გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით გალუაშვილი: თუ გიორგი ბაჩიაშვილისთვის ცნობილი იყო სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტი, როგორ შეეძლო დაემალა ასეთი „დანაშაული“ და მხოლოდ არჩევნების წინ გაემჟღავნებინა ის

25-10-2024

„გავეცანი TV პირველზე გასულ გადაცემას "ნოდარ მელაძის შაბათის" ანონსს, სადაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი საუბრობს გარკვეულ ციფრებზე, თითქოს ბატონ ბიძინა ივანიშვილს „მითვისებული“ აქვს ბიუჯეტიდან 400 მილიონი აშშ დოლარი და მიანიშნებს რომ თითქოს ბატონი ბიძინა პოლიტიკურ და ფინანსურ მაქინაციებში იყო ჩართული (პოლიტიკურ თემებთან მე არ გავაკეთებ კომენტარს), - ამის შესახებ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორის, დავით გალუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.


როგორც გალუაშვილი აცხადებს, მას ებადება ეჭვები, რომ ბაჩიაშვილის მხრიდან ხდება თემების პოლიტიზება და იკვეთება პოლიტიკური ნიშნები.

ის სვამს კითხვას, თუ გიორგი ბაჩიაშვილისთვის სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტის შესახებ იყო ცნობილი, რატომ დამალა ამ ხნის მანძილზე და მხოლოდ არჩევნების წინ რატომ გაამჟღავნა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მხრდიან პასუხისთვის დრო აღარ რჩება.


„რადგან გიორგი ბაჩიაშვილი გახლდათ იმ კომპანიის მენეჯერი და მთავარი ფინანსისტი, რომელ კომპანიასაც დღეს მე ვხელმძღვანელობ, არ შემიძლია დავტოვო კომენტარის გარეშე ანონსში გაჟღერებული საკითხები. პირველ რიგში აქცენტს გავაკეთებ იმ ფაქტზე, რომ თუ ბაჩიაშვილისთვის ცნობილი იყო სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტი, რატომ აცხადებს აღნიშნულის შესახებ ახლა, ზუსტად არჩევნების წინა ღამეს, როდესაც არ რჩება დრო პასუხისათვის ბატონი ბიძინას მხრიდან.


როგორ შეეძლო ბაჩიაშვილს დაემალა ასეთი ტიპის „დანაშაული“ და მხოლოდ არჩევნების წინ გაემჟღავნებინა ის. მებადება ბევრი ეჭვი, რომ ბაჩიაშვილის მხრიდან ხდება თემების პოლიტიზება და აშკარად იკვეთება პოლიტიკური ნიშნები.


სწორედ ამ განცხადების საფუძველზე, მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია გიორგი ბაჩიაშვილის მენეჯერული საქმიანობის შესახებ, როდესაც ის მართავდა თანაინვესტირების ფონდს. იმ ხუთ საინვესტიციო პროექტში, სადავ თავად ბაჩიაშვილი იღებდა გადაწყვეტილებას პროექტის შეძენის და შემდგომი მართვის კუთხითაც, და ზუსტად ვიცი, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებების მიღებაში ინვესტორი არ ჩარეულა, 12 წლის წინ 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტია ინვესტირებული.


საზოგადოებისთვის ადვილი გასაგები რომ იყოს, პროექტში ჩადებული ინვესტიციიდან ინვესტორი ჩადებული თანხის გაორმაგებას ელოდება 5-10 წლის განმავლობაში, გააჩნია სახელმწიფოში როგორი ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობაა. საქართველოს შემთხვევაში აღნიშნული ვადა საშუალოდ 6-8 წელიწადია. დარწმუნებული ვარ დამეთანხმებიან ფინანსური წრეებში მოღვაწე ადამიანები. შესაბამისად, მარტივი გამოსათვლელია, რომ 12 წლის წინ განხორციელებული ინვესტიციების ღირებულება დღეს უნდა აღწევდეს დაახლოებით 900 მილიონ აშშ დოლარს, თუმცა პროექტების დღევანდელი ღირებულება ისევ 300 მილიონი აშშ დოლარია! ანუ ზუსტად იმდენი, რაც 12 წლის წინ! აქვე შევახსენებ საზოგადოებას, რომ როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი ბატონი ბიძინა ივანიშვილის „მაქინაციებზე“ მიანიშნებს, უნდა აღვნიშნო, რომ ზ/ა პროექტებიდან ერთ-ერთი, „მტკვარი ჰესი“, რომელსაც თავიდან ბოლომდე ბაჩიაშვილი მართავდა, დაგეგმილ ბიუჯეტზე გადახარჯულმა თანხამ 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა! შევახსენებ საზოგადოებას, რომ სწორედ ამ საქმეს პროკურატურა იძიებს და გიორგი ბაჩიაშვილი დღესაც გამოძიების ქვეშაა.


მე ვერაფერს ვიტყვი ბიტკოინების საქმის შესახებ, გარდა იმისა რაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, როდესაც ბაჩიაშვილმა ბატონ ბიძინას კუთვნილი ბიტკოინები მიითვისა და საქმე სასამართლოშია. სწორედ ამ დროს, არჩევნების წინა ღამეს, გამოდის ბაჩიაშვილი და აკეთებს ასეთი ცილისმწამებლურ განცხადებებს.“ - აღნიშნულია დავით გალუაშვილის განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930