12-10-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის მცდელობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტებზე თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: თალჰა ო. და ჰუსეინ ჩ. დააკავეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შემდგომი გასაღების მიზნით, დაამზადეს საქართველოს ბინადრობისა და მართვის ყალბი მოწმობები და თურქეთის მოქალაქეს 1600 აშშ დოლარად მიჰყიდეს.
გამოძიება თაღლითობის მცდელობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.