გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: საქართველოს პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს ანტი-ლგბტ კანონის მიღებისგან და რიტორიკის გამოყენებისგან, რომელიც ლგბტ ადამიანების სტიგმატიზებას იწვევს

10-09-2024

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაჰერტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართა, სადაც ის პარლამენტის წევრებს სთხოვს, თავი შეიკავონ 2024 წლის 4 სექტემბერს მეორე მოსმენით მიღებული მიღებული „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცებისგან, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭო ავრცელებს.


მაიკლ ო’ფლაჰერტი ასევე მოუწოდებს პარლამენტის წევრებს, ითანამშრომლონ ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა დაიცვან ლგბტ ადამიანების უფლებები, ებრძოლონ მათ დისკრიმინაციას და თავი შეიკავონ რიტორიკის გამოყენებისგან, რომელიც ლგბტ ადამიანების სტიგმატიზებას იწვევს.


კომისარი ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი უზრუნველყოფს ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის სამართლებრივ საფუძველს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.


მისივე შეფასებით, კანონპროექტი აგრძელებს ლგბტ ადამიანების სტიგმატიზებას და დისკრიმინაციას ინცესტის გვერდით სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ჩამოთვლით.


ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი აცხადებს, რომ კანონპროექტის შინაარსი მსგავსია 2024 წლის 3 აპრილს პარლამენტში რეგისტრირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელთან დაკავშირებითაც „ევროპულმა კომისიამ სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად“ დაასკვნა, რომ „ამ ტექსტის მიღების წინადადება საქართველოში ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ მტრული და სტიგმატიზებული ატმოსფეროს კიდევ უფრო გაძლიერების საფრთხეს ქმნის“.


„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კარგად დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, დემოკრატიული საზოგადოება უარყოფს სექსუალურ ორიენტაციაზე დაფუძნებულ ნებისმიერ სტიგმატიზაციას. ასეთი საზოგადოება აგებულია ინდივიდთა თანაბარ ღირსებაზე და მყარდება მრავალფეროვნებით, რასაც ის აღიქვამს არა როგორც საფრთხეს, არამედ, როგორც გამდიდრების წყაროს“, - აცხადებს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031