გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვივლით მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ, საქართველო მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მიიღონ ევროკავშირში, რაც მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება

23-10-2024

 „ჩვენ ვივლით მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ. ჩვენი ოპონენტები ხშირად ცდილობენ საზოგადოებას ჩაუნერგონ არასწორი აზრი, რომ საქართველო მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, რაც ევროკავშირში მიგვიღებენ. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა - საქართველო მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მიიღონ ევროკავშირში, რაც მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში, საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


„გასული 12 წლის განმავლობაში, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა შთამბეჭდავი შედეგები ამ მიმართულებით. ჩვენ უკვე 28 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა გასამმაგდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ქვეყნის ბიუჯეტი 8,5 მილიარდიდან 28 მილიარდამდე გავზარდეთ, გავანახევრეთ უმუშევრობა 2012 წლის შემდეგ, საშუალო ხელფასი, რომელიც იყო 712.5 ლარი გავზარდეთ 2,000 ლარამდე, სიღარიბე თითქმის 3-ჯერ შევამცირეთ 212 წლის შემდეგ და 680,000 ადამიანს სიღარიბის დაძლევაში დავეხმარეთ.


ჩვენი გეგმის მიხედვით, მომდევნო 4 წელიწადში, საქართველოს ეკონომიკა 130 მილიარდ ლარს მიაღწევს, ქვეყნის ბიუჯეტი 40 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, შევქმნით 200,000 ახალ სამუშაო ადგილს, საშუალო ხელფასი 3,500 ლარს მიაღწევს, ხოლო სიღარიბე 4 პროცენტიან მაჩვენებელს ჩამოსცდება.


გასული 12 წლის მანძილზე, სახელმწიფოს მხარდაჭერით, შეიქმნა 700 ახალი საწარმო და გადაიარაღდა 800 საწარმო. მომავალი 4 წლის განმავლობაში, ჩვენი მხარდაჭერით, დამატებით ასობით ახალი საწარმო შეიქმნება.


რამდენჯერმე გავზარდეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი. ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ წინა ხელისუფლებამ მთლიანობაში 68 კილომეტრი ავტობანი ააშენა მხოლოდ და მხოლოდ. ჩვენ 34 კილომეტრი და 22 კილომეტრი მხოლოდ გვირაბი და ხიდი ავაშენეთ ამ 12 წლის განმავლობაში. მთლიანობაში, უკვე ავაშენეთ 300 კილომეტრამდე ავტომაგისტრალი და ამ მიმართულებით, ქვეყნის სწრაფი განვითარება მომავალშიც გაგრძელდება.


მომავალი 4 წლის განმავლობაში, საქართველოში გაორმაგდება ელექტროენერგიის გამომუშავება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის კიდევ უფრო მეტად განვითარდება სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და ეკონომიკის სხვა დარგები. კიდევ უფრო მეტად განვითარდება რეგიონები. კიდევ უფრო განვითარდება და გალამაზდება თბილისი.


რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება ახალი საერთაშორისო აეროპორტი და ახალი, სუპერთანამედროვე საფეხბურთო და სარაგბო სტადიონი.


თბილისში ავაშენებთ სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ ინფრასტრუქტურას, სადაც ქართველი სტუდენტები საუკეთესო გარემოში, ევროპული სტანდარტების განათლებას მიიღებენ და საკუთარი ინტერესების რეალიზებას შეძლებენ. ასევე მნიშვნელოვნად გაფართოვდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ჩვენ ვიწყებთ 2-მილიარდიან პროგრამას სპორტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად.


ჩვენ უკვე დავიწყეთ ანაკლიის პორტის მშენებლობა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება.

კიდევ უფრო მეტად განვითარდება ჯანდაცვის სისტემა, გაფართოვდება მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი, ყოველწლიურად გაიზრდება პენსიები ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


მისივე თქმით, ზემოთ ჩამოთვლილი არის ის უმოკლესი გზა, რომელიც საქართველოში ევროპული სტანდარტების კეთილდღეობას შექმნის და საქართველოს არა მხოლოდ ევროპულ ოჯახში შეიყვანს, არამედ, რაც მთავარია, ევროპულ კეთილდღეობას საქართველოში შემოიტანს.


„ამის ალტერნატივაა ავტორიტარიზმი, ომი და ეკონომიკის გაჩერება, რასაც რადიკალური ოპოზიცია გვპირდება. ჩვენი, ჭეშმარიტად ქართული და ჭეშმარიტად ევროპული გუნდის ალტერნატივაა სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე და გახარია, რომლებიც არა მხოლოდ უცხოელი აგენტები, არამედ ქართული კულტურისა და ღირსებისთვის სრულიად შეუფერებელი უსამშობლო ადამიანები არიან.


საკუთარ თავს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი. აქ სასწორის ორ მხარეს დევს ომი და მშვიდობა, ამორალური პროპაგანდა და ტრადიციული ფასეულობები, სიძულვილი და სიყვარული, ბნელი წარსული და საქართველოს ნათელი მომავალი.


26 ოქტომბერს უნდა დავდგეთ ყველა ერთად და ყველას ხმამაღლა უნდა ვუთხრათ, რომ საქართველო ირჩევს მშვიდობას, ტრადიციულ ფასეულობებს და ჩვენი ულამაზესი ქვეყნის ნათელ და ევროპულ მომავალს. სიძულვილითა და მტრობით დანგრეულს ჩვენ სიყვარულით ავაშენებთ, ჩვენ სიყვარულით გავამთლიანებთ საქართველოს და სიყვარულით შევქმნით ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოს ნათელ მომავალს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930