებები და გარემოებები, დაიკითხნენ ფაქტის შემსწრე თვითმხილველი ახალი მოწმეები, რომლებიც საუბრობენ სიმონ წურიაშვილის უდანაშაულობის და სამართალდამცავების მიერ საბრძოლო მასალის ,,ჩადების“ თაობაზე.  აქედან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახლად გამოვლენილი გარემოებები და მტკიცებულებები და მსჯავრდებული სრულად გაამართლა.


ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად, ამ დროისთვის   დაზარალებულად ცნობილ 164  პირს დაუბრუნდა დაახლოებით 45 მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის ავტომანქანები, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო და  სასტუმრო კომპლექსები, მიწის ნაკვეთები და ა.შ., ხოლო ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით 59 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, საიდანაც 48 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი, აქედან 13 პოლიტპატიმრის სტატუსს ატარებს” - ნათქვამია განცხადებაში.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930