10-10-2018
შვეიცარიული გამოცემა, «Neue Zürcher Zeitung»-ი ულრიხ შმიდის ავტორობით სტატიას აქვეყნებს, რომელიც ქართულ-რუსული ურთიერთობის ისტორიას ეხება.
სტატიაში ვრცლადაა საუბარი რუსეთის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურის, იოსებ სტალინის შესახებ, რომელიც წარმოშობით ქართველი იყო.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:
“თუ რამდენად რთულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, მათ შორის ისტორიული რეტროსპექტივით, ეს თბილისის ცენტრში არსებული მარმარილოს დაფიდანაც შეიძლება გავიგოთ: „ეძღვნება იმ მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეთა ხსოვნას, რომლებიც 1956 წლის 9 მარტს საბჭოთა რეჟიმმა იმსხვერპლა“.
მაინც რა მოხდა იმ დროს? 1956 წლის თებერვალში იოსებ სტალინის მემიკვიდრე ნიკიტა ხრუშჩოვი პარტიის დახურულ ყრილობაზე საიდუმლო გრიფის მქონე მოხსენებით გამოვიდა, რომელშიც მან მკაცრად გააკრიტიკა დიქტატორის პიროვნების კულტი. ბევრ საბჭოთა ადამიანში პარტიის კურსის ასეთმა მოულოდნელმა და სწრაფმა ცვლილებამ შოკი გამოიწვია - მათ ხომ მეოთხედი საუკუნის განნმავლობაში შთააგონებდნენ, რომ თითოეული მოქალაქის ცხოვრება მთლიანად იოსებ სტალინზე იყო დამოკიდებული. მომხდარი ფაქტი განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვეს ქართველებმა, რომლებიც ძალიან ამაყობდნენ მშობლიური მიწის მთელ მსოფლიოში ცნობილი შვილით. ახალგაზრდა დემონსტრანტებმა თბილისის ცენტრში სტალინის პორტრეტებით გაიარეს და საქართველოს დამოუკიდებლობა მოითხოვეს. საქმეში საბჭოთა არმიის ნაწილები ჩაერთვნენ და აქცია სისხლში ჩაახშვეს. მარმარილოს დაფაზე ტექსტის წაკითხვისას შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ 1956 წლის დემონსტრაციის დროს დემოკრატიულ უფლებებს ან ფედერალურ ავტონომიას ითხოვდნენ, მაგრამ ნუ შეცდებით: სინამდვილეში აქციის მონაწილენი დესტალინიზაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ამიტომაც მომხდარი ამბავი არ უნდა განვიხილოთ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების წარმატებული გამოვლენის ფაქტად”-წერს ავტორი.
ულრიხ შმიდი ეხება აგრეთვე „თერგდალეულების“ თემას და მათ შორის გამორჩეულ ფიგურას, ილია ჭავჭავაძეს.
„ქართველთა მთელმა თაობამ ლიტერატურული განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო. რუსეთის იმპერიის ხელისუფლება ქართველებს თბილისში უნივერსიტეტის გახსნის ნებას არ აძლევდა - მაგის დრო ჯერ არ დამდგარაო. თუმცა სწორედ უნივერსიტეტის არარსებობამ განაპირობა ქართველ ინტელექტუალთა კონტაქტები იმპერიის დედაქალაქში რუსეთის პროგრესულ მოაზროვნეებთა. რუსეთში განათლებამიღებულმა ქართველებმა თავიანთთვის სპეციალური სახელიც კი მოიგონეს - „თერგდალეულები“, ანუ „ვინც თერგს გაღმა იყო ნამყოფი, რომლებმაც საქართველოს ჩრდილოეთით მდებარე სასაზღვრო მდინარე გადაკვეთეს“. მათგან ყველაზე ცნობილი ადამიანები არიან ილია ჭავჭავაზე, საქართველოს ეროვნული პოეტი. მან პეტერბურგში სწავლისას ქართულ ენაზე გადათარგმნა ალექსანდრე პუშკინისა და მიხეილ ლერმონტოვის ლექსები. ილია ჭავჭავაძე ყურადღებით ეცნობოდა რუსულ სოციალურ-კრიტიკულ პროზასაც. ამასთან, ილია ჭავჭავაძეს, რომელსაც, სხვათა შორის, დედის მხრივ სომხური სისხლიც ერია, ზოგჯერ თავშეკავება ღალატობდა: აქტიურად აკრიტიკებდა ქართულ ქალაქებში სომხების მოზღვავებას და მწარედ წერდა, რომ „ღირსეული ბრძოლით“ მათი თავიდან მოშორება ვერ ხერხდებოდა. ამგვარი ანტისომხური განწყობა ხელს უწყობდა ილია ჭავჭავაძის პოპულარობას. 1907 წელს იგი გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს - შესაძლოა, მასზე ქართველმა კომუნისტებმა შური იძიეს (ილია მათ მუდმივად აკრიტიკებდა), ან ეს იყო რუსეთის პოლიციის მიერ მოწყობილი, ქართული ნაციონალიზმის გასანეიტრალებლად.
ილია ჭავჭავაძე საბჭოთა საქართველოში მოგვიანებით იქნა აღიარებული. პოეტს თავდაპირველად კომისრები დამაცირებლად „თავადს“ და „ნაციონალისტს“ უწოდებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც 1937 წელს ილია ჭავჭავაძის დაბადების ასი წლის იუბილე აღნიშნეს, იოსებ სტალინის ნებით, ქართველი პოეტისა და პროზაიკოსის სოციალ-კრიტიკული ნაწარმოებები რევოლუციური სოციალიზმის კუთხით იქნა განხილული. სხვათა შორის, საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინი პირადად იცნობდა ილია ჭავჭავაძეს - სწორედ მან შეუწყო ხელი მომავალი დიქტატორის პოეტურ დებიუტს... ილიას გაზეთ „ივერიაში“ სოსელოს ფსევდონიმით დაბეჭდილ ლექსებში ავტორის სამხრეთული კოლორიტი იყო წარმოსახული. მისი ლექსების გამოქვეყნებით ილია ჭავჭავაძემ თავისი ღია დამოკიდებულება მოახდინა ყველა ქართული პოლიტიკური მიმდინარეობისადმი. საბოლოო ჯამში, ილია ჭავჭავაძე 1987 წელს ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა „ილია მართალის“ სახელით.
იოსებ სტალინი ქართული რომანტიზმისა და რუსული იმპერიული კულტურის ნაყოფი იყო. იგი თავის ადრინდელ ლირიკაში ცდილობდა ეროვნული მოძრაობა გაეღვიძებინა. მოგვიანებით, ფესვდონიმი „კობა“ სტალინმა ქართული სათავგადასავალო რომანის გმირის სახელისაგან აიღო. სემინარიაში მისი სწავლის წლები რუსეთ-საქართველოს ტრადიციული ეროვნული კონფლიქტის ფონზე ხდებოდა. პედაგოგები, როგორც წესი, რუსი შოვინისტები იყვნენ და კოლონიური პოლიტიკის გამტარებლად გამოდიოდნენ. 1886 წელს სოციალური აფეთქება მოხდა: სემინარიიდან გარიცხულმა სტუდენტმა რექტორი მოკლა, რადგან მან ქართულ ენას „ძაღლების ენა“ უწოდა. სემინარიის რექტორის დაკრძალვისას რუსმა ეგზარქოსმა პავლემ ქართველი ერი დაწყევლა და ანათემას გადასცა. თავის მხრივ, თბილისის ქალაქის თავმა და თავადაზნაურობის ხელმძღვანელმა დიმიტრი ყიფიანმა ეგზარქოს პავლეს საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ეს ნაბიჯი ყიფიანს ძვირად დაუჯდა: იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ ქართველი თავადი პეტერბურგში გამოიძახა, გზაში კი ვერაგულად მოკლეს საიდუმლო პოლიციის დავალებით. დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვა თბილისში უდიდეს მანიფესტაციად გადაიქცა. 2007 წელს იგი წმინდანად იქნა შერაცხული.
იოსებ სტალინს კარგად ესმოდა მოვლენების პოლიტიკური მნიშვნელობა. იგი რელიგიაში საზოგადოების გაერთიანების მეთოდს ხედავდა ეროვნული მობილიზებისათვის და მიაჩნდა, რომ აუცილებელი იყო ტერორისტული ზემოქმედება ხელისუფლებაზე. მან ეს ჩანაფიქრი აქტიურად გამოიყენა 1917 წლამდე ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
1921 წელს წითელი არმია მენშევიკურ საქართველოს რესპუბლიკაში შეიჭრა და იქ ბოლშევიკური მარიონეტული რეჟიმი დაამყარა, რაც 1920 წლის მაისში რუსეთ-საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულების უხეშ დარღვევას წარმოადგენდა. იოსებ სტალინი, რომელიც იმ ხანებში ეროვნებათა საქმეების კომისარი იყო, მიიჩნევდა, რომ „კულტურა თავისი ფორმით ეროვნული უნდა იყოს და შინაარსით - სოციალისტური“. თუმცა მალე გაირკვა, რომ იგი უპირატესობას რუსულ კულტურას აძლევდა. ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსათვის: 1922 წელს იოსებ სტალინმა, ვლადიმერ ლენინის შედარებით ლიალური გეგმის საწინააღმდეგოდ, თანამემამულეებს დააძალა მათთვის არასასურველ ამიერკავკასიის ფედერაციაში გაერთიანებულიყვნენ, შემდეგ კი გაზეთმა „პრავდამ“ „ხალხთა მამა“ უწოდა.
1936 წლის საბჭოური კონსტიტუციით, დიდსულოვანმა ბელადმა საქართველოს მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი უბოძა. მეორე მსოფლიო ომის წლებში იოსებ სტალინმა თავის სამშობლოს კიდევ რამდენიმე პრივილეგია მისცა - საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 1811 წელს დაკარგული ავტოკეფალია აღუდგინა (მართალია, ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია ჯერ კიდევ 1917 წელს გამოაცხადა, მაგრამ რუსეთის ეკლესიამ მისი სტატუსი არ აღიარა. 1943 წელს კი ბელადმა ეს საკითხი გამოასწორა). რესპუბლიკის სტატუსის განმტკიცებით სტალინს სურდა ქართველებში გერმანოფილური ტენდენციები აღმოეფხვრა, რომელიც 1918-1919 წლებში ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ გერმანიის იმპერიის მხარდაჭერით იყო განპირობებული“-წერს ავტორი.
p.s. მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.newspress.ge