31-08-2024
„მყარი ჩანაწერი გაჩნდება კონსტიტუციაში, რომლითაც განისაზღვრება ახლებურად მართლმადიდებლობის სტატუსი და ეს აისახება მართლმადიდებელ ეკლესიაზე, როგორც უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტზე ჩვენი ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს, რომ მართლმადიდებლობა არის ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი.
„ჩვენ თავიდანვე დავაანონსეთ კონსულტაციები, რომელიც უკავშირდება კონსტიტუციურ ჩანაწერს, მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით და ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, ამ საკითხზე და ძალიან მყარი ჩანაწერი გაჩნდება კონსტიტუციაში, რომლითაც განისაზღვრება ახლებურად მართლმადიდებლობის სტატუსი და ეს აისახება მართლმადიდებელ ეკლესიაზე, როგორც უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტზე ჩვენი ქვეყნისთვის. კერძოდ, გაჩნდება ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს იმას, რომ, მართლმადიდებლობა, მართლმადიდებელი ქრისტიანობა არის ჩვენი სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ჩანაწერის დაზუსტება, რომელიც უკავშირდება მართლმადიდებელი ეკლესიის როლს.
„ასევე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ჩანაწერის დაზუსტება, რომელიც უკავშირდება მართლმადიდებელი ეკლესიის როლს. დღევანდელი რედაქციის თანახმად, საუბარია იმაზე, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ასრულებდა მნიშვნელოვან როლს საქართველოს ისტორიაში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ ზუსტად უნდა აისახოს ის სინამდვილე, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში, არა მარტო ისტორიაში, არამედ, ჩვენს დღევანდელობაშიც, თანამედროვეობაში მართლმადიდებელი ეკლესია ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და ის არის ჩვენი თვითმყოფადობის საყრდენი. ეს მნიშვნელოვანი შესწორება შევა საქართველოს კონსტიტუციაში და კიდევ ერთხელ, ჩვენ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს ეკლესიის და საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მღვდელმთავრებს, იმისათვის, რომ შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია და იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდა შედეგიანი დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით.
კონსულტაციების დეტალებზე მე არ ვისაუბრებ, ეს ალბათ არის უფრო მეტად თავად საპატრიარქოს პრეროგატივა. ეს ნაკლებად საინტერესოც არის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მთლიანობაში გვაქვს საერთო შეთანხმება მიღწეული, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის, რომელიც უკავშირდება შესაბამისი კონსტიტუციური შესწორების შეტანას“, - განაცხადა პრემიერმა.
1-11-2024
1-11-2024