გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილმა საქართველოს ენერგეტიკის დარგის წარმომადგენელებს პროფესიული დღე მიულოცა

10-09-2024

საქართველოს ენერგეტიკოსის დღე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დარგის წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნა. ღონისძიება ქვესადგურ „თელეთი 220"-ის სივრცეში გაიმართა, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. პრემიერ-მინისტრმა და პირველმა ვიცე-პრემიერმა ენერგეტიკის სექტორის თანამშრომლებს და დამსახურებულ ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს იმ დიდი სამუშაოსა და წვლილისთვის, რომელიც მათ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დარგის განვითარების საქმეში შეიტანეს.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ენერგეტიკოსის დღე საქართველოში უკვე ოცდამეორედ აღინიშნება. პირველმა ვიცე-პრემიერმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა ასევე სექტორის ზრდა/განვითარების დინამიკაზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და პროგრამებზე.


„ყოველწლიურად იზრდება საქართველოში გენერაციის ობიექტების რაოდენობა, ასევე იზრდება დადგმული სიმძლავრე და გამომუშავებული ელექტროენერგიის ოდენობა. ჩვენ ყოველდღიურად უფრო მეტად ვაძლიერებთ ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ამით, რა თქმა უნდა, არამხოლოდ ენერგეტიკულ დარგს ვაძლიერებთ, არამედ იმის მყარ საფუძველს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი იყოს უფრო მდგრადი და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა - უფრო მყარი. მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ აქტიური მხარდაჭერის სახელმწიფო პოლიტიკას იმისთვის, რომ ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და ეს იყოს გრძელვადიანი, პროგნოზირებად გარემო როგორც სექტორში ინვესტორებისთვის, ისე ეკონომიკის სხვადასხვა დარგის სუბიექტისთვის", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


ეკონომიკის მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა სახელმწიფოს ენერგეტიკის დარგში ინვესტირების მიზნით შემუშავებულ მხარდაჭერის სქემას. მისი ინფორმაციით, მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ პროცესის დაჩქარების მიზნით, პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმით, უკვე აუქციონების პირობებში ჩამოყალიბებულ კონკურენტულ ფასად მოხდეს ენერგეტიკის სფეროში ინვესტორების მხარდაჭერა. „ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ენერგეტიკის სფეროში ინვესტირების პროცესი დავაჩქაროთ და უფრო სწრაფად მივიღოთ შედეგი იმ ამბიციური გეგმის, რომელიც პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა - 2030 წლისთვის ვიყოთ ნეტო-ექსპორტიორი ქვეყანა და გენერაცია აჭარბებდეს ჩვენს მოხმარებას", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


გენერაციული ობიექტების მშენებლობის გარდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტრო აქტიურად მუშაობს, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაა. მინისტრის ინფორმაციით, ეს შეეხება როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ ინფრასტრუქტურას, ისე მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას და განვითარებას. ამ საკითხზე საუბრისას ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებით აქცენტი საქართველოსთვის სტრატეგიულ, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტზე გააკეთა.


„ეს არის ახალი სიტყვა ჩვენს რეალობაში, როდესაც ჩვენ შავი ზღვის გავლით პირდაპირ შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ევროპულ ბაზარს ქართული ელექტროსისტემა დავუკავშიროთ, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის კონკურენტუნარიანობას. ეს ამბიციური, მრავალმილიარდიანი საინვესტიციო პროექტია, თუმცა, მასზე მუშაობის პროცესში დიდი პროგრესი გვაქვს, განსაკუთრებით წელს. ასევე მნიშვნელოვანია მიღწევები ნავთობისა და გაზის სექტორში - ახალ სალიცენზიო ბლოკებში ინვესტიციების განხორციელების მიზნით უკვე დაწყებულია საერთაშორისო ტენდერები, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ამ მიმართულებით ინვესტიციებს. სამხრეთ კავკასიური მილსადენი კვლავ რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან სატრანზიტო ინფრასტრუქტურად, რომელიც ბუნებრივ გაზს კასპიის რეგიონიდან აწვდის ევროკავშირის ქვეყნებს. საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით და აქაც სატრანზიტო მოცულობები იზრდება, შესაბამისად, იზრდება საქართველოს მიერ მიღებული ეკონომიკური ეფექტიც", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


ღონისძიებაზე წელსაც ტრადიციულად შედგა დარგში არსებული ვითარებისა და სტატისტიკურ მონაცემთა დეტალური პრეზენტაცია, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა წარადგინა. მისი ინფორმაციით, 2013-2024 წლებში საქართველოში 63 ჰიდროელექტროსადგური აშენდა, რომელთა ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ 773 მგვტ შეადგინა. ამასთან, 2024-2025 წლებში იგეგმება დამატებით 16 ჰესის მშენებლობის დასრულება, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 150 მგვტ იქნება.


საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ენერგეტიკის დარგის, მათ შორის ყოფილი თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა - 46 დამსახურებულ ენერგეტიკოსს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930