გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: წელს რეკორდული რაოდენობის, 230 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა

19-10-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ბრიფინგზე 2018 წლის რთველი შეაჯამა. მინისტრმა ჟურნალისტებს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგები გააცნო.


დარგში წინსვლა სახეზეა - გაშენებულია ახალი ვენახები, შექმნილია ახალი და გაფართოებული ღვინის ძველი  საწარმოები, ფუნქციონირებს აგროკრედიტის და აგროდაზღვევის სისტემა, გაზრდილია ღვინის ექსპორტის მოცულობა, საექსპორტო ბაზრები დივერსიფიცირებულია. სახელმწიფოს ხელშეწყობით, მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გაძლიერებულია და ის სუბსიდიის ფორმით მხარდაჭერას აღარ საჭიროებს.


„საქართველოში წელს  რეკორდული რაოდენობის მოსავალი მივიღეთ; რეკორდული რაოდენობის, 230 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. მოსახლეობამ 300 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. ასევე რეკორდულია ქართული ღვინის ექსპორტის მონაცემები. 2018 წლის დასასრულისთვის, დაახლოებით, 100 მლნ ბოთლამდე ღვინის  ექსპორტის განხორციელებას ველოდებით. ეს არის გარკვეული ეტაპის დასასრული ქართული ღვინის სექტორის განვითარებაში. 2019 წლიდან, მომავალი 5 წლისთვის ჩვენ გვაქვს ახალი მიზნები და ამ ახალი მიზნების მისაღწევად ყველა წინაპირობა უკვე შექმნილია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

რთველი 2018

2013-2018 წლებში, მევენახეებმა კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ჯამში, 950 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს. დარგში არსებულმა პოზიტიურმა მაჩვენებლებმა შესაძლებლობა გააჩინა, რომ 2018 წლის რთველის პერიოდში ყურძენზე სუბსიდია აღარ გაცემულიყო. ყურძნის ფასის დადგენა საბაზრო ეკონომიკის საფუძვლებზე მოხდა.


2018 წელს გადამუშავდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის ყურძენი -  230 ათასამდე ტონა, მევენახეების შემოსავლებმა 300 მლნ ლარს გადააჭარბა (2012 წელს გადამუშავდა 52 ათასი ტონა).


მევენახეებისგან ყურძნის მიღებისა და გადამუშავების  პროცესში, სხვადასხვა ეტაპზე, 280-ზე მეტი კერძო კომპანია იყო ჩართული, რაც განაპირობებდა ყურძნის  ჩაბარების შეუფერხებელ პროცესს.


ყურძენი ღვინის საწარმოებს 22 ათასმა მევენახემ ჩააბარა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია და რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში იმატა ვენახების რაოდენობამ, რომ გაჩნდნენ  ახალი მევენახეები და რომ სახელმწიფოს მიერ, ბოლო წლებში, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში  სწორი პოლიტიკა და რეფორმები გატარდა.

 

ღვინის საწარმოები

დღეისათვის, ღვინის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირებულია 800-ზე მეტი ღვინის დიდი, საშუალო და მცირე საწარმო. 2012 წელს მათი რაოდენობა  50-მდე ოყო.  


2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს მხარდაჭერით, შეიქმნა 30 ახალი საწარმო და გაფართოვდა 63.

შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე, მეღვინეობისა და სხვა ალკოჰოლური  წარმოების მიმართულებით, ძირითადი საშუალებებისთვის გაიცა 61 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო საბრუნავი საშუალებებისთვის - 263 მილიონ ლარზე მეტი.


2017 წელს ექსპორტზე ღვინო 270-მა კომპანიამ გაიტანა, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით კი, უკვე 260-მა კომპანიამ განახორციელა ექსპორტი.

 

ექსპორტი

2017 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის ღვინოა ექსპორტირებული -  53 ქვეყანაში  76,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ). 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტირებულია 60 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, ზრდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13%-ია (2012 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 42 ქვეყანაში 23 მლნ ბოთლი იყო ექსპორტირებული).

 

მარკეტინგი

ქართული ღვინო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში, იაპონიაში, აშშ-ში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში და სხვა, წარმოდგენილი იყო 500-მდე სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენა-დეგუსტაციასა და ღონისძიებაზე. მოეწყო 100-ზე მეტი ღვინის ტური მედიისა და ღვინის პროფესიონალებისთვის.

 

მეცნიერული კვლევა

„საქართველო - ღვინის აკვანი“. 2017 წლის 13 ნოემბერს, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში (PNAS) გამოქვეყნდა სამეცნიერო სტატია „Early „საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის კვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ღვინოს 8000 წლის წინ აყენებდნენ. კვლევა მიმდინარეობდა პროექტის „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“ ფარგლებში, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს. აღნიშნული მეცნიერული დასკვნა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა -სტატიები დაიბეჭდა ყველა წამყვან საინფორმაციო თუ მეცნიერულ გამოცემაში (The New York Times, BBC, CNN, The Guardian, National Geographic, Washingtonpost და ა.შ.)

 

ვენახების კადასტრი

2014 წელს, ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროგრამის - ვენახების კადასტრის მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი 2014 წელს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში განხორციელდა, 2015 ყვარელში,  2016 თელავში, 2017 - ახმეტის და 2018 წელს - გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

 

ხარისხის კონტროლი და სერტიფიცირება

დაინერგა აღრიცხვის, რეგისტრაციისა და სერტიფიცირების ელექტრონული სისტემები. ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, 2017 წელს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“.

2017 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 110  დეგუსტაცია ჩაატარა. მიმდინარე წლის 9 თვეში კი, უკვე 190 დეგუსტაცია. 2017 წელს ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში განხორციელდა  როგორც საექსპორტო ადგილწარმოშობის, ასევე სუფრის  ღვინოებისა და ღვინის ბრენდის (ლოტთან მიმართებაში) 88  საინსპექციო კონტროლი.  

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930