გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: სვეტიცხოველი ჩვენი ერის სულიერი სიმტკიცის და ჩვენი ერთობის სიმბოლოა

14-10-2018

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, მცხეთაში სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო.


სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ აღავლინა.


„დღეს არის უდიდესი ეროვნული დღესასწაული, გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. სიხარული და მწუხარება შეენაცვლებიან ერთმანეთს და როგორც ტყუპი ძმები, ბევრი რამ უნახავს სვეტიცხოველს და მცხეთას, კარგი და მძიმე. დღეს, ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მადლითა სვეტისა ცხოველისა ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა, სიხარული, სიყვარული, მთლიანობა საქართველოსი“, - განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.


საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და თბილისის მერი დალოცა და მათ წმინდა დავით აღმაშენებლისა და წმინდა თამარ მეფის ხატები გადასცა.


კახა კალაძემ ქვეყნის მოსახლეობას და ემიგრაციაში მყოფ ქართველებს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.


„მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ემიგრაციაში სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან. ქართველი მართლმადიდებლებისთვის დღევანდელი დღე არის განსაკუთრებული მნიშვნელობის. ეს წმინდა ადგილი არის ჩვენი ერის სულიერი სიმტკიცე, ჩვენი ერთობის სიმბოლო და მინდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ვუსურვო გამთლიანება, გაერთიანება, სულიერი სიმშვიდე, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და კეთილდღეობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას“ დღესასწაულს აღნიშნავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031