გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი შარაბიძე: საარჩევნო ადმინისტრაცია საქმიანობას წარმართავს კანონმდებლობის შესაბამისად და ყველა პროცესი არის ღია და საჯარო ჩართული მხარეებისთვის. მიუხედავად ამისა, ორგანიზაცია მაინც ხდება უსაფუძვლო ბრალდებების და ზეწოლის ობიექტი

9-09-2024

საარჩევნო ადმინისტრაციაში თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ზეწოლასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგი ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ჩაატარა.


როგორც გიორგი შარაბიძემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია საქმიანობას წარმართავს კანონმდებლობის შესაბამისად და ყველა პროცესი არის ღია და საჯარო ჩართული მხარეებისთვის. მიუხედავად ამისა, ორგანიზაცია მაინც ხდება უსაფუძვლო ბრალდებების და ზეწოლის ობიექტი.


ამჯერად საუბარია ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებაზე.


„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ჩვენს კოლეგებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ზეწოლა განახორციელა და შეეცადა რეალური ფაქტების დამახინჯებულად წარმოჩენას მედიის თანდასწრებით. აღნიშნული პროვოკაციული ინციდენტი გუშინ საქალაქო სასამართლოში საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე დაიწყო და შემდგომ ეზოში გაგრძელდა.


გვინდა მოვუწოდოთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ მომხდარი პროვოკაციული ქმედებით და არ დატოვონ რეაგირების გარეშე აღნიშნული ინციდენტი, ვინაიდან ამ ტიპის ქმედებები აზიანებს საარჩევნო გარემოს. როდესაც საარჩევნო პროცესს თან სდევს სიძულვილის ენის გამოყენება, ცილისწამება, შეურაცხყოფა და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრატორების მიმართ პირადი თავდასხმები, ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის არჩევნების მთლიანობას.


გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ საარჩევნო ადმინისტრაციამ სახალხო დამცველთან ერთად გაავრცელა განცხადება და მოუწოდა ჩართულ მხარეებს გამოიჩინონ მაღალი პოლიტიკური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყონ პლურალისტური, ძალადობისა და სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო კამპანიის წარმართვას. შესაბამისად, ყველა მსგავსი შემთხვევისას, მნიშვნელოვანია სათანადო რეაგირება მომავალში ასეთი ფაქტების პრევენციის თვალსაზრისით. ამასთანავე, ჩვენ უზრუნველვყოფთ, როგორც სახალხო დამცველის, ასევე დამკვირვებელი ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას.


ჩვენი მხრივ გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დაიცავს თითოეული თანამშრომლის ღირსებას და გამოიყენებს ყველა ზომას, რომ აღკვეთოს საქალაქო სასამართლოში მომხდარი პროვოკაციული ინციდენტის მსგავსი ფაქტები. ამასთან ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია გააგრძელებს თავის საქმიანობას მხოლოდ კანონის შესაბამისად და უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების არჩევნების ჩატარებას“ –აცახდებს გიორგი შარაბიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930