გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშიამ ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა

9-09-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო ღონისძიება გახსნა. ერთკვირიანი სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში, ქართველი მეცნიერები, მოწვეული უცხოელი ექსპერტები და სტუდენტები წარმოადგენენ GGSB-ის ფარგლებში მიღწეული ერთობლივი კვლევის შედეგებს და წაიკითხავენ მოხსენებებს, ლექციების კურსს ისეთ აქტუალურ თემებზე როგორიცაა - ადრონული თერაპია, სამედიცინო გამოსახულებათა ვიზუალიზაცია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების აპლიკაციები მეცნიერებაში და ა.შ.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ინფორმაციით, ღონისძიებას „GGSB-ს პირველი 20 წელი და მისი SMART|Lab-ების მიღწევები“ ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) წევრები გერმანიიდან და პარტნიორი უნივერსიტეტების კონსორციუმის წარმომადგენლები საქართველოდან, მოწვეული სტუმრები, სტუდენტები ესწრებოდნენ. სამეცნიერო ფესტივალის გახსნის ღონისძიებაზე შეჯამდა მეცნიერების, განათლების, პერსონალური და კულტურული გაცვლითი პროგრამების მიღწევები ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის დაარსების ისტორიასა და პარტნიორობის 20-წლიან გამოცდილებაზე ისაუბრა.


„ქართულ-გერმანული კონსორციუმი არის ქართველი და გერმანელი მეცნიერების მეგობრობისა და თანამშრომლობის უნიკალური შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც ბევრი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი განხორციელდა. ამ 20 წლის განმავლობაში ათობით სტუდენტი და დოქტორანტი გაიგზავნა გერმანიაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი ქართველ პოსტ-დოკებს შესაძლებლობას აძლევს კვალიფიკაცია აიმაღლონ გერმანიაში, შემდგომ დაბრუნდნენ საქართველოში და თავიანთი სამეცნიერო მოღვაწეობა განაგრძონ სამშობლოში“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.


იულიხის კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ჯონ შამ ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიულ მიმართულებებზე ისაუბრა.


„დღეს აღვნიშნავთ ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის 20 წლის იუბილეს. ჩვენ აქ შევიკრიბეთ მეცნიერები, რათა გავუზიაროთ გამოცდილება ერთმანეთს. ასევე, განვსაზღვროთ ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის მომავალი, მოვიძიოთ ახალი პარტნიორები და გავაფართოოთ ქართულ-გერმანული კონსორციუმი“,- აღნიშნა პროფესორმა ჯონ შამ.


იულიხის კვლევითი ცენტრი ორი ათწლეულია აქტიურად თანამშრომლობს ოთხ ქართულ უნივერსიტეტთან. ურთიერთობა 1992 წლიდან დაიწყო როდესაც თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტსა და იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. 2004 წლიდან ურთიერთობა გაგრძელდა „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ (GGSB) კონცეფციის ფარგლებში, რომლის სამი ძირითადი მიმართულებაა - ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევები, განათლება და სტუდენტები, ცოდნის ტრანსფერი. თანამშრომლობის ფარგლებში ორ წელიწადში ერთხელ ტარდება სკოლა და სემინარი, რომელსაც 2010 წლიდან საქართველოს სხვა უნივერსიტეტებიც შემოუერთდა. ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) წევრები გერმანიიდან არიან: (იულიხის კვლევითი ცენტრი (FZJ), დარმშტადტის მძიმე იონების ჰელმოლც ცენტრი (GSI), დრეზდენ-როსენდორფის ჰელმოლც ცენტრი (HZDR), ხოლო საქართველოდან -პარტნიორი უნივერსიტეტების კონსორციუმი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSU), საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (AUG), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ISU), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU) და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU).


ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტებში ე.წ. SMART|ლაბორატორიები გაიხსნა. პირველმა ასეთმა ლაბორატორიამ, SMART | EDM_Lab, ფუნქციონირება დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017 წლის იანვარში. ლაბორატორია არის იულიხში არსებული ლაბორატორიის ანალოგი, რომელიც JEDI (Juelich Electric Dipole moment Investigations) საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ელემენტარული ნაწილაკების ელექტრული დიპოლური მომენტის ექსპერიმენტულ კვლევებშია ჩართული. 2017 წლის 29 სექტემბერს თსუ-ში გაიხსნა მეორე ასეთი ლაბორატორია, SMART|AtmoSim_Lab. ლაბორატორიაში ხორციელდება ატმოსფერული კვლევები, რომელშიც შედის ატმოსფერული დამაბინძურებლების ქიმიური ანალიზი, მონაცემთა მათემატიკური ანალიზი და ჰაერის დაბინძურების მოდელირება. სმარტლაბები ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს სამეცნიერო პროექტები განახორციელონ საქართველოში.


ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) ფარგლებში ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სტაჟირება გაიარონ გერმანულ კვლევით დაწესებულებებში, მონაწილეობა მიიღონ თემატურ ლექციებში საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებების მიმართულებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930