17-10-2018
საქართველოში 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. როგორი პოლიტიკური მომავალი ელოდება ქვეყანას? ამის შესახებ Deutsche Welle-სთან ინტერვიუში ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი, ყოფილი საბჭოთა დისიდენტი ლევან ბერძენიშვილი საუბრობს.
ლევან ბერძენიშვილს საქართველოში ყველა იცნობს და პატივს სცემს. პოლიტიკურმა მოღვაწემ, რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრმა, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის დამაარსებელმა (1978 წელს, არალეგალურად, რისთვისაც სამი წელი მორდოვეთის ბანაკში იჯდა), თბილისის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორმა ლევან ბერძენიშვილმა გერმანიაში გერმანულ ენაზე გამოცემული თავისი წიგნი წარმოადგინა, რომელშიც წარსულზეა ლაპარაკი. მაგრამ მასთან ინტერვიუს თემას საქართველოს აწმყო და მომავალი წარმოადგენს.
- ლევან, მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, როცა ქართველების შესახებ ვსაუბრობდით -თუ როგორი აღტაცებით ხვდებიან მორიგ პრეზიდენტს და შემდეგ მას როგორ გულმოდგინედ ამხობენ - თქვენ აღნიშნეთ, რომ „დროა ქართველები გადაეჩვიონ ქარიზმატულ ფიგურებს და ნორმალური საპარლამენტო პოლიტიკური ცხოვრება დაიწყონო“. ეს დრო უკვე დადგა?
- რასაკვირველია, მინდოდა, რომ ეს უკვე მომხდარი ყოფილიყო, მაგრამ ყველა პრეზიდენტში იმედგაცრუებულ საზოგადოებას თითქოსდა ახალი ქარიზმატული ლიდერი მოევლინა. მას არანაირი ინტელექტუალური ქარიზმა არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ აქვს ფულში გამოხატული ქარიზმა. გასაგებია, რომ მე ბიძინა ივანიშვილი მყავს მხედველობაში. მას უფრო მეტი ფული აქვს, ვიდრე ყველა ქართველს, ერთად აღებულს.
მაგრამ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი ლიდერი ქვეყნისთვის ბოლო შემთხვევაა: ბიძინა ივანიშვილის შემდეგ უკვე ისეთი დემოკრატიული საქართველო იქნება, რომელიც, პრინციპში, დღესაც შესაძლებელია - ჩვენ უკვე გვყავს ახალგაზრდობა, რომელიც დემოკრატიულ ქვეყანაში დაიბადა და გაიზარდა. დღევანდელ ახალგაზრდებს არ აქვს საბჭოური მენტალიტეტი და მათ არ სურთ ვიღაც ჩარჩ-ქორვაჭრებზე დამოკიდებული იყონ.
- და „ჩარჩ-ქორვაჭარი“ ბიძინა ივანიშვილია?
- იგი ადამიანების სულთა ქორვაჭარია. ბიძინა ივანიშვილმა მთლიანად იყიდა ყოფილი საბჭოთა ქართული ინტელიგენცია. იგი ფულს უბრალოდ არიგებს, თითქოს არაფრისათვის. იმ ადამიანებს აქვთ ოჯახი, აქვთ ხელფასი და ასევე აქვთ ბონუსები ბიძინა ივანიშვილისაგან - ზოგს ხუთი ათასი ლარი (დაახლოებით 1600 ევრო - რედ.), ზოგს სამი ათასი...
- რას ითხოვს ბიძინა ივანიშვილი სანაცვლოდ?
- იგი ფულის სანაცვლოდ თითქოს არაფერს არ ითხოვს. მაგრამ როცა ისე წავიდა საქმე, რომ მის მიერ შერჩეული პრეზიდენტობის კანდიდატი ცოტა ვინმემ თუ მოიწონა, ბიძინა ივანიშვილმა შეკრიბა თავისი ინტელიგენციის წარმომადგენლები და დაავალა ასე ეთქვათ: „ის კარგი კანდიდატია, ჩვენ მას მხარს ვუჭერთ“. ძნელია ამ ადამიანების ავტორიტეტზე დავა, ისინი ასაკოვანები არიან, ზოგიერთი მათგანი მართლაც ძალიან დამსახურებული ადამიანია... მაგრამ მსგავსი საქმეები მას უკვე აღარ გამოუვა. ბიძინა ივანიშვილის შემდეგ საქართველოში ასეთი რამ უკვე აღარ იქნება.
- იმიტომ, რომ მეორე მისი მსგავსი პიროვნება საქართველოში არ არის?
- არა მარტო იმიტომ, რომ მეორე არ არის. ის ადამიანები აღარ იქნებიან, რომელთა მოსყიდვა შეიძლება. ძველი თაობა მიდის, ისინი 80 წლისანი არიან, ზოგი კი 90 წლისაა. ახალგაზრდობა კი ბიძინა ივანიშვილთან არ მიდის, ახალგაზრდები მისგან ფულს არ ითხოვენ. თავის მხრივ, მათ არც ბიძინა ივანიშვილი არ ენდობა. სამწუხაროდ, მმართველ პარტიას დღეს ისეთი უმრავლესობა აქვს პარლამენტში, ისეთი უპირატესობა, რომ მას შეუძლია ახალგაზრდებს უყურადღება არ მიაქციოს... მაგრამ მომავალ არჩევნებში უკვე აღარ არის მოსალოდნელი, რომ რომელიმე პარტია პარლამენტში ასეთი უმრავლესობით მოვიდეს.
ვფიქრობ, [მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად], ალბათ, ისევ კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდება, ისევ დადგება რთული, მაგრამ დემოკრატიული პერიოდი - ისეთი, როგორიც 2012-2014 წლებში იყო, როცა ისეთი პატარა პარტიაც კი, როგორიც ჩემი რესპუბლიკური პარტიაა, რაღაცს წყვეტდა. საქართველოში ერთპარტიული სისტემა არ იქნება. მე ვფიქრობ, 28 ოქტომბერს დადგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები გვაჩვენებს, რომ საზოგადოება მზად არ არის 100%-ით ხმა მისცეს ბიძინა ივანიშვილის მიერ წამოყენებულ რომელიღაც პიროვნებას.
- რა როლს ასრულებს რუსეთი საქართველოში შექმნილ დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში?
- რუსეთი მნიშვნელოვანი როლის შესრულებას ცდილობს. ვფიქრობ, მოსკოვი მხარს იმავე კანდიდატს უჭერს, ვისაც ბიძინა ივანიშვილი, ანუ სალომე ზურაბიშვილს - საქართველოში საფრანგეთის ყოფილ ელჩს, საქართველოს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელს. საერთოდ, უცნაური და გაუგებარია, როცა პარიზში დაბადებული და გაზრდილი, დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყანაში აღზრდილი ადამიანი ამბობს, რომ „ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოახდინაო“. სალომე ზურაბიშვილს სძულს ამერიკის შეერთებული შტატები და როგორც ჩანს, რუსეთიც მას ამიტომ უჭერს მხარს.
- როგორ ფიქრობთ, მოახდენს გავლენას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე ახლო ან შორეულ მომავალში მიხეილ სააკაშვილი? იგი საკმაოდ სადაო პიროვნებაა...
- დიახ, იგი წინააღმდეგობრივი პიროვნებაა. მიხეილ სააკაშვილმა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო, შექმნა ისეთი სტრუქტურები, რომლებიც დღესაც კარგად მუშაობენ. ეს განსაკუთრებით ეხება [ადმინისტრაციულ], „ქაღალდებთან“ დაკავშირებულ საქმეებს. თუ თქვენ საქართველოში ყოფნისას მოისურვებთ რაიმე ცნობის აღებას, ბიზნესის დაწყებას, უძრავი ქონების დარეგისტრირებას, დოკუმენტების გაფორმებას, ამას ძალიან იოლად და სწრაფად გააკეთებთ - მხოლოდ ერთ ფანჯარასთან, სპეციალურად შექმნილ იუსტიციის სახლებში. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი საპატრულო პოლიციის ახალი სისტემის ორგანიზატორიც გახდა: ჩვენთან აღარ არის ავტოინსპექცია, პოლიციელი გზებზე ქრთამს არ იღებს.
მაგრამ იყო რაღაც საქმეები, რომლის გაკეთება მიხეილ სააკაშვილმა ვერ შეძლო. მან კორუფცია დაბალ დონეზე დაამარცხა, მაგრამ მაღალ დონეზე ვერ მოახერხა. თუმცა ყველაზე ცუდი მიხეილ სააკაშვილს ის ჰქონდა, რომ მას არ სჯეროდა - ქართველები ოდესმე თვითონ მიხვდებიან და საკუთარ, შეგნებულ არჩევანს გააკეთებენ. იგი თვითონ შეეცადა მოსახლეობა ძალით ეზიარებინა ნათელ მომავალს, შეეცადა ადამიანების ძალით გაევროპელებას და რაც შეიძლება სწრაფად. ასეთ მოქმედება ყოველთვის სასურველ ნაყოფს არ იძლეოდა.
მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ბანკროტად გადაიქცა, მაგრამ დღეს საქართველოში ისეთი მთავრობაა, რომელსაც საერთოდ არაფრის გაკეთება არ შეუძლია. მის ერთადერთ წარმატებას მხოლოდ ევროპასთან უვიზო რეჟიმის მიღწევა წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ჩვენ ყველა აუცილებელი მოთხოვნა შევასრულეთ.
რაც შეეხება ევროკავშირთან ასოცირების საკითხს, ამ მიმართულებით თითქმის არაფერი კეთდება. მე ევროპული ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი და ვიცი, თუ რა კანონები უნდა მიგვეღო. ჯერ-ჯერობით ევროპასთან ჰარმონიულ დამოკიდებულებაში არ ვართ. ვფიქრობ, საქართველოს ასევე არ უნდა ჰქონდეს ნატოში მალე გაწევრიანების იმედიც.