28-09-2024
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის თელავში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
„მოგესალმებით, ძვირფასო კახელებო, გილოცავთ ალავერდობას, ალავერდის მადლი ფარავდეს კახეთს და სრულიად საქართველოს.
კახეთი არის ჩვენი ქვეყნის ულამაზესი მხარე, რომელსაც ყველაზე მეტი ომი აქვს გადატანილი სამშობლოსთვის და სარწმუნოებისთვის. შესაბამისად, თქვენ არავისგან გესწავლებათ არც ქვეყნისთვის თავგანწირული ბრძოლა და არც მშვიდობის ფასი.
კახეთი არის უდიდესი ქართველი მოაზროვნისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის მშობლიური მხარე, ილია ჭავჭავაძემ საქართველოს თვითმყოფადობის არსი სამი სიტყვით - მამულით, ენით და სარწმუნოებით გამოხატა და თითოეულ ქართველს სამშობლოსათვის თავგანწირვის გამორჩეული მაგალითი მოგვცა.
კახეთი არის ერეკლე მეორის მშობლიური მხარე, ერეკლე მეორემ ჯერ მრავალი გადახდილი ომით და შემდეგ თავისი სიბრძნით შეუნარჩუნა საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობა და ქრისტიანული სარწმუნოება. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ამ ქვეყნის თვითმყოფადობისა და ქრისტიანული სარწმუნოების მტრებს თავის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ სწორედ ერეკლე მეორე ჰყავთ ამორჩეული. ამის საპირისპიროდ, ჩვენი ვალია, ჩვენს უსაყვარლეს მეფეს განსაკუთრებული პატივი მივაგოთ და ამ მიზნით, როგორც უკვე მოგეხსენებათ, საქართველოს დედაქალაქში - თბილისში მალე ერეკლე მეორის ძეგლი აღიმართება. ერეკლე მეორის ძეგლი შეახსენებს მტერსაც და მოყვარესაც, რომ საქართველო არასოდეს დათმობს თავის თვითმყოფადობას, არასოდეს დათმობს მამულს, ენას და სარწმუნოებას.
კახეთი არის მხარე, სადაც ყველაზე უკეთ იციან ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლოს - ვაზის მოვლა და მოფრთხილება. ამიტომ, კახელებს ტრადიციულ ქართულ ფასეულობებს ვერასდროს ვერავინ დაგათმობინებთ. კახეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოლო და იშრომო შენი სამშობლოს თვითმყოფადობისა და ტრადიციების დასაცავად და შესანარჩუნებლად.
2012 წელს, როდესაც ქართველებს სისხლიანი რეჟიმი გვყავდა ხელისუფლებიდან გასასტუმრებელი, კახელებმაც თქვენი ხმამაღალი სიტყვა თქვით. 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენ, ყველამ ერთად დავასრულეთ უცხოური აგენტურის ავტორიტარული მმართველობა, რომელიც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ უამრავ დანაშაულს ჩადიოდა. ეს დანაშაულები იყო ადამიანების მკვლელობა და წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების გაყალბება და მრავალი სხვა. რაც მთავარია, ამ ადამიანების მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენს ქვეყანას ტერიტორიის 20 პროცენტის - ჩვენი ისტორიული მხარეების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვად დაუჯდა. ეს არის ღალატი, რომლისთვისაც დამნაშავეებმა კონსტიტუციისა და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი.
2012 წელს კრიმინალური რეჟიმის დამარცხებისა და დემოკრატიული გარდატეხისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილი დღესაც არის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, მშვიდობისა და ქვეყნის განვითარების მთავარი გარანტი ჩვენს ქვეყანაში. მადლობა ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს იმ თავგანწირვისთვის და თავდადებისთვის, რომლითაც ის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უკვე მრავალი წელია იცავს.
სწორედ 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის დამსახურებაა ის წინსვლა, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ გასული 12 წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით მიაღწია:
ღირსებას მოაქვს მშვიდობა, მშვიდობას მოაქვს კეთილდღეობა, ხოლო კეთილდღეობას მოაქვს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი. კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ეს არის რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას, ირჩევს გარე ძალების მიმართ მონურ დამოკიდებულებას თუ ირჩევს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, ირჩევს ამორალურ პროპაგანდას თუ ირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს ბნელ წარსულს თუ ირჩევს საქართველოს ნათელ მომავალს.
დარწმუნებული ვარ, რომ კახეთი და სრულიად საქართველო აირჩევს მშვიდობას, დამოუკიდებლობას, ტრადიციულ ფასეულობებს და საქართველოს ნათელ მომავალს. ეს არის არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს.
26 ჩვენი დღეა და 41 ჩვენი გამარჯვების სიმბოლოა. 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს 41. 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველო.
ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი!“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.