21-10-2024
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სუს-ის მიერ ქვეყნისთვის არაერთი საფრთხის აცილებას ეხმიანება და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ წერს.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან გამაფრთხილებელი განცხადებები ისმის, უკრაინისა და თბილისში არსებული საელჩოების მიერ საქართველოში მაიდანის მოწყობის გეგმასთან დაკავშირებით. დავით ქართველიშვილი რუსი ანალიტიკოსების მიერ გამოქვეყნებულ სტატიებსა და მათ გამოთქმულ მოსაზრებებსაც ეხმიანება.
მისი თქმით, რუსულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებში აღნიშნულია, რომ უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ პარლამენტისა ან კანცელარიის შტურმისათვის გამოყენება სრული აბსურდია.
ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის ცენტრში “მაიდანის“ პროვოცირება უარყოფითად იმოქმედებს ხელისუფლების იმიჯზე დასავლეთში.
ექსპერტის თქმით, 26 ოქტომბერს საქართველოს უახლესი ისტორიის მთავარ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს - იმსახურებს თუ არა საქართველო დამოუკიდებლობას? ამ პროცესში, მთავარ როლს კი ხელისუფლების სიმტკიცის გარდა, საზოგადოებრივი ფაქტორი ითამაშებს.
„ვის - როგორ, მაგრამ 27 ოქტომბრის მოსალოდნელი არეულობის მორიგი ფაზის წინ, ქვეყნის სპეცსამსახურების მუშაობა ჩემზე დამაჯერებელ და დამაიმედებელ შთაბეჭდილებას ტოვებს. სწორედ სუს-ის მიერ გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ქვეყანამ საკუთარი თვალით ნახა ორგანიზაცია CANVAS-ის ტრენინგები, საკუთარი ყურით მოისმინა მათი სარევოლუციო შინაარსი და რაც მთავარია, მათი ორგანიზატორის − USAID-ის თაობაზე შეიტყო. სუს-ის მიერ ჩატარებული მუშაობის წყალობით, ქვეყანამ თავიდან აირიდა უდიდესი საგარეო თუ საშინაო საფრთხე, როდესაც უკრაინიდან შემოსული ასაფეთქებელი ნივთიერებებითა და ტერორისტული აქტების ჩასადენად აუცილებელი მოწყობილობებით გატენილი მანქანა შეაჩერა, რომლის ტვირთის ნაწილი რუსეთში ჩასატარებელი დივერსიების, ხოლო ნაწილი საქართველოში ტერაქტების ჩასატარებლად იყო განკუთვნილი.
სუს-მა დააკავა 2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ტერორისტული აქტის ჩამდენი პირი − ხეჩუაშვილი, რომელიც ამჟამადაც დივერსიისა ან შეკვეთილი პოლიტიკური მკვლელობის ჩასადენად იყო ჩამოსული საქართველოში უკრაინიდან. ყოველდღე ხდება ჩვენი სასაზღვრო-გამშვები პუნქტებიდან საეჭვო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დეპორტაციის პროცესი. წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე ჩნდება ქართველი პოლიტიკოსების გამაფრთხილებელი განცხადებები უკრაინიდან „ქართული მაიდანის“ მოსაწყობად სპეცკონტინგენტის მომზადება/დესანტირების, საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების გამოყენებისა და თბილისში, რიგ საელჩოში არეულობებში გამოსაყენებლად მომზადებული დრონებისა და მათი ოპერატორების თაობაზე. საქართველოში მიმდინარე მოვლენების კონტექსტში, მოღალატეობრივი შეცდომა იქნებოდა, ოკუპანტ ქვეყანაში ჩვენ მიერ გამოქვეყნებული ანალიტიკის იგნორირება. რუსეთში, დღეს, მნიშვნელოვან ადგილს უთმობენ ჩვენი, აქამდე ვერშემდგარი „მაიდანისტების“ გეგმების განხილვას.
ამ კუთხით საინტერესოა გავეცნოთ ავტორიტეტულ რუსულ მედია-პორტალ GEOFOR-ის ანალიტიკურ ნაშრომს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების თაობაზე. კერძოდ, ყურადღება გამახვილებულია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს პატრონაჟის ქვეშ მყოფი „ქართული ლეგიონის“ ცალკეული წევრების თბილისის „მაიდანში“ ჰიპოთეტური მონაწილეობის შესაძლებლობაზე. რუსი ანალიტიკოსების აზრით, პარლამენტისა თუ სახელმწიფო კანცელარიის შენობების შტურმით აღების ღონისძიებებში ამ კონტინგენტის გამოყენება სრული აბსურდია. „ქართული ლეგიონი“ დაკომპლექტებულია პროფესიონალი დივერსანტებით და ტერაქტების სპეციალისტებით. მათი გამოყენება შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი რომელიმე მაგისტრალური მილსადენის (ბაქო-თბილისი-ერზერუმი ან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი) მწყობრიდან გამოსაყვანად. არა ისეთი გამანადგურებელი შედეგით, როგორც ეს North Stream-ზე განხორციელდა, არამედ უმნიშვნელო დაზიანებით, რომელიც სწრაფ რეაბილიტაციას დაექვემდებარებოდა. აქ მთავარია პოლიტიკური რეზონანსის მიღწევა, რადგან მოქმედი ხელისუფლება სტრატეგიულ მიმართულებებზე „ელემენტარულ უსაფრთხოებას“ ვერ უზრუნველყოფს, რომ საერთაშორისო აქტორებისთვის ის წარმოადგენს არაქმედუნარიან და არასანდო პარტნიორს.
„ოკუპანტი-ანალიტიკოსების“ აზრით, პარალელურად, თბილისის ცენტრში „მაიდანის“ პროვოცირებით, მსგავსი დივერსია უარყოფით დარტყმას მიაყენებდა ხელისუფლების იმიჯს დასავლეთში და დააჩქარებდა ქართულ პოლიტიკაში ახალი „სააკაშვილის“ გამოჩენას. ასე რომ, ჩვენი სახელმწიფო კიდევ ერთი მიმართულებით უნდა ინარჩუნებდეს თავის ყურადღებას. საქართველოში „ცხელი შემოდგომის“ შედეგები კვლავინდებურად შედის ორი იმპერიალისტური მონსტრის: „გლობალური ომის პარტიის“ და რუსეთის ყურადღების ქვეშ.
შინაარსობრივად ეს ინტერესები შესაძლოა მკვეთრად ურთიერთსაწინააღმდეგო ვექტორების მატარებელი იყოს, მაგრამ ფორმალურად − ეს არის ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის დასუსტება, მის სახელმძღვანელო რგოლებში თავისი ზეგავლენების გაძლიერება. არავის უთქვამს, რომ ჩვენი სწრაფვა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისაკენ იქნებოდა მარტივი და უბრძოლველი. 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბერი იქნება ამ ბრძოლაში გადამწყვეტი. გარდა ხელისუფლების სიმტკიცისა, გადამწყვეტ როლს ითამაშებს საზოგადოებრივი ფაქტორი. ბოლო-ბოლო ჩვენს უახლოეს ისტორიაში მთავარ შეკითხვას: „ვიმსახურებთ თუ არა დამოუკიდებლობას, თუ ჩვენი ხვედრია კოლონიური მარიონეტული ლაქიაობა?“ − მკაფიო პასუხი უნდა გაეცეს,“- წერს დავით ქართველიშვილი.