გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
„ჩანაწერები“, რომლებიც შესაძლოა „ოცნებისთვის“ საბედისწერო აღმოჩნდეს"-რუსული მედიის გამოხმაურება გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე

16-10-2018

საქართველოში, სადაც 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, „კომპრომატთა ომი“ თანდათან მძაფრდება: ქართული მასმედია რეგულარულად ავრცელებს სხვადასხვა სკანდალურ მასალებს, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. ასეთი სიტუაცია „წყალს ასხამს“ ოპოზიციის „წისქვილზე“, კერძოდ, მათი კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ. თავის მხრივ, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი „კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა“. ამასთან, მმართველი პარტია იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის არჩევნებში მაინც მათ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს“, - ნათქვამია რუსული გამოცემის, «КоммерсантЪ»-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის დასაწყისში.

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ რუსული მედიის გამოხმაურების ქართულენოვან რეზიუმეს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით:

კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს რეალური ხელისუფლება არ გააჩნია, მაგრამ ამის მიუხედავად, ოპოზიცია, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, საპრეზიდენტო არჩევნებს გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს: თუ პრეზიდენტად ოპოზიციონერი გახდება, იგი დაუყონებლივ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს და მის ახლო გარემოცვის წევრებს, რომლებიც ან ციხეში სხედან, ან განაჩენი დაუსწრებლად აქვთ გამოტანილი, - აღნიშნულია სტატიაში.


პუბლიკაციაში ყურადღება გამახვილებულია ბოლო დროს მომხდარ სკანდალებზე, რომელთაგან ერთ-ერთს ექს-პროკურორ მირზა სუბელიანის საუბრის აუდიოჩანაწერი წარმოადგენს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან. მირზა სუბელიანი ამჟამად გლდანის საპყრობილეში ზის, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული - თბილისში დოლიძის ქუჩაზე გასულ წელს მომხდარ მოზარდების გახმაურებულ მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელშიც მისი ვაჟიც მონაწილეობდა: მამამ ისარგებლა სამსახურებრივი მდგომარეობით და თავისი შვილის მონაწილეობის ფაქტი გამოძიებას დაუმალა.


როგორც მირზა სუბელიანი აცხადებს აუდიოჩანაწერში, პროკურორად მუშაობის პერიოდში მას მმართველი პარტია დავალებას აძლევდა დაეკავებინა და ეწამებინა ადამიანები, რათა მიხეილ სააკაშვილზე, ვანო მერაბიშვილზე და ბაჩო ახალაიაზე ჩვენებები მიეღო.


მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია ვინ და როდის ჩაიწერა განსასჯელისა და დეპუტატის საუბარი, „გლდანის ციხის ჩანაწერები“ შესაძლოა „ქართული ოცნებისათვის“ საბედისწერო აღმოჩნდეს, - აღნიშნავს პუბლიკაციის ავტორი, - ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ამ შემთხვევაში მთავარი ის კი არაა, თუ ვინ სად და როდის მოახდინა ჩაწერა, არამედ თვით ექს-პროკურორის ნათქვამი. ეს მოწმობს იმას, რომ საქართველოში „კრიმინალურ-ბანდიტური დიქტატურა“ იწყება, ქვეყანა შუასაუკუნეებრივი ფეოდალური სიბნელისაკენ მიექანება. ოპოზიციის აზრით, ამ ყველაფრის მამამთავარს „ქართული ოცნების“ ლიდერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის მომხრეები „რუს ოლიგარქად“ მიიჩნევენ.


კიდევ ერთი სკანდალი, რომელიც პუბლიკაციაშია გადმოცემული, „საქართველოს თამბაქოს მეფეს“ - ჰოლდინგ Omega Group-ის მფლობელს ზაზა ოქუაშვილს ეხება. ეს სკანდალი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და ყოველდღიურად ახალ-ახალი დეტალები ქვეყნდება. ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება მისგან ფულის გამოძალვას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ ზაზა ოქუაშვილს ორმაგი მოაქლაქეობა აქვს - საქართველოსი და დიდი ბრიტანეთისა. იგი ამჟამად ლონდონში ზის და იქიდან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ს ინტერვიუებს აძლევს.


კომპრომატების გამოქვეყნების მიუხედავად, ხელისუფლება ცდილობს თავისი თავი მშვიდად წარმოაჩინოს: „ჩვენ გვახსოვს, რომ მალულად მოპოვებული ჩანაწერები, მათ შორის პირად ცხოვრებაზეც, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის სტილია, - ამბობს „კომერსანტ“-თან საუბრისას თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. დეპუტატს სჯერა, რომ იმ მედიასაშუალებებში დაწყებული ისტერიკა, რომლებთაც „ნაციონალების“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები აკონტროლებენ, კარგად დაგეგმილი და გარეჟისურებული კამპანიაა, ხოლო აუდიოჩანაწერი - ფალსიფიცირებულია, ცალკეული ფრაზების კომპილაციას და მონტაჟს წარმოადგენს“.


კაცმა რომ თქვას, რიგმა სკანდალებმა (მათ შორის მარიხუანასთან დაკავშირებით, რომელიც, მთავრობის ინიციატივით, ამ ნარკოშემცველობის მცენარის კულტივირებასა და ექსპორტს ითვალისწინებს), ელექტორატის პოზიციებზე უკვე იმოქმედა: სოციოლოგიური სამსახურის Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის სედეგად ირკვევა, რომ სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს ამომრჩეველთა 15%, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს - 22%. „თითქმის სრულიად ვარ დარწმუნებული, რომ პირველად საქართველოში, პრეზიდენტის არჩევნებში მეორე ტური ჩატარდება, - ეუბნება „კომერსანტს“ პოლიტოლოგი გია ნოდია, ხოლო პუბლიცისტი პეტრე მამრაძე ყურადღებას ამახვილებს ამჟამინდელი საარჩევნო კამპანიის კიდევ ერთ განსხვავებაზე წინა პერიოდებთან შედარებით: „ადრე დაპირისპირება ხშირად ქუჩაში ინაცვლებდა ხოლმე, ახლა კი ხალხი უფრო მეტად ტელევიზორებთან სხედან და ისე ადევნებენ თვალს ელიტური ჯგუფების ხელისუფლებისთვის ბრძოლას“.


-----------


საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ სკანდალებს ეხება აგრეთვე დღევანდელ, 16 ოქტომბრის კიდევ ერთ რუსულ გაზეთში - «Независимая газета»-ში გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული ხელისუფლება ციხიდან გააფრთხილეს // პროკურატურის ექს-თანამშრომელმა შეიძლება ქვეყანაში დესტაბილიზება გამოიწვიოს“ (ავტორი - იური როქსი).


პუბლიკაციაში გადმოცემულია მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის აუდიოჩანაწერზე და მის ნეგატიურ შედეგებზე ხელისუფლებისათვის. „სხვათა შორის, თბილისში ვრცელდება ისეთი აზრიც, რომ მირზა სუბელიანიც თვითონ შეიძლება იყოს დაინტერესებული აუდიოჩანაწერის გამოქვეყნებაში: მან შეახსენა ხელისუფლებას - თუ „ზემოთ, გავლენიანი ადამიანები“ მასზე არ იზრუნებენ და ციხიდან არ გამოუშვებენ, იგი ლაპარაკს გააგრძელებს, ბევრ საქმეს ფარდას ახდის და მის პატიმრულ ბედს სხვებიც გაიზიარებენ. ხოლო იმაში, რომ მირზა სუბელიანმა ბევრი რამ იცის, არავის ეჭვი არ ეპარება“, - ნათქვამია სტატიაში (წყარო: www.ng.ru/cis/2018-10-15/10_7332_georgia.html).


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930