გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ყიფიანი: ჩანაწერების უმრავლესობა მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ რეპეტიციების გავლით ჩავწერეთ, მაინც გადამონტაჟებულია

10-10-2018

გთავაზობთ სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის დაკითხვის ოქმს, რომელიც მისი საქართველოს მთავარ პროკურატურაში ყოფნის დროს შედგა:

 

 

„გამომძიებლის მიერ განმემარტა საქმის არსი, რომელზეც ხორციელდება ჩემი გამოკითხვა, განმემარტა ჩემი, როგორც გამოსაკითხი პირის უფლება მოვალეობები, მათ შორის გამოკითხვის ნებაყოფლობითობის თაობაზე, რაზეც ვაცხადებ თანხმობას და საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას მივაწვდი ჩემთვის ცნობილ სრულ ინფორმაციას. განმემარტა, რომ უფლება მაქვს არ გავცე ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და ახლო ნათესავის წინააღმდეგ. გაფრთხილებული ვარ ცრუ დასმენისათვის (საქართველოს სსკ–ის 373–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის (საქართველოს სსკ–ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. ასევე განმემარტა, რომ გამოკითხვისას უფლება მაქვს საკუთარი ხარჯით ვისარგებლო ადვოკატის მომსახურეობით, გამოძიების  ამ ეტაპზე ჩემს ინტერესებს დაიცავს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე (სიითი N – 1426), რომელიც დაესწრება გამოკითხვის პროცესს. მოგახსენებთ, რომ ვარ საქართველოს მოქალაქე, სრულყოფილად ვფლობ სამართალწარმოების ენას და თარჯიმნის დახმარებას არ ვსაჭიროებ. განმემარტა გამოკითხვაზე უარის თქმის შემთხვევაში მაგისტრატ მოსამართლესთან ჩვენების მისაცემად დაბარების თაობაზე, სადაც ჩვენების მიცემა სავალდებულოა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს გამოსაკითხი პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

 

მზად ვარ თავისუფალი  თხრობის რეჟიმში მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია რაც შეეხება ჩემს ურთიერთობას ზაზა ოქუაშვილთა და ბოლო პერიოდში მედიაში გასულ სიუჟეტებს, ხოლო თუკი ეს ინფორმაცია არ იქნება სრული, მზად ვარ ვუპასუხო თქვენს ყველა შეკითხვას.

 

 2015 წლიდან მას შემდეგ რაც დავტოვე მინისტრის თანამდებობა მუშაობა დავიწყე ,,ომეგა ჯგუფში“, ჩემს უშუალო მოვალეობას წარმოადგენდა საქართველოს სახელისუფლებო ორგანოებთან, ინსტიტუტებთან კლიენტის ბიზნეს საქმიანობაში მხარდაჭერა, ჩემს პირად პასუხისმგებლობას დავალდებულებას წარმოადგენდა ჯგუფში შემავალი, ნებისმიერი კომპანიის ინტერსების დაცვა დანაკარგებისა და ხარჯების თავიდან აცილება, აღნიშნულის ხელშეკრულების ფარგლებში, მე ვახორციელებდი ჩემს საქმიანობას.

 

იმ პერიოდისათვის კომპანიის საქმიანობისას პრობლემატური იყო  უცხოური კომპანიების მხრიდან დემპინგური ფასები რაც საფრთხეს უქმნიდა თამბაქოს ადგილობრივ წარმოებას და შესაბამისად საფრთხე ექმნებოდა ომეგა ჯგუფის საქმიანობას და დასაქმებულ მუშახელს. ამ მიზნით მე დავაორგანიზე შეხვედრა იმდროინდელ ბიზნესომბუდსმენთან გიორგი გახარიასთან დ აგრეთვე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. გიორგი გახარია იმ პერიოდისათვის მუშაობდა ბიზნეს ომბუდსმენის თანამდებობაზე და მიმაჩნია, რომ იყო საკმაოდ წარმატებული თავის საქმიანობაში, მე არაერთხელ შევსწრებივარ მთავრობის სხდომებზე, როდესაც ხდებოდა გარკვეული საკითხების განხილვა, ყოველთვის იყო საუბარი, რომ გიორგი გახარია აქტიურად იყო ჩართული ყველა პრობლემატური საკითხის მოგვარებაში და ყველა შემთხვევაში იცავდა მეწარმის ინტერესებს, ამ მიზნით იგი ამყარებდა კავშირებს

ადმინისტრაციულ ორგანოებთან და ცდილობდა მეწარმის პოზიციების მაქსიმალურად დაცვას.

 

რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მასთან შეხვედრა მოხდა უშუალოდ ზაზა ოქუაშვილის თხოვნით, ეს იყო წმინდად ბიზნესის ორი წარმომადგენლის შეხვედრა. საუბარი შეეხო ზოგადად ქართულ წარმოებას და იმ პრობლემებს, რაც ქართულ თამბაქოს გააჩნდა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველასთვის ცნობილია ბატონი ბიძინას დამოკიდებულება ქვეყნის განვითარების და ქვეყანაში ქართული წარმოების მიმართ,   ზაზა ოქუაშვილი სწორედ ამ მიზნით იყო ბატონ ბიძინასთან მისული, მან გააცნო საკუთარი ხედვა ქართული თამბაქოს წარმოების განვითარების შესახებ. კერძოდ, იდეა შეეხებოდა  საქართველოს  სხვადასხვა რეგიონში ქართული თამბაქოს გაშენებას და ზოგადად ამ დარგის აღორძინებას, რაც საკმაოდ დიდ ინვესტიციას მოითხოვდა, რაზეც ბატონმა ბიძინამ აღუთქვა დახმარება. კერძოდ, განუმარტა, რომ ზაზა ოქუაშვილს შეედგინა საკუთარი გეგმა და ხედვა გაეწერა როგორ ესახებოდა ქართული თამბაქოს განვითარება, რაც თავის მხრივ შექმნიდა დამატებით სამუშაო ადგილებს და ბატონი ბიძინა გამოთქვამდა მზაობას დახმარებოდა ზაზა ოქუაშვილს. აღნიშნულ საკითხზე და საერთო ბიზნესის განვითარებაზე იყო კიდეც საუბრები და ფაქტობრივად ბატონი ბიძინა გამოთქვამდა მზაობას  დაგვხმარებოდა აღნიშნულ ბიზნესში. ამავე შეხვედრაზე განხილული იქნა ის პრობლემები, რაც ჰქონდა ქართულ წარმოებას. იგი ვერ უწევდა უცხოურს კონკურენციას, იყო დემპიგური ფასები. ასევე თუ სწორად მახსოვს საუბარი იყო რაღაც კრედიტთან დაკავშირებით. ცხადია მე მქონდა პირადი დაინტერესებაც, რადგან ამ ბიზნესის განვითარების შემთხვევაში  მე ვხდებოდი აღნიშნული ბიზნესის მოწილე, შესაბამისად ამ პროექტის განვითარებისათვის არაერთხელ შევხვდი ბატონ ბიძინას პარადად.

 

  • კითხვა: აღნიშნულ შევედრაზე საუბარი შეეხო თუ არა შპს „ოჯთ“-სთვის დავალიანების რესტრუქტურიზაციას?

 

პასუხი: აღნიშნულ  შეხვედრაზე   რესტრუქტურიზაციაზე და ფინანსთა სამინისტროსთან მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე საუბრები არ ყოფილა, ვინაიდან  შპს ,,ოჯთ“-ს საგადასახადო დავალიანება როგორც მახსოვს იყო ხუთი თუ ექვს მილიონამდე და მის გადავადებასთან დაკავშირებით ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან, რომელიც ძალიან დაგვეხმარა და ერთხელ უკვე  განგვიახლა შეჩერებული აქციზების გაცემა. ამავდროულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ არაერთხელ გადაავადა აღსრულების პროცესი და ხელს გვიწყობდა, რომ არ მომხდარიყო კომპანიის საქმიანობის შეფერხება და ხალხი უმუშევრად არ დარჩენილიყო. მე მსგავსი ხასიათის შეხვედრა დავაორგანიზე ასევე იმდროინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, რომელმაც ასევე გამოთქვა მზაობა, რომ ყველანაირად დაგვეხმარებოდა, რომ ქართული წარმოება არ შეჩერებულიყო, მოხდებოდა რესტრუქტურიზაცია, იმ პირობით, რომ ომეგა ჯგუფი დავალიანების დაფარვის პროცესს დაიწყებდა, ამავდროულად ამ შეხვედრებზე ზაზა ოქუაშვილი აღნიშნავდა, რომ მისი მხრიდან  მომდევნო წლებში მოხდებოდა წარმოების გაზრდა და პირობას დებდა, რომ დასაქმებულთა რიცხვი გასამმაგდებოდა. 

მას შემდეგ რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 11-ჯერ მოახდინა გადავადება და თანხა მაინც არ იქნა ომეგას  მიერ გადახდილი, ამავდროულად, ის იდეა რაზეც ზემოთ აღვნიშნე, რომ მომხდარიყო ბატონ ბიძინას მხარდაჭერით საერთო ბიზნესის წარმოება  არ განხორციელდა, მე დავტოვე ომეგა ჯგუფი და გარკვეული პერიოდი აღარ დავდიოდი ოფისში და წამოსული ვიყავი კომპანიიდან. მართალია, შრომითი ხელშეკრულება ჩვენს შორის არ გაუქმებულა, თუმცა ფაქტობრივად მე წამოსული ვიყავი სამსახურიდან.

 

მთავრობის შეცვლის შემდეგ, ამა წლის ზაფხულის დასაწყისში, მე კვლავ დამიკავშირდა ზაზა ოქუაშვილი და კვლავ მთხოვა სახელმწიფო ორგანოების წინაშე შუამდგომლობა, რომ მომხდარიყო რესტრუქტურიზაცია. ზაზა ოქუაშვილი მთხოვდა გამომეყენებინა მთელი ჩემი რესურსი და გავლენები, რათა როგორმე ოჯთ-ს პრობლემა მოგვარებულიყო. 

 

ივლისის თვეში მე მოვახერხე ახალ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის ორგანიზება, რომელიც კონფლიქტით დასრულდა და ფაქტიურად ჩაიშალა, რადგან მინისტრ მაჭავარიანს ხისტი მიდგომა ჰქონდა ერთხელ გაკეთებული რესტრუქტურიზაციის შემდგომ დაგროვილ 20 მილიონ ლარ დავალიანებაზე და ითხოვდა საერთო დავალიანებიდან, რაც ჯამში 50 მილიონს შეადგენდა, ამ 20 მილიონის მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში დაფარვას, ხოლო ოქუაშვილი ძალიან ხანგრძლივ განწილვადებას,თუ სწორად მახსოვს, თვეში ასი ათასის გადახდას. როგორც აღვნიშნე შეხვედრა ჩაიშალა და ოქუაშვილმა მითხრა, რომ ჩემს მიმართ არსებულ მსხვილ სახელფასო დავალიანებას ვერ გამისტუმრებდა, რადგან ბიზნესს კარგავდა მე მას საკითხს ვერ ვუგვარებდი. ასეც დავშორდით.რამდენიმე დღეში ოქუაშვილი კვლავ დამიკავშირდა და შეხვედრისას შემომთავაზა, რომ თუ მსურდა სახელფასო დავალიანების დაფარვა და უფრო მეტიც, საერთო ბიზნესის სანაცვლოდ მთავაზობდა მისი სიგარეტის ბიზნესის წილში უსასყიდლოდ შესვლას (საუბარი იყო ქარხნის 10 პროცენტზე), მე უნდა დავხმარებოდი მას  გარკვეული ჩანაწერების ფაბრიკაციაში. სქემა ასეთი იყო: ის მოამზადებდა გარკვეულ ტექსტებს ჩემი და მისი დიალოგების სახით, სადაც გამოიკვეთებოდა ხელისუფლების წარმომადგენელთა კორუფციული ინტერესები ომეგას ბიზნესის მიმართ. ჩვენ ამ წინასწარ გაწერილი სცენარით ვისაუბრებდით და ამ საუბრებს იგი ღიად ჩაიწერდა, მაგრამ გამოიყენებდა, როგორც ვითომ ფარულ ჩანაწერს. სქემის მიხედვით ოქუაშვილი აღნიშნულ ჩანაწერებს გამოიყენებდა უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისას, კერძოდ, მათ დაარწმუნებდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს თითქოსდა უხდიდა დიდი ოდენობით თანხას, რის გამოც ვერ ასრულებდა პარტნიორთა წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. ზაზა ოქუაშვილი ვარაუდობდა, (როგორც თავად მეუბნებოდა) უცხოელი პარტნიორები ვალდებულების შესრულების ვადას გადაუვადებდნენ.  ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოქუაშვილი ხსენებულ ჩანაწერებს გაავრცელებდა მედიასაშუალებებით, რადგან ყველა შეხვედრისას ზაზა ოქუაშვილი მარწმუნებდა, რომ მას აღნიშნული ჩანაწერი უნდა გამოეყენებინა მხოლოდ უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისას. სწორედ ამ არგუმენტით დამიყოლია და მეც, შევცდი და  დავთანხმდი. გარდა ამისა, მან მითხრა, რომ ამ საქმეში მას გვერდში ედგა ირაკლი ჩუბინიშვილი, ოღონდ არ დაუკონკრეტებია, რა ფორმით.

 

ჩანაწერების აბსოლუტური უმრავლესობა, რაც გავრცელდა მედიაში ჩემი მონაწილეობით, არის ჩემი და ზაზა ოქუაშვილის მიერ ინსცენირებული და ჩაწერილია ღიად  მის ოფისში. ზოგი ეპიზოდი ჩავწერეთ რამდენიმე დუბლად, რადგან ოქუაშვილი თვლიდა, რომ მე მაკლდა დამაჯერებლობა - ანუ მიწუნებდა არტისტიზმს, რაც მართლა არ არის ჩემი ძლიერი მხარე. იყო შემთხვევები, რომ ხისტ ფორმულირებებს ითხოვდა, რაზეც ვერ მიყოლიებდა და ვწერდით ხოლმე თავიდან.

 

მიუხედავად ამისა, ჩანაწერების ნაწილი, რაც მედიით გავრცელდა და რაც ჩვენ, მე და ოქუაშვილმა წინასწარი შეთანხმებით და რეპეტიციების გავლით ჩავწერეთ, მაინც სერიოზულად გადამონტაჟებულია.

 

რაც შეეხება უშუალოდ თანხის ბანკიდან გატანის მომენტს 2016 წლის აპრილის თვეში, აბსოლუტურად ვერ ვხვდები, რა არის ამაში ან სკანდალური ან უკანონო. ოქუაშვილმა მითხრა, რომ ოფშორულ კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხავდა ფულს და მთხოვა დავხმარებოდი ამ კომპანიის დირექტორატს, რომლესაც ისევ ომეგელები წარმოადგენდნენ, ფულის სწრაფ გაქეშებაში. ეს ჩემი მოვალეობა იყო და არაფერი ექსტრაორდინარული ამ დავალებაში არ იყო. ზოგადად, ოქუაშვილი იმ პერიოდში სულ ქეშით ოპერირებდა არამარტო პირადი ხარჯებისთვის, არამედ ბიზნესში. მახსოვს, მცხეთაში რაღაცას აშენებდა და ქეშით აფინანსება ხარჯების დიდ ნაწილს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ომეგას ჯგუფში შემავალი კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში შესაძლოა მომხდარიყო მისი ბიუჯეტის სასარგებლოდ წარმართვა. ამავდროულად იმ პერიოდისათვის ომეგა ჯგუფს გააჩნდა დავალიანება სს „საქართველოს ბანკი“-ს წინაშე, რომელიც ითხოვდა სესხის დაფარვას, შესაბამისად ომეგა ჯგუფში შემავალი კომპანიების ანგარიშზე თანხის გამოჩენა საფუძველს მისცემდა სს „საქართველოს ბანკს“ დაეყადაღებინა ანგარიშები.

 

მოკლედ, 2016 წლის აპრილში, ლონდონში გამგზავრებამდე, ზაზა ოქუაშვილი შემხვდა ოფისში და მითხრა, რომ მას სჭირდებოდა თანხის ე.წ. „გაქეშება“ და ვინაიდან თვითონ თბილისში არ იქნებოდა, მიმექცია ბიჭებისთვის ყურადღება, რათა პრობლემები არ შექმნოდათ. მითხრა აგრეთვე, რომ კომპანიის დირექტორებად ნიშნავდა ომეგას ჩვეულებრივ თანამშრომლებს, ხაჩიშვილს და ფანქველაშვილს.

 

2016 წლის აპრილში, თარიღები ზუსტად არ მახსოვს,  ორ ეტაპად მოხდა თანხის განაღდება, რომელიც მიიღო კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე ხაჩიშვილმა. კ.მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე სს ,,თიბისი ბანკის“ სათაო ოფისში მისულები მე ნიკოლოზ ასანიძე და გიორგი ქურდაძე, დავით ფანქველაშვილი და ალექსანდრე ხაჩიშვილი მივედით. თავიდან თიბისი ბანკის ოპერაციების მმართველი უარს აცხადებდა ამ ოდენობის თანხის ერთჯერადად გაცემაზე თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ზაზა ოქუაშვილი და ზოგადად ჩვენი ჯგუფი იყო თიბისი ბანკის კლიენტი და ბანკმა გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და სწრაფად გასცეს თანხა. გაქეშებულ თანხებთან  მე შეხება არ მქონია და ორივე შემთხვევაში ეს ფული, რამდენადაც მახსოვს, დაბრუნდა ოქუაშვილის კუთვნილ ბეემვე-ს ცენტრში. ქეშის ტრანსპორტირების ორგანიზებაც ოქუაშვილმა მოახდინა (მანქანები და ასე შემდეგ), მაგრამ იმის გამო, რომ მე ფულს არ გავყოლილვარ, გადაჭრით ვერ გეტყვით, ბეემვეში მიიტანეს მერე ეს თანხები თუ მის რომელიმე სხვა ოფისში, მაგალითად იბერიაში.

 

რაც შეეხება ჩემი და ოთარ ფარცხალაძის კონფლიქტს, მერე ამაზე მიბმულ თრილერს სარდაფთან დაკავშირებით, ეს სრული სისულელეა, ოთართან ნორმალური ურთიერთობა  მაქვს და არანაირი კონფლიქტი, მითუმეტეს სერიოზული, არასდროს მქონია მასთან. ეს არის მთელი ის ინფორმაცია რაც ვიცი საქმესთან დაკავშირებით, ახლა კი მზად ვარ ვუპასუხო თქვენს ყველა შეკითხვას პასუხი.

 

  • კითხვა: 2018 წლის 06 ოქტომბერს შაბათ დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემა „შაბათის კურიერში“ გავიდა კიდევ ერთი აუდიო ჩანაწერი, სადაც საუბრობთ სავარაუდოდ თქვენ და ზაზა ოქუაშვილი, თუ ნახეთ აღნიშნული სიუჟეტი და დადებით შემთხვევაში რამდენად რეალურია სიუჟეტში გასული ინფორმაცია?

 

პასუხი: მოგახსენებთ, რომ მე ვნახე აღნიშნული სიუჟეტი და  ეს ჩანაწერი არის ინსცენირება, რომელიც დადგმულია ზაზა ოქუაშვილის მიერ, ინტონაციის და ლექსიკის დონეზე არის სრულად დადგმული ზაზას მიერ, თუმცა როგორც წინა შემთხვევებში ამ ჩანაწერშიც შეინიშნება მონტაჟის კვალი, შესაბამისად ჩანაწერის ავთენტურობას არც ამ შემთხვევაში არ ვადასტურებ.

 

  • კითხვა: აღნიშნავთ, რომ არის ინსცენირება და ასევე აღნიშნავთ, რომ არის მონტაჟი, მაშინ რატომ დასჭირდა ზაზა ოქუაშვილს ჩანაწერების მონტაჟი, თუკი საუბარი წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით იწარმოებოდა?

 

პასუხი: როგორც აღვნიშნზე ზაზა ოქუაშვილი ითხოვდა ხისტ ფორმულირებებს და გვარების ხშირად ხსენებას და ყველა სიტუაციაში, ხშირად კონტექსტიდან ამოგლეჯილად ახსენებდა სხვადსხვა გვარს და ითხოვდა ისინი მეც მეხსენებინა, რასაც მე ზედმიწევნით არ ვიმეორებდი, რადგნ არ ვთვლიდი, რომ უცხოელი პარტნიორებისათვის გვარები დიდად ცნობილი იქნებოდა და ვთვლიდი, რომ უფრო დამაჯერებელი იქნებოდა თუკი აქცენტი ფაქტებზე გაკეთდებოდა და თუნდაც გვარის ერთხელ ხსენება საკმარისი იყო, რაზეც ზაზა არ მეთანხმებოდა და ზოგი ეპიზოდი ჩავწერეთ რამდენიმე დუბლად, რადგან ოქუაშვილი თვლიდა, რომ მე მაკლდა დამაჯერებლობა და კიდევ ვიმეორებ მიწუნებდა არტისტიზმს. შესაბამისად, ვთვლი, რომ ჩვენი ჩანაწერები მას მაინც არ მოეწონა და მონტაჟის გზით კიდევ უფრო გაამძაფრა მისი შინაარსი. ახლა კი ვხვდები თუ რატომ ითხოვდა მეტ ხისტ ფორმულირებას და გვარების დასახელებას, რადგან მას თავიდანვე ჰქონდა გათვლა, რომ უნდა მომხდარიყო მედიაში მისი ტირაჟირება და ქართველი მაყურებლისათვის გაცილებით სკანდალურია ხშირად გვარების ხსენება და ფაქტების სიმძაფრე, სწორედ ამიტომ მოახდინა ზაზამ ინსცენირებული ჩანაწერების კიდევ დამატებითი მონტაჟი. ჩანაწერების დამზადების დროს რომ მოეთხოვა კიდევ უფრო გამძაფრება სიტუაციის ეს ჩემში ეჭვებს აღძრავდა,რასაც ვფიქრობ იმდროს მოერიდა და მონტაჟის გზით დაამზადა მისთვის სასურველი ჩანაწერები.

 

  • კითხვა: მედიაში გავრცელდა ჩანაწერები სადაც სავარაუდოდ საუბრობენ ზაზა ოქუაშვილი, ირაკლი ჩუბინიშვილი, ალექსი ანდრიაძე, ივანე ჩხარტიშვილი ხომ არ იცით რა ურთიერთობა ჰქონდა აღნიშნულ პირებს ერთმანეთთან და რამდენად რეალურია ჩანაწერში აღწერილი გარემოებები?

 

პასუხი: ჩემთვის უცნობია რამდენად რეალურია ჩანაწერში ნათქვამი ფაქტები, თუმცა ზაზას ჩემთვის აქვს ნათქვამი, რომ ირაკლი ჩუბინიშვილიც ეხმარებოდა მას ინსცენირებაში, თუმცა რა სახით აღნიშნული ჩემთვის არ დაუკონკრეტებია და არც მე ჩავძიებივარ. რაც შეეხება უშუალოდ მათ ურთიერთობას როგორც ზემოთ მოგახსენეთ არსებობდა ქართული თამბაქოს აღორძინების  იდეა, რომლის ფარგლებში ვანო ჩხარტიშვილიც უნდა შემოსულიყო პარტნიორად. კერძოდ, ბიზნეის იდეა ქართული თამბაქოს გაშენებასა და შემდგომ თუთუნის წარმოებაში მდგომარეობდა. იმ პერიოდისათვის კომპანიები, რომლებიც ოპერირებდნენ ქართული თამბაქოს წარმოების ბიზნესში ახდენდნენ შედარებით დაბალი ხარისხის თამბაქოს წარმოებას, რომელიც გათვლილი იყო საქართველოში მცხოვრებ დაბალბიუჯეტიან ფენაზე.  ბიზნეს იდეის არსი კი მდგომარეობდა შემდეგში, საკმაოდ დიდ ფართობზე  უნდა მომხდარიყო თამბაქოს პლანტაციების გაშენება, რომლისგანაც უნდა  გვეწარმოებინა, ქართული თუთუნის ბაზაზე წარმოებული მაღალი ხარისხის სიგარეტი და სიგარები, რომელიც გავიდოდა  ექსპორტზე. ეს იყო საკმაოდ ძვირიანი პროექტი, ჯდებოდა დაახლოებით  20 000 000 აშშ დოლარამდე, რის გამოც გადავწყვიტეთ დახმარება გვეთხოვა ბატონი ბიძინა ივანიშვილისათვის, რომელსაც მოვუყევი ამ ბიზნეს იდეის შესახებ, რომელიც მოიწონა და აღმითქვა დახმარება. თუმცა ვინაიდან ბიზნესი ეხებოდა ქართული წარმოების განვითარებას და უკვე ამ სფეროში, კერძოდ, ქართული თამბაქოს სფეროში ოპერირებდა ზაზა ოქუაშვილი და ივანე ჩხარტიშვილი, ბატონი ბიძინას თქმით, პროექტს პერსპექტივა ექნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი სიგარეტის მწარმოებელი ორივე კომპანია ჩაერთვებოდა ამ ბიზნესში.  პროექტის მიხედვით ვანო და ზაზა ბიზნესში შემოდიოდნენ 20-20%-ით და მათი ინვესტიცია  უნდა ყოფილიყო 2-2 მილიონ აშშ დოლარამდე, ხოლო დანარჩენ თანხას მთლიანად აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი.  

 

ამ საკითხეზე მე და ზაზა მეორედაც შევხდით ბატონ ბიძინას,  რა დროსაც ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ მას მოეწონა  იდეა და გამოთქვა მზაობა, რომ საკუთარი ფონდიდან დააფინანსებდა ამ პროექტს.

  • კითხვა: რა ფონდზე იყო საუბარი, საქველმოქმედო ფონდიდან უნდა მომხდარიყო დაფინანსება?

პასუხი: არა, დაფინანსება მოხდებოდა  ფონდიდან, რომელსაც განაგებს  გიორგი ბაჩიაშვილი;

 

  • კითხვა: ანუ რომ დავაზუსტოთ სულ რამდენი შეხვედრა იყო ზაზა ოქუაშვილის და ბიძინა ივანიშვილს შორის ?

 

პასუხი: სულ გაიმართა ორი შეხვედრა პირველი შეხვედრა რომელიც შედგა გიორგი გახარიას, ბიძინა ივანიშვილის, ზაზა ოქუაშვილის და ჩემი მონაწილეობით  ხოლო მეორე შეხვედრას უკვე გიორგი გახარია აღარ დასწრებია. როგორც აღვნიშნე შეხვედრები ეხებოდა ქართული მეთამბაქოების და სიგარეტის წარმოების განვითარებას.

 

  • კითხვა: თქვენ თუ განახორციელეთ რაიმე სამუშაო აღნიშნული ბიზნესის ასაწყობად?

 

პასუხი: მე დავიწყე მიწის ნაკვეთების მოძიება ლაგოდეხში და აჭარის რეგიონში, სადაც შესაძლოა მოგვეხდინა თამბაქოს წარმოების აღორძინება;

 

  • კითხვა: 2016 წლის 21-22 აპრილს თიბისი ბანკიდან გატანილი თანხა ხომ არ იყო საერთო ბიზნესის ასაწყობად საჭირო თანხა?

პასუხი: როგორც აღვნიშნე ზაზა ოქუაშვილი საკმაოდ ხშირად ახდენდა მსგავსი მეთოდით თანხის განაღდებას და ფაქტობრივად ოპერირებდა „ქეში ფულით“, შესაბამისად ეს შემთხვევაც იყო ერთ-ერთი რიგითი შემთხვევა. მე, რათქმაუნდა, არ გამოვრიცხავდი, რომ ნაწილი თანხისა მოხმარებოდა საერთო ბიზნესს, თუმცა რაიმე წინასწარი დაპირება არ ყოფილა. იყო მხოლოდ საუბრები ზაზას მხრიდან, რომ თანხას მალე ჩარიცხავდა, თუმცა ის რომ შპს „ოლიმპუსის“ ანგარიშზე ჩარიცხული თანხა ჩვენს ბიზნესს უნდა მოხმარებოდა მსგავსი საუბარი არ ყოფილა. აღნიშნული თანხა სრულად მოხმარდა ზაზას პირადი ბიზნესის განვითარებას ე.წ. „შოურუმების“ მშენებლობას და ქ.მცხეთაში სასტუმროს მშენებლობას.

 

  • კითხვა: აღნიშნული პასუხიდან გამომდინარე კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, კონკრეტულად რა მიზნით  და ვისი დავალებით გაჰყევით ასანიძეს, ქურდაძეს, ხაჩიშვილს და ფანქველაშვილს 2016 წლის 21-22 აპრილს თი ბი სი ბანკში?

 

პასუხი: ზაზა ოქუაშვილი 2016 წლის აპრილის შუა რიცხვებიდან იმყოფებოდა ლონდონში. წასვლამდე მან მთხოვა დავხმარებოდი ბიჭებს (ომეგას თანამშრომლებს) კომპანიის მართვაში, სახელმწიფო და საბანკო სექტორთან ურთიერთობაში, რათა წარმოების ნორმალურ ფუნქციონირებას ხელი არ შეშლოდა. იმ პერიოდისათვის ზაზას სურვილი იყო მოეხდინა ინვესტირება ომეგა მოტორსის საქმიანობის სფეროში. ამ მიზნით  მიმდინარეობდა „მაზერატის შოურუმის“ რემონტი, რომ მომხდარიყო ავტომანქანების ბიზნესის კიდევ უფრო განვითარება. სწორედ ამ საქმიანობისათვის თვალის დევნება მთხოვა ზაზამ, მანვე მითხრა, რომ ინვესტირებისათვის მოახდენდა თანხის ჩარიცხვას და ვინაიდან საკმაოდ დიდი თანხა იყო მთხოვა გავყოლოდი ბიჭებს (ქურდაძეს, ასანიძეს), რომ ბანკში რაიმე პრობლემა არ შექმნოდათ;

 

  • კითხვა: ბანკში ყოფნისას ვისთან გქონდათ სატელეფონო კომუნიკაცია? ხომ არ გისაუბრიათ მაღალი თანამდებობის პირებთან?

 

პასუხი: ბანკში ყოფნისას მე მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელეებთან რაიმე სახის კომუნიკაცია არ მქონია. მედიაში გასულ ინფორმაციას, რომ მე საუბრები თითქოს მქონდა  გიორგი გახარიასთან არ ვადასატურებ; რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, როგორც აღვნიშნე, მე საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს ოთართან და იმ დღესაც ბანკში მისვლამდე და ბანკში ყოფნის პერიოდში, არაერთი საუბარი მქონდა მასთან. ვინაიდან ვიცოდი, რომ ოთარი იყო ბიზნესით დაკავებული და საბანკო სექტორში ჰყავდა ბევრი ნაცნობი, მას ვთხოვდი რომ დაგვხმარებოდა სს „თიბისი ბანკი“-დან თანხის გამოტანაში. დახმარება შეიძლება დაგვჭირვებოდა იმ ფაქტის გამო, რომ საკმაოდ გვიან დაახლოებით 17:30 საათისთვის მოგვიწია ბანკში მისვლა და შესაძლოა ბანკს საუშაო საათებში ვერ მოგვესწრო თანხის განაღდება და სწორედ ამ საკითხში მინდოდა ოთარის დახმარება. ოთარი დაინტერესდა რომელ ფილიალში ვიმყოფებოდი, რა ოდენობის თანხაზე იყო საუბარი, ფიზიკური პირის თუ კომპანიის ანგარიშზე იყო თანხა ჩარიცხული, ამ მიზნით ჩვენს შორის შედგა რამოდენიმე სატელეფონო საუბარი, თუმცა ბოლოს თიბისი ბანკის მხრიდან არ შეიქმნა არანაირი პრობლემა და შესაბამისად ოთარის დახმარება არ გახდა საჭირო, რის შესახებაც შევატყობინე კიდეც მას. შესაბამისად არც  ოთარ ფარცხალაძე და არც სხვა რომელიმე ამ თანხის განაღდებაში არ დაგვხმარებია, რადგან როგორც აღვნიშნე დახმარება არც იყო საჭირო, ბანკმა გამოთქვა მზაობა, რომ მოეხდინა ანგარიშზე არსებული თანხის გაცემა ჩვენთვის;

 

შენიშვნა: 2018 წლის 09 ოქტომბერს 21:55 სთ-ზე გამოსაკითხ პირს ლევან ყიფიანს და მის ადვოკატს შალვა ხაჭაპურიძეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ ღამის საათების დადგომასთან დაკავშირებით მიეცათ წინადადება გამოკითხვის შეწყვეტის და მომდევნო დღეს გაგრძელების  თაობაზე, რაზეც გამოსაკითხმა პირმა ლევან ყიფიანმა განაცხადა უარი და განმარტა, რომ მიუხედავად ღამის საათების დადგომისა სურს გაგრძელდეს მისი გამოკითხვა.


კითხვა: თუ იცით როგორ და რა ფორმით მოხდა სოლიდური თანხის მობილიზება? ხომ არ ყოფილა თანხის გატანის ორგანიზებაში ჩართული მესამე პირი სახელისუფლებო ორგანოდან?

 

პასუხი: თანხა ანგარიშზე იქნა მობილიზებული უშუალოდ ზაზა ოქუაშვილის მიერ, რა თანხა იყო და რომელი ბიზნესიდან მიღებული იყო ეს თანხა ჩემთვის უცნობია, რაც შეეხება თანხის გატანას, როგორც მოგახსენეთ, ბანკმა უზრუნველყო ჩვენთვის თანხის გადმოცემა და ამ პროცესში სხვას არავის, გარდა კომპანიის დირექტორებისა: ხაჩიშვილის და ფანქველაშვილისა, მონაწილეობა არ მიუღია. არავის მხარდაჭერა ამ საკითხში არ გვჭირდებოდა, რადგან კომპანიის ანგარიშზე იყო თანხა ჩარიცხული და ამ კომპანიის დირექტორები იყვნენ მისულები თანხის წასაღებად. შესაბამისად, თანხის არგაცემის სამართლებრივი საფუძველი ბანკს არ გააჩნდა;

 

  • კითხვა: ბანკში ყოფნისას ხომ არ გინახავთ ბუცხრიკიძე ან/და ხაზარაძე, ან ხომ არ იცით ომეგა ჯგუფის წარმომადგენლებს ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია დასახელებულ პირებთან?

პასუხი: არც ბანკში ყოფნისას და არც მანამდე მე დასახელებულ პირებთან რაიმე სახის კომუნიკაცია თანხის გატანასთან დაკავშირებით არ მქონია.  ომეგას წარმომადგენლებს, როგორც ვიცი, არ ჰქონიათ კომუნიკაცია, რადგან ის პირები ვინც ბანკში ვიყავით, როგორც ვიცი, ხაზარაძეს და ბუცხრიკიძეს  არ იცნობენ.

 

  • კითხვა: გთხოვთ, გაიხსენოთ თანხის გატანის პერიოდი და თუ იცნობთ იმ პირებს და ან თუ გახსოვთ  იქ იმყოფი პირების აღწერილობა ვინც წაიღო ფული?

პასუხი: როგორც მოგახსენეთ, 21 აპრილს ჩვენ ბანკში მივედით 17:30 საათისთვის და ბანკი დავტოვეთ დაახლოებით 20:00 საათისთვის, ხოლო მეორე დღეს, 22 აპრილს შუადღისით, ალბათ 12-13 საათისთვის. მე ნამდვილად არ მახსოვს იმ პირის აღწერილობა ვინც წაიღო თანხა, რადგან ვიცოდი, რომ აღნიშნული პირები იყვნენ ზაზას მიერ გამოგზავნილი ხალხი და ზაზას მითითებისამებრ უნდა წაეღოთ თანხა. შესაბამისად, საჭიროება, რომ მე გამეცნოს ეს ხალხი ან/და დამემახსოვრებინა ისინი არ ყოფილა და მათთან მე არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. ვნახე მედიაში გავრცელებული ფოტო, თუმცა ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ მანქანასთან მდგომი პირი ნადვილად იმყოფებოდა თუ არა 21-22 აპრილს ბანკთან და უშუალოდ მან წაღო თუ არა თანხა;

 

  • კითხვა: ომეგა ჯგუფის წინაშე არსებული დავალიანებასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად ან/და კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად  თუ გქონიათ სატელეფონო  ან პირადი კომუნიკაცია ოთარ ფარცხალაძესთან?

 

პასუხი: მე არცერთ დასახელებულ საკითხზე რაიმე სახის კომუნიკაცია ოთარ ფარცხალაძესთან არ მქონია და ვერც ვხვდები არსს, რომ მას დავკონტაქტებოდი, რადგან ოთარს ჰქონდა საკუთარი ბიზნესი, სამი წლის წამოსული იყო საჯარო სამსახურიდან და შესაბამისად, მას არანაირი ბერკეტი რომელიმე დასახელებული საკითხის მოსაგვარებლად არ გააჩნდა;

 

  • კითხვა: კონკრეტულად რომ მიუთითოთ ჩანაწერების ინსცენირების დეტალები. რა ფორმით ხდებოდა ჩაწერა?

 

პასუხი: ჩაწერა ძირითადად ხდებოდა ზაზა ოქუაშვილის ოფისში, სადაც ზაზას თავად ჰქონდა ჩამწერი მოწყობილობა, თუმცა როგორი სახის და რა ფირმის მე არ ვიცი, ხოლო შემდეგ ზაზა ახდენდ ჩვენს მიერ ჩაწერილი საუბრების  გადატანას კომპიუტერში, სადაც ვუსმენდით ჩანაწერებს და თუკი საუბრები ზაზას არ მოეწონებოდა ვახდენდით განმეორებით ჩაწერას და როგორც აღვნიშნე, იყო შემთხვევა, რომ რამოდენიმე დუბლიც კი ჩავწერეთ;

 

  • კითხვა: მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებში ჩანს, რომ  სხვა პირებიც მონაწილეობენ საუბრებში და მსჯელობა მიდის სხვადასხვა საკითხებზე, აღნიშნული პირები არიან თუ არა ინფორმირებული თქვენი და ზაზა ოქუაშვილის შეთანხმების შესახებ საუბრების ინსცენირებასთან დაკავშირებით და ისინიც თუ მონაწილეობენ მასში?

 

პასუხი: მე უშუალოდ  ზაზას და ჩანაწერის სავარაუდო მონაწილეებს დათო თოლორდავას, ირაკლი ჩუბინიშვილს, ალექსი ანდრიაძეს  შორის მოლაპარაკებებს არ შევსწრებივარ, თუმცა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ზაზამ რამოდენიმეჯერ მასაუბრა დათო თოლორდავასთან და მალაპარაკა წინასწარ დამუშავუბული და ინსცენირებული ტექსტებით, ვფიქრობ, რომ ისინიც საქმის კურსში უნდა იყვნენ, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ზაზა ოქუაშვილმა ერთ-ერთი საუბრისას მითხრა, რომ მას ირაკლი ჩუბინიშვილიც ეხმარებოდა.

 

  • კითხვა: მოწმეთა განმარტებით, 2016 წელს  თქვენ ოფისში მისვლისას განაცხადეთ, რომ ოთარ ფარცხალაძე მისივე ოფისის სარდაფში ფიზიკურად გაგისწორდათ და გემუქრებოდათ გაუპატიურებით, ასევე თქვენ სახეზე თითქოსდა გეტყობოდათ ფიზიკური ძალადობის კვალი, რამდენად შეესაბამება აღნიშნული რეალობას და თუ მიმართეთ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებას?

 

პასუხი: აღნიშნული არანაირად არ შეესაბამება რეალობას, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად მე მსგავსი საუბრები არავისთან არ მქონია. ოთარ ფარცხალაძესთან მაქვს საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა და მე მასთან არანაირი სახის კონფლიქტი არ მქონია. ჩანაწერი, სადაც მე ვსაუბრობ ავარიაზე, ხოლო ზაზა ოქუაშვილი აკონკრეტებს და საუბრობს ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, როგორც აღვნიშნე არის ინსცენირება და დადგმულია ზაზა ოქუაშვილის ინიციატივით. მისი თქმით, უცხოელი პარტნიორებისათვის გაცილებით დამაჯერებელი იქნებოდა თუკი ჩანაწერში ვისაუბრებდით ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და შეურაცხყოფაზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არანაირ კონფლიქტს, ჩემს მიმართ განხორციელებულ ძალადობას/მუქარას ოთარ ფარცხალაძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია, არც მისი ოფისის სარდაფში არ ვარ ნამყოფი და ისიც არ ვიცი აქვს თუ არა საერთოდ სარდაფი. შესაბამისად არანაირი სამედიცინო დაწესებულებისათვის მე არ მიმიმართავს;

 

  • კითხვა: თუ არის ცნობილი კონკრეტულად რომელი პირებისთვის უნდა წარედგინა ზაზა ოქუაშვილს თქვენს მიერ დამზადებული ჩანაწერები და თუ ფლობთ ინფორმაციას წარუდგინა თუ არა მათ აღნიშნული?

 

პასუხი: ზაზა ოქუაშვილს არ დაუკონკრეტებია იმ პირთა წრე სახელდებით ვისთვისაც იყო ინსცენილირებული ჩანაწერები განკუთვნილი, მან მხოლოდ აღნიშნა, რომ უცხოელი პარტნიორებისათვის ესაჭიროებოდა, რათა გადაევადებინა მათგან ვალდებულების მოთხოვნის პროცესი. ჩანაწერების დამზადების არსი იყო ის, რომ უცხოელი პარტნიორები დარწმუნებულიყვნენ, თითქოს ზაზა ოქუაშვილის ბიზნესი განიცდიდა ზეწოლას სახელმწიფო სტრუქტური წარმომადგენელთა მხრიდან და საკუთარი ბიზნესის დასაცავად იგი საკმაოდ დიდი ოდენობის თანხას უხდიდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რის გამოც ვერ ასრულებდა მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. თუმცა ჩემთვის უცნობია რეალურად გააჩნდა თუ არა რაიმე ვალდებულება უცხოელ პარტნიორებთან.

 

  • კითხვა: ფულის გატანა მოხდა ორ ეტაპად. პირველ ჯერზე თქვენ იმყოფებოდით ბანკში ოქუაშვილის დავალებით. მეორე დღეს თქვენ იქ ყოფნის მიზეზი რა იყო? თანხა თქვენ არ გეკუთვნოდათ, არ იცოდით სად მიდიოდა, რა მიზნით გადიოდა. რისთვის იმყოფებოდით?

 

პასუხი: ვასრულებდი ზაზას თხოვნას და ვეხმარებოდი კომპანიის დირექტორებს. მსურდა დავრწმუნებულიყავი, რომ რაიმე პრობლემა არ შეიქმნებოდა თანხის განაღდების დროს;

 

  • კითხვა: თანხის პირველად გატანისას ხომ არ მოგისმენიათ ბანკის თანამშრომლების მხრიდან უარი ან ხომ არ დაუსახელებიათ რაიმე ბარიერი, რის გამოც თანხას არ გაგატანდნენ?

 

პასუხი: ბანკის წარმომადგენელთა მხრიდან უარი არ თქმულა, მათ უბრალოდ ითხოვეს დროს, რომ ენახათ სალაროში გააჩნდათ თუ არა 1 800 000 აშშ დოლარის ნაღდი ფული. აღმოჩნდა, რომ პირველ დღეს შეეძლოთ მხოლოდ 1 მილიონის გადმოცემა, ხოლო მეორე დღეს დარჩენილი ნაწილის, რაზეც ჩვენ განვუცხადეთ თანხმობა. სხვა რაიმე პრობლემა ბანკის მხრიდან არ დამდგარა დღის წესრიგში;“

 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2018    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031