11-10-2018
„იმ დროს, როცა რუსეთი ნავთობდოლარებით გაძლიერებულ კუნთებს ათამაშებს, ამერიკის შეერთებული შტატები ყოფილ საბჭოთა სივრცეში გავლენას კარგავს. ვაშინგტონის უყურადღებობის გამო პოსტსაბჭოთა, ევროპის, აზიის და ლათინური ამერიკის დედაქალაქები სულ უფრო მეტად იხრებიან კრემლისაკენ და მისგან დახმარებას ელოდებიან. დასავლეთ ევროპა ნებაყოფლობით შედის რუსეთის მონობაში, როცა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მეორე რიგის მშენებლობას თანხმდება: მისი მწყობრში ჩადგომა იმას ნიშნავს, რომ ევროპა თავის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას „გაზპრომს“ - რუსულ დათვს აბარებს, რომელიც ბდღვნის უკრაინას, თავის სამხრეთელ მეტოქეს“, - ნათქვამია ამერიკული გამოცემის, «The Hill»-ის მიერ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ „ატალანტიკური საბჭოს“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, ჯეიმს კოილის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
რუსეთის მიერ სირიაში მოპოვებული შედეგების კვალობაზე თურქეთმა მოსკოვთან ახალი საზენიტოო-სარაკეტო კომპლექს С-400-ის შეძენის კონტრაქტი გააფორმა. ინდოეთიც ისევ რუსულ იარაღს უბრუნდება - პრემიერ-მინისტრმა ნარენდა მოლიმ, აშშ-ის სანქციების მიუხედავად, კრემლთან ხუთ მილიარდიანი გარიგება განახორციელა.
აზერბაიჯანს, რომელიც სომხეთს 1994 წლიდან უპირისპირდება მთიანი ყარაბაღის გამო (ამ ტერიტორიას მსოფლიო აზერბაიჯანის შემადგენლობაში მიიჩნევს), 1990-იანი წლების ბოლოს იმედი გაუჩნდა, რომ აშშ ამ კონფლიქტის მოგვარებაში აქტიურად ჩაერეოდა და სიტუაციაზე გავლენას მოახდენდა. აზერბაიჯანმა დასავლეთის კომპანიებთან ხელი მოაწერა „საუკუნის კონტრაქტს“, რომელიც კასპიის ზღვიდან ნავთობისა და გაზის ევროპაში მილსადენებით გატანას უზრუნველყოფს, რუსეთის გვერდის ავლით, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგაც, 2008 წლის აგვისტოში ვაშინგტონმა ჯეროვანი პასუხი ვერ გასცა რუსეთის შეჭრას საქართველოში. თავის მხრივ, აზერბაიჯანმა იარაღის შესაძენად მზერა კვლავ მოსკოვს მიაპყრო და როგორც ამბობენ, ექვსი მილიარდი დოლარის შეიარაღებას ყიდულობს.
სომხეთი უკვე დიდი ხანია კრემლს ჰყავს დამონებული. ერევანი აცხადებს, რომ ის დამოუკიდებელ, მიუმხრობელ პოლიტიკას ატარებს, მაგრამ „ფაქტები ჯიუტია“: სომხეთის ეკონომიკაში საკვანძო პოზიციები რუსულ კომპანიებს უჭირავთ, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხურ საზოგადოებაში არავის ეჭვი არ ეპარება მოსკოვისა და ერევნის სტრატეგიულ ურთიერთობაში (არადა, არსებობდა იმედი, რომ ახალი ხელისუფლება დასავლეთისაკენ შებრუნდებოდა).
საქართველო რუსული სამხედრო ჩარევის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისიდან იბრძვის. რუსეთის ჯარი სეპარატისტულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანკლავებს აკონტროლებს (ამ ორივე რეგიონს მსოფლიო საქართველოს შემადგენლობაში მიიჩნევს), რის შედეგად თბილისი „ადმინისტრაციული საზღვრების დემარკაციის“, ანუ ე.წ. „ბორდერიზაციის“ (borderization) ფენომენის წინაშე დგას. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „სასაზღვრო“ ნიშნებს სულ უფრო წინ სწევს, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში. ჯერ კიდევ 2015 წელს სტრატეგიული ნავთობსადენი „ბაქო-სუფსა“ მთლიანად საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადიოდა, ახლა კი იმ მიწებზე პრეტენზიას სამხრეთ ოსეთი აცხადებს.
პრობლემების მიუხედავად, რუსეთი და საქართველო რეგულარულად ატარებდნენ მოლაპარაკებებს, რის შედეგადაც ეკონომიკური ურთიერთობები აქტიურად ვითარდება, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში (უვიზო რეჟიმის წყალობით). დიდი ბრიტანეთის ჟურნალის „ეკონომისტის” (The Economist) მონაცემებით, საქართველოს ქალაქებში და განსაკუთრებით თბილისში ხშირად ნახავთ, რომ აბრებზე წარწერები არა იმდენად ქართულ და ინგლისურ, არამედ რუსულ ენაზე უფრო მეტია.
პოსტსაბჭოურ პერიოდში მომხდარი რუსული ჩარევის ერთ-ერთ ადრეულ მაგალითს მოლდოვას რესპუბლიკა წარმოადგენს, სადაც რუსი სამხედროები დნესტრისპირეთის მხარეზე იბრძოდნენ. კიშინიოვიც ნაბიჯებს მოსკოვის მიმართულებით დგამს, პრეზიდენტი იგორ დოდონი რუსეთთან მჭიდრო კავშირების აუცილებლობაზე ლაპარაკობს, რუსი ტურისტები კი მოლდოვაშიც უვიზოდ ჩადიან.
მოკლედ, რუსეთის გავლენა მატულობს როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მიმართულებით, აშშ-ის გავლენის შემცირების კვალობაზე. ვაშინგტონმა აუცილებლად უნდა აღადგინოს დაკარგული პოზიციები და ეს მანამდე უნდა განხორციელდეს, სანამ რუსეთი ვაჭრობას ინგლისურ ენაზე კი არა, რუსულად დაიწყებს.