გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში ახალი დიდგორი იწყება

11-10-2018

მმართველი პარტიისაგან მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო სტაბილური ქვეყანაა, მაგრამ ბევრი რამაა გასაკეთებელი, რომ კავკასიაში, ევროპაში, მსოფლიოში მან თავისი ადგილი დაიბრუნოს.

 

ეს განცახდება მან თეთრიწყაროში ამომრჩევლებთან შეხვედრისას გააკეთა.

 

„საქართველოსთვის იწყება ახალი დიდგორი. ჩვენ ამ ბრძოლის წინაშე ვდგავართ. ბევრი რამ გაკეთდა წინა წლებში, დღეს საქართველო სტაბილური ქვეყანაა, მაგრამ ბევრი რამაა გასაკეთებელი, რომ კავკასიაში, ევროპაში, მსოფლიოში ჩვენმა ქვეყანამ თავისი ადგილი დაიბრუნოს. არ უნდა დავიჯეროთ, რომ რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა და ბევრი ჩვენი მოქალაქე საზღვარგარეთაა წასული, ის ვერ მოიპოვებს თავის ადგილს მსოფლიო რუკაზე. დიდგორი პირველ რიგში, რასაც ნიშნავს, ეს არის ჩვენში გაერთიანება, რომ აღარ იყოს ამ ქვეყანაში ისეთი დაპირისპირება, რომელიც დაფუძნებულია სიძულვილზე, რევანშზე. გაუთავებელმა დაპირისპირებამ ქვეყანა შეიძლება, გახლიჩოს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც სხვადასხვა ეროვნების, კულტურის, რელიგიის მიუხედავად, ადამიანების თანაცხოვრება ისე შეძლო, რომ შიგნით დაპირისპირება არასდროს მომხდარა.

 

„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელზეც მაგალითად ისრაელში ამბობენ, რომ თუ რომელიმე ქვეყანა არის მსოფლიოში, რომელსაც არ აქვს ბოდიში მოსახდელი ისრაელისა და ებრაელების მიმართ, ეს არის საქართველო, რადგან დანაშაული ამ კუთხით მას არასდროს ჩაუდენია. ეს ძალიან დიდი იშვიათობაა მსოფლიოში, რადგან პრაქტიკულად ასეთი გამოვლინებები ყველგან იყო. ასევე, ეს არის საქართველოს ძალიან დიდი ისტორიული განძი, რომლითაც მოვდივართ. ყველა გამოვლინება, ძალადობის, სიძულვილის, დაპირისპირების არის ამ განძის მიმართ დანაშაული, საქართველოს იდენტობის მიმართ დანაშაული. დღეს ვართ ადგილზე, სადაც სხვადასხვა წარმოშობის ადამიანები ერთად ცხოვრობენ. ჩვენ ამით ტოლერანტობის და ერთმანეთის პატივისცემის გზაზე მივდივართ. ჩვენ არ უნდა დავიხიოთ უკან, არ უნდა დავუბრუნდეთ წარსულს. პირიქით, ამაზე უნდა ავაშენოთ მომავალი საქართველო. მიმაჩნია, რომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ეს ბრძოლაა არამხოლოდ კონკურენტებს შორის, არამედ ბრძოლაა დიდგორის, გადამწყვეტი ბრძოლაა, სტაბილურობისთვის, მშვიდობისთვის. ეს არჩევანი ყველას გასაკეთებელია, თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ, როგორი ქვეყანა გინდათ თქვენი შვილებისთვისა და შვილიშვილებისთვის. მე ამ სტაბილურობის გარანტი ვიქნები, თუ თქვენს ნდობას დავიმსახურებ, რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიქნებით ერთად საქართველოსთვის”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930