30-08-2024
30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაკარგულთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ თანაუგრძნო იმ მწუხარების გამო, რაც ოჯახის წევრისა და ახლობლის უგზო-უკვლოდ დაკარგვას ახლავს.
მემორიალთან, ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ფონდ "მოლოდინისა" და ოჯახური კომიტეტების წევრთა ორგანიზებით და მონაწილეობით ჩატარდა.
ღონისძიება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა გახსნა და კიდევ ერთხელ გამოხატა თანადგომა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ოჯახის წევრები უგზო-უკვლოდ ჰყავთ დაკარგული.
ღონისძიების დასასრულს, სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
მემორიალთან, ასევე, იმყოფებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე და სამსახურის წარმომადგენლები.
წელს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, ასევე, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და გორში.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დღე, 1981 წელს, კოსტა რიკაში, ლათინურ ამერიკაში დაარსდა. საქართველოში კი, ამ დღეს, ოფიციალურად, 2003 წლიდან აღნიშნავენ.
საქართველოში, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, 2049 სამხედრო და სამოქალაქო პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა; მათი ოჯახები, ახლობელი ადამიანის უცნობი ბედ-იღბლის გამო, გაურკვეველ ვითარებაში, მრავალი წლის მანძილზე იმყოფებიან. 2010 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით, ორი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, რომელთაგან ერთი_ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ხოლო მეორე - 90-იანი წლებისა და 2008 წლის ცხინვალის რეგიონში წარმოებულ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ფუნქციონირებს, 2013 წლიდან, სხვადასხვა ლოკაციაზე მოძიებულია 543 ადამიანის ნეშტი, აქედან 301 ამოცნობილია და გადაეცა ოჯახებს.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადაცემისთვის, ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი, მუშაობას, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს.
1-11-2024
1-11-2024