გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ცუცქირიძე:  წამყვანი ქართული ბანკები პოლიტიკურ და სოციალურ რისკებს რეალურად ვერ აცნობიერებენ

11-10-2018

„წამყვანი ქართული ბანკები პოლიტიკურ და სოციალურ რისკებს რეალურად ვერ აცნობიერებენ. ის ლიბერალური რეჟიმი, რაც მათ გასულ წლებში ჰქონდათ, უბრალოდ დამთავრდა“ - ასე გამოეხმაურა  ბანკების მხრიდან  ახალი  რეგულაციების გადავადების მოთხოვნას ექსპერტი საბანკო და საფინანსო საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე.


ცუცქირიძეს მსოფლიო ბანკის სტატისტიკა მოჰყავს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ჯერ კიდევ 2015 წელს 1 000 ზრდასრულ მოსახლეზე უკვე 680 მსესხებელი მოდიოდა, რომელიც მსოფლიოში სიდიდით თურქეთის შემდეგ მეორე მაჩვენებელია, თუმცა იგივე თურქეთში შინამეურნეობების ვალის შეფარდება მშპ-სთან არის მხოლოდ 18%, მაშინ როდესაც საქართველოში ანალოგიური მაჩვენებელი 34%-ია.


ექსპერტის აზრით ჭარბვალიანობის გაზრდილ რისკზე მიუთითებს საქართველოში ქონების დაკარგვის კანდიდატთა რიცხვის ზრდაც.

 

 „წლის დასაწყისიდან მხოლოდ ბოლო 4 თვის განმავლობაში გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობამ 15,6 ათასით მოიმატა. თუ 2018 წლის 21 თებერვლისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში 239 831 ჩანაწერი იყო, 2018 წლის პირველ 7 თვეში ეს რიცხვი 255 494-ს შეადგენდა. შედეგად გამოდის, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის თითქმის 7% გადახდისუუნაროა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია,“- განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.


ექსპერტს კიდევ ერთი მაჩვენებელი მოჰყავს, რომლის მიხედვით დგინდება, რომ ჩვენი მოსახლეობა საკრედიტო რესურსების მოხმარებით ევროპის წამყვანი ქვეყნების დონეზეა, მაშინ, როდესაც რეალური შემოსავლები საშუალოდ 5-ჯერ ნაკლებია.

 

„თუ 2015-2017 წლის პერიოდს მივიღებთ მხედველობაში, ეკონომიკის ზრდამ საშუალოდ 3.56% შეადგინა, ხოლო ბანკების საკრედიტო პორტფელი ამავე პერიოდში, საშუალოდ, 19.8%-ით არის გაზრდილი, ხოლო რეალური ზრდა ინფლაციის გამოკლებით 15.3%-ს შეადგენს. ანუ დაკრედიტების ტემპები ეკონომიკის რეალურ ზრდას - 5.6-ჯერ, ხოლო ინფლაციის გამოკლებითაც კი 4.3–ჯერ აღემატებოდა,”- განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

 

 

ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ რეგულაციების გადავადების მოთხოვნა ულტიმატუმის ელფერსაც ატარებს.


„რეგულაციების გადავადების მოთხოვნა და ეკონომიკაზე მისი შესაძლო ნეგატიური ეფექტით აპელირება, მით უმეტეს ისედაც დაძაბულ წინასაარჩევნო პერიოდში, თავისებური ულტიმატუმის ელფერსაც ატარებს და შესაბამისად, ბანკების მხრიდან წამგებიანი სვლა უფროა სამწუხაროდ, წამყვანი ქართული ბანკები ვერ აცნობიერებენ პოლიტიკურ და სოციალურ რისკებს რეალურად. ახალი რეგულაციები დრომ მოიტანა. ბანკებიც უნდა მიხვდნენ და გადაერთონ ახალ რეალობაზე. ის ლიბერალური რეჟიმი, რაც მათ გასულ წლებში ჰქონდათ, უბრალოდ, დამთავრდა, მსოფლიო პოლიტიკაში 2008-2010 წლების გლობალური კრიზისის შემდეგ, ჩვენთან დღეს, ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მაინც გარე სამყაროსთან ჩვენი ინტეგრაციის დონიდან და ფინანსური სექტორის წონიდან გამომდინარე,” - განაცხადა ექსპერტმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031