გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

14-10-2018

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს.


სვეტიცხოვლობის დღესასწაული აღინიშნება მცხეთის საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოველში, 14 ოქტომბერს (ახ. სტ.) და დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“. ამ დღეს ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.


იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაკრძალა. საფლავზე ამოსულა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი, მათ შორის ერთი, სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი, ვერ აღუმართავთ. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აქ აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც.


ისტორიულად ამ დღეს იმართებოდა დიდი წირვა და მრავალი მლოცველი მოდიოდა საკლავითა და უსისხლო შესაწირავით. წირვის შემდეგ მლოცველები ტაძრის გალავანში შლიდნენ სუფრას და იმართებოდა პურობა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წ.) შემდეგ მცხეთობის დღესასწაული აღდგა და ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა. ტრადიციულად ამ დღეს წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს სვეტიცხოველში, ხოლო შემდეგ იმართება სახალხო სეირნობა მცხეთის ქუჩებში, საესტრადო და ხალხური შემოქმედების კონცერტები, გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2018    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031