26-08-2024
თბილისში ქალთა მსოფლიო გრან პრი მიმდინარეობს. საჭადრაკო ტურნირის მეექვსე ტურის ლიდერთა შეხვედრაში საპატიო პირველი სვლა ცოტნე ივანიშვილმა გააკეთა, რასაც სოციალურ ქსელებში განხილვა მოჰყვა.
Newshub.ge ქართული ჭადრაკის ლეგენდას ნონა გაფრინდაშვილს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, რამდენად დამკვიდრებულია ტურნირების დროს მსგავსი პრაქტიკა.
როგორც ნონა გაფრინდაშვილი აღნიშნავს, საპატიო პირველი სვლის გაკეთება საჭადრაკო ტურნირებში ჩვეულებრივი ამბავია და მისთვის გაურკვეველია, რატომ მოჰყვა ამას აჟიოტაჟი.
„რა არის ამაში ცუდი? არ ვიცი, რატომ მოჰყვა აჟიოტაჟი. ეს უნდა ჰკითხოთ იმათ, ვინც აჟიოტაჟი ატეხა“, - აღნიშნავს ნონა გაფრინდაშვილი.
ცნობისთვის, ამ თემაზე განმარტება გააკეთა ჭადრაკის ფედერაციამ, რომლის Facebook პოსტიდანაც თავდაპირველად გახდა ცნობილი, რომ ქალთა მსოფლიო გრან პრიზე საპატიო პირველი სვლა ცოტნე ივანიშვილმა გააკეთა.
როგორც ჭადრაკის ფედერაციაში აღნიშნავენ, უმაღლესი კატეგორიის ტურნირებში გავრცელებული პრაქტიკაა პირველი სვლის გაკეთების ტრადიცია, ხოლო რაც შეეხება ცოტნე ივანიშვილს, ფედერაციის განცხადებით, ის წლებია ჭადრაკით არის დაკავებული და საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმის რეიტინგში 2200-მდე ქულით არის წარმოდგენილი.
„უმაღლესი კატეგორიის ტურნირებში გავრცელებული პრაქტიკაა პირველი სვლის გაკეთების ტრადიცია. ცოტნე ივანიშვილი წლების განმავლობაში ინტენსიურად მეცადინეობს ჭადრაკში საერთაშორისო დიდოსტატის დახმარებით და მისი მოქმედი რეიტინგი საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე ‘chess.com’ არის 2200-მდე“, - ნათქვამია ჭადრაკის ფედერაციის განმარტებაში.
1-11-2024
1-11-2024