19-10-2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა Erasmus+ ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი, Erasmus+ პროექტებსა და სტიპენდიებზე არსებული მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, 2019-2020 წლებში საქართველოსთვის დამატებით 6 მილიონ ევროს გამოყოფს. აღნიშნული ითვალისწინებს ქვეყანაში უმაღლესი განათლების რეფორმის გაზრდილ მხარდაჭერას, მეტი პროექტის განხორციელებასა და სტუდენტებისა და პროფესორებისათვის 800–ით მეტ სტიპენდიას.
„ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ დამატებითი რესურსი გამოეყო ჩვენი მიმართულებით, განპირობებულ იქნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული დადებითი დინამიკით და საქართველოს მიერ Erasmus+ ის პროგრამის წარმატებული გამოყენებით. აღნიშნული სახსრების გამოყოფა ნიშნავს მეტ სტუდენტს, მეტ მეცნიერს და ამავდროულად მეტ ადმინისტრაციულ მუშაკს ევროკავშირის მასშტაბით, რომლებიც მეტ გამოცდილებას და ცოდნას მიიღებენ“ - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი ელჩი კარლ ჰარცელი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი. ღონისძიებას პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
Erasmus+ ევროკავშირის პროგრამაა 2014–2020 წლებში განათლების, გადამზადების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში. საქართველოში პროგრამა მოქმედებს 2015 წლიდან. საქართველო Erasmus+ პროგრამის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა პროექტებისა და სტიპენდიების მაღალი რაოდენობით.