30-10-2024
„უკვე ოთხი დღე გავიდა, მას შემდეგ, რაც საქართველოში უპრეცედენტოდ გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდა, მაგრამ მიუხედავად ამისა სპეკულაციები არ წყდება, რომლებთან დაკავშირებითაც ჩვენ არ ვაპირებთ არცერთი პუნქტის გატარებას, იმიტომ, რომ უკვე მერამდენედ ხდება, როდესაც აგენტურული ოპოზიცია და მათი თანამზრახველები ცდილობენ უხეშ მანიპულაციებს და ხალხის მოტყუებას იმის შესახებ, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ყალბდება,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ISFED-ის ანგარიშზე ისაუბრა და თქვა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ 4 დღეა უკვე არჩევნების დასრულებიდან გასული დღემდე არ გამოქვეყნებულა. დღემდე არ ვიცით დეტალურად რა ჩაწერა „სამართლიანმა არჩევნებმა“ თავის დასკვნაში“.
„რაც არ უნდა გავაუმჯობესოთ, რაც არ უნდა ელექტრონული არჩევნები ვატაროთ, უკვე ისინი იმდენად დიდ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ ქართული საზოგადოების, თქვენი, ჩვენი, ყველასი აბსოლუტურად, რომ დღეს უკვე გვეუბნებიან, რომ 300 000 ხმა გაყალბდა, ელექტრონულ არჩევნებში 300 000 ხმა. ეს რომ არ გაგრძელდეს ჩვენ ბოლომდე უნდა ჩავყვეთ ყველა დეტალს, იმისათვის, რომ მათ ვეღარ მოახერხონ ქართული საზოგადოების მოტყუება. ერთ-ერთი მათ შორის არის მაგალითად ISFED-ის ანგარიში, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ 4 დღეა უკვე არჩევნების დასრულებიდან გასული დღემდე არ გამოქვეყნებულა. დღემდე არ ვიცით დეტალურად რა ჩაწერა „სამართლიანმა არჩევნებმა“ თავის დასკვნაში.
მათ ქართულ საზოგადოებას მიუგდეს ერთი განცხადება სადაც შუაში სხვათა შორის დაწერეს, რომ მათი მონაცემები და ამ მონაცემების ვერიფიკაცია შეესაბამება ცესკოს მონაცემებს, ანუ აღიარეს არჩევნების შედეგი. თუმცა იქ არის უამრავი დეტალი, რომელიც ძალიან საინტერესოა და ISFED-ი არ ჩქარობს და მეტიც, როგორც ისინი აცხადებენ არც აპირებს ამ მონაცემების გამოქვეყნებას.
უკვე მეორედ გააკეთეს ისეთი რამ, რაც მსოფლიო ისტორიას არც საარჩევნოდ და არც არა საარჩევნოდ არ ახსოვს. წინა საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში მათ გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, ახლა 26 ოქტომბრის არჩევნებზე ისინი საერთოდ უარს ამბობენ მონაცემების გამოქვეყნებაზე და ჩვენ მათ უნდა მოვთხოვოთ, რომ გარდა იმისა, რაც მოგვიგდეს განცხადების სახით, რომ თურმე ვერიფიკაციაა და ა.შ. მათი მონაცემები დაემთხვა, იქ არის უამრავი დეტალი, მათი დაკვირვების შედეგი, უბრალოდ მათ არ უნდათ მტკიცებულება წარმოადგინონ, რომელიც აგენტურული ოპოზიციის გეგმებს შეეწინააღმდეგება.
იმიტომ, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ, მტკიცებულების სახით სიმართლე როგორც ჩანს არის ასახული, ბევრი ტყუილიც იქნება, მაგრამ ეს ტყუილ მართალი მაინც გამოაქვეყნონ და რაც მთავარია იქ იქნება დაწერილი, რომ ერთი-ერთში პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ემთხვევა ცესკოს მონაცემებს, რისი გაკეთებაც არ უნდათ და როგორც ჩვენთვის ცნობილია და ეს უკვე ერთხელ მე პირადად განვაცხადე წინა ბრიფინგზე, ISFED-ის ხელმძღვანელზე არის უპრეცედენტო ზეწოლა რომ ეს არ გააკეთოს.
ასევე მინდა გამოვეხმაურო რამდენიმე არგუმენტს, რომლითაც ქართულ საზოგადოებას აყენებენ უმძიმეს შეურაცხყოფას. მაგალითად: აქვეყნებენ რამდენიმე დასახლების მონაცემს და ამბობენ როგორ ხდება ასე, რომ საქსტატის მონაცემებით ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე არჩევნებში იღებს მონაწილეობას, უმარტივესი მაგალითი, რას იტყუებიან და რა უბინძურეს მანიპულაციასთან გვაქვს საქმე. მაგალითად - აღწერის მიზნით მივიდა ცაგერში მცხოვრებ ოჯახში საქსტატის წარმომადგენელი დააფიქსირა, რომ ამ ოჯახში ცხოვრობს ორი ადამიანი, თუმცა ამ ოჯახში ჩაწერილია, ვთქვათ, 10 ადამიანი და შემდეგ ჩავიდნენ დანარჩენები და მისცეს ხმა, შემდეგ გამოდის ნებისმიერი მდაბიო მანიპულატორი და ამბობს, როგორ კაცო ორი ადამიანი ცხოვრობს და როგორ მისცა 10-მა ან 7-მა ხმა, ანუ საქსტატის მონაცემები შეესაბამება, მაცხოვრებელი, ადგილზე მყოფი ადამიანების რაოდენობას, მასში არ შედის არც ემიგრანტი, არც სხვა ქალაქში თუ სოფელში მცხოვრები ადამიანი და ამასთან დაკავშირებული მანიპულაცია არის უმძიმესი შეურაცხყოფა ქართული საზოგადოების.
ასევე, რას გკადრებენ თქვენ, ქართულ საზოგადოებას. მაგალითად, ისინი ამბობენ, რომ 300 000 ხმის გაყალბებაზე, რომ ლაპარაკობენ უკვე არასერიოზული ხარ, მაგრამ ამ ლოგიკაშიც რომ ჩავყვეთ. თქვენ გახსოვთ ალბათ, არჩევნების დღეს რამხელა აქტივობა იყო და სულ რომ ციფრები არ ვიცოდეთ თითოეულ უბანზე ეს იგრძნობოდა იმხელა რიგები იყო, უპრეცედენტო რიგები იყო, ასეთი რიგები იყო მხოლოდ 2012 წელს და ასეთი რიგები იყო, მხოლოდ 2024 წელს, ამაში ხომ ყველა ვეთანხმებით ერთმანეთს. ისინი ამბობენ, რომ 300 000 ადამიანი საერთოდ არ არსებობს ასეთი, უბრალოდ ასეთი ხმები გაჩნდა ფურცელზე ანუ აქტივობა მათი ლოგიკით, ნაცვლად დაახლოებით 2 070 000 იყო 1 770 000, რაც არის საშუალოზე დაბალი აქტივობა.
ანუ რიგები მოგვეჩვენა, არ ყოფილა რიგები. თქვენ რაც ნახეთ რიგები ტელევიზიის საშუალებით, თქვენი თვალით, ეს რიგები არ ყოფილა, მოგეჩვენათ. ქართული ოპოზიცია, რადიკალები, აგენტურა, მათი გარეთ მხარდამჭერები, ყველანი გეუბნებიან, რომ არჩევნების დღეს რიგები არ ყოფილა, 300 ათასი ადამიანით ნაკლები ნიშნავს დაახლოებით საშუალოდ 100 ადამიანით ნაკლებს თითოეულ საარჩევნო უბანზე, რაც დიდ უბნებზე ნიშნავს 150, 200, რიგ შემთხვევებში 250 და 300 ადამიანით ნაკლებს თითოეულ უბანზე. და ამდენით ნაკლები ადამიანი ნიშნავს იმას, რომ არავითარ შემთხვევაში იქ რიგები არ უნდა ყოფილიყო. რაც ხდება ხოლმე თვითმმართველობის არჩევნებზე ათასში ერთხელ, სადღაც რიგი რომ არის ხოლმე და ეს იმ დღეს უპრეცედენტოდ მიიჩნევა. ანუ, ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე არჩევნების დღეს რიგები არ ყოფილა, ეს რიგებიც მოგვეჩვენა. 300 ათასი ადამიანი კი არ მივიდა „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, არამედ უბრალოდ მოგვეჩვენა ეს რიგები და მაღალი აქტივობა, სანამ თავისი ეგონათ მანამდე კარგი იყო.
ახლა გვეუბნებიან, რომ აქტივობა საერთოდ არ ყოფილა. სად იყო? არც რიგი იყო, არც მაღალი აქტივობა იყო, 1 770 000 ადამიანი მივიდა. აი ამ უბინძურეს, მდაბიო ფეიკს სთავაზობენ ქართულ საზოგადოებას. და ერთი სიახლე, მათთვის სიურპრიზი მინდა წარმოგიდგინოთ ასევე. რამდენიმე შემთხვევა უკვე გამოკვეთილია და მე მინდა საზოგადოებას, ჩვენ მომხრეებს, მათ შორის, განსაკუთრებით, მოვუწოდო თუ ასეთი შემთხვევები კიდევ იყო, რაზეც მე ახლა ვიტყვი, ვთხოვ ყველას, შეგვატყობინონ. უკვე რამდენიმე ფაქტი გვაქვს, როდესაც ჩვენი მომხრე, ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბანზე და არ აღმოჩნდა სიაში და რატომ.
როგორც აღმოჩნდა, რაღაც გაურკვეველი ნომრებით ისინი დარეგისტრირებულები არიან დამკვირვებლებად რომელიღაც რეგიონში საარჩევნო უბნებზე. ანუ, ვთქვათ მე მივედი კონკრეტული პარტიის მხარდასაჭერად თბილისში, ჩემს საარჩევნო უბანზე და აღმოვჩნდი დავუშვათ წყალტუბოში დამკვირვებლად გაფორმებული და ამ გაფორმების ავტორები არიან სხვადასხვა პარტიები აგენტურული პარტიებიდან. თუ ხმების მოპარვაზე ვლაპარაკობთ, ამასაც ბოლომდე ჩავყვებით და ბოლომდე დავადგენთ ვინ დაარეგისტრირა ეს ხალხი ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლებად, ჩვენი მომხრეები. ხმების მოპარვა რომ გაინტერესებდათ რეალური, აი ამ რეალურ ფაქტებს დაგიდებთ ძალიან მალე, უკვე არსებობს და რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ ხვალ ზეგ კონკრეტული ფაქტები გექნებათ ვისი ხმები როგორ მოიპარეთ.
ასევე, არ ვაპირებთ ის სიბინძურე გავატაროთ, რასაც კადრულობს ორი დღეა ბატონი გიორგი ვაშაძე. ორი დღეა „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები ატრიალებენ მის მიერ წარმოდგენილ რაღაც ვიდეოს, მათი მტკიცებით ამ ვიდეოში, ელექტრონულ აპარატში ხდება განთავსება ერთი და იმავე პირის მიერ რამდენიმე ბიულეტენის. ბატონო გიორგი და მის თანამზრახველებსაც მივმართავთ: ორი ვერსიაა, სამი ვერ იქნება. ან საქმე გვაქვს დანაშაულთან, როდესაც კონკრეტული ადამიანი აყალბებს არჩევნებს, ხომ ასეა, ხომ მეთანხმებით? ან საქმე გვაქვს დანაშაულთან, რომ აყალბებს არჩევნებს ვიღაც, ან მეორე შემთხვევაში, გიორგი ვაშაძე იტყუება და საქმე გვაქვს იმ შემთხვევასთან, როდესაც კომისიის წევრი, აპარატში ათავსებს გადასატანი ყუთის რამდენიმე ბიულეტენს - დამკვირვებლებიც უყურებენ, ყველა უყურებს, ჯერ აცხადებს: მეგობრებო, ახლა ჩვენ აპარატში ყველამ ერთად უნდა მოვათავსოთ გადასატანი ყუთის ბიულეტენები. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, ერთი და იგივე ადამიანი ათავსებს და ეს ხდებოდა ყველა იმ უბანზე, სადაც გადასატანი ყუთი არსებობდა. ან ამასთან გვაქვს საქმე და უბრალოდ, მათ მოჭრეს თავში ვიდეო და ხალხს ატყუებენ, რომ ერთი და იგივე ადამიანი აძლევს ხმას, ანუ აყალბებს - ახლა ამასაც ბოლომდე მივყვებით ჩვენ. ან დიდი ბოდიში ექნებათ მოსახდელი, ბოდიში მაგათ ლექსიკაში არ არის, მტყუან-მართალი მაგათთვის სულ ერთია, მაგრამ მაინც, გამოჩნდება, რომ საზოგადოებას კიდევ ერთ უბინძურეს ტყუილს კადრებენ, ან დანაშაულთან გვაქვს საქმე.
ახლა ვთხოვთ და მოვითხოვთ მათგან: ეს ვიდეო, რომელსაც ყველა ოპოზიციური მედიის ეთერებში ატრიალებენ, თქვან რომელი უბნიდან არის, რომ ჩვენ შევძლოთ იდენტიფიცირება, მათ შორის, პროკურატურამ, რომელმაც უკვე დაიწყო გამოძიება, რაც ძალიან კარგია. ყველამ შეძლოს იდენტიფიცირება - რასთან გვაქვს საქმე, მათ მიერ დადგმულ სპექტაკლთან, ტყუილთან, მანიპულაციასთან და მდაბიო "ფეიკთან" თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულთან.
ასევე, ამ ფაქტთან დაკავშირებით, კეთილი ინებონ, მივიდნენ შესაბამის ორგანოში, მათ შორის, მათი ნებაა, პროკურატურაში თუ ნებავთ, თუ ნებავთ შს სამინისტროს ნებისმიერ დანაყოფში და მისცენ ჩვენება, რომ მათ აღმოაჩინეს სისხლის სამართლის დანაშაული ამა და ამ უბანზე, რომ ერთი ადამიანი რამდენიმე ბიულეტენს ათავსებს აპარატში, რაც თუ იმ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე, რომ გადასატანი ყუთის მონაცემებს ათავსებს, მაშინ, გვაქვს დანაშაული. ან ერთი თქვან, ან - მეორე და ვნახოთ მერე შედეგები. წინასწარ არ ვამბობთ არაფერს, ობიექტურად, ვცდილობ ნეიტრალური პოზიციიდან ვილაპარაკო, ან ერთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ან - მეორესთან. ახლა თქვან: ან დანაშაულია, რომელი უბანია, ვინ არის ეს ადამიანი, წყარო ნახონ, ვინ მიაწოდა; არ გვინდა წყარო, თვითონ თქვან, რომელი უბანია და შემდეგ აღმოჩნდება, ქართული საზოგადოება ნახავს, რასთან გვაქვს რეალურად საქმე - უბინძურეს ტყუილთან, რომლითაც ატყუებდნენ საზოგადოებას თუ სისხლის სამართლის დანაშაულთან.
ასევე, უნდა დავაფიქსიროთ ის ფაქტიც, რომ მმართველმა პარტიამ, მეორე ადგილზე გასულ პარტიას, მოუგო დაახლოებით 890 800 ხმით, ერთით, ორით, ათით, ოცით, ასით, ორასით კი არა - 890 800 ხმით. რამდენი ხმით უნდა მოგიგოთ, რომ მიხვდეთ, რომ რაღაცა სისულელეები არ ილაპარაკოთ, ოპოზიციას მივმართავ და ქართულ საზოგადოებას ასეთი ბინძური "ფეიკები" არ შესთავაზოთ და შეურაცხყოფა არ მიაყენოთ, რომ 300 000 ხმით გაყალბდა თურმე. დღეს, სხვათა შორის, სიორიძე, რომელიც თუ არ ვცდები, "ლელოს" წარმომადგენელია, კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა ცესკო-სი, შეამცირა ვითომ რამე შეღავათია, ამბობდა, რომ 200 000 ხმა მოიპარა „ქართულმა ოცნებამო“. სამასსა და ორასს შორის გაყალბების გიჟურ მასშტაბში განსხვავება არ არის პატივცემულო, რომ იცოდეს იმ ადამიანმა და ამ სიგიჟეს, ძალიან ვთხოვთ, ნუ კადრებენ ქართულ საზოგადოებას.
ასევე მინდა გამოვეხმაურო ამერიკის შეერთებული შტატებიდან გაკეთებულ განცხადებებს გუშინ. ორი ძალიან ნიშანდობლივი განცხადება იყო, ერთი ჰელსინკის კომისიის, რომელიც უკიდურესად ტენდენციური, აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი იყო ქართული საზოგადოებისათვის და ქართული სახელმწიფოსთვის, მეორე ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადება. მეორეს მე დავარქმევდი, ისევე, როგორც გუშინ და გუშინ წინ ამაზე ვილაპარაკეთ ჩვენ და ვისაუბრეთ, კრიტიკულ აღიარებას.
იქ რაღაც შემაშფოთებელ ცნობებზე და რაღაცებზე იყო საუბარი, მაგრამ ეს იყო აღიარება და ლეგიტიმაციის მიცემა ქართული არჩევნებისა, რის გამოც უხეშად გააკრიტიკა ჰელსინკის კომისიამ. ჰელსინკის კომისიამ თქვა, რომ „ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის მხრიდან სამარცხვინოა, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლების მოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ მიტაცებას ლეგიტიმაციას აძლევენ“. ის, რომ ლეგიტიმაცია მისცა ქართულ არჩევნებს აღმოჩნდა შემაშფოთებელი, შეურაცხმყოფელი და ასეთი განცხადების საფუძველი ჰელსინკის კომისიის მხრიდან საკუთარი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისადმი. მაშინ, როდესაც თავად ეს კომისია გუშინვე ამბობდა, რომ „ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა ნათელი მტკიცებულება წარადგინეს იმისა, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს“.
ეს არის უმძიმესი ბრალდება. ჩვენ მოვუწოდებთ იგივე სამოქალაქო საზოგადოებას, ენჯეო სექტორს, პოლიტიკოსებს და დამკვირვებლებს, რომლებმაც ჰელსინკის კომისიას წარუდგინეს რაღაც ნათელი მტკიცებულებები, თუ შეიძლება ქართულ საზოგადოებასაც დადეთ პატივი და წარუდგინეთ ეს ნათელი მტკიცებულები. ჰელსინკის კომისიას რომ მისცეს ეს მტკიცებულებები, ქართულ საზოგადოებას, ჩვენ ყველას დაგვიმალეს თუ რა ქნეს? ნათელი მტკიცებულება კი არა არც არა ნათელი და ბნელი მტკიცებულება არ გვინახავს.
ბნელი მტკიცებულება შეგვიძლია დავარქვათ ვაშაძის მიერ გავრცელებულ ფეიქებს თუ არა ფეიქებს, წეღან მოვუწოდე, რომ გამოამჟღავნოს რომელი უბანია რა არის. ელემენტარული მტკიცებულება იმისა, რომ სადღაც რამე გაყალბდა თუ შეიძლება ქართულ საზოგადოებასაც წარუდგინონ. თურმე ჰელსინკის კომისიას წარუდგინეს რაღაც ნათელი მტკიცებულებები - ჩვენ აზრზე არა ვართ არავინ საქართველოში, რა ნათელ მტკიცებულებებზეა საუბარი. ეს ნათელი მტკიცებულებები კეთილი ინებონ და ჩვენც წარმოგვიდგინონ, ან პროკურატურას წარუდგინონ, ან რომელიმე სხვა საგამოძიებო ორგანოს წარუდგინონ, ან გაასაჯაროონ და წარუდგინონ ქართულ საზოგადოებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ნათელი მხოლოდ ის იქნება, რომ ჰელსინკის კომისია იტყუება, სამწუხაროდ გვიწევს ამის თქმა, ისევე როგორც საქართველოს, ქართული სახელმწიფოს, ქართული საზოგადოების მიმართ, ასევე შეურაცხყოფას აყენებს საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას, აშშ-ს პრეზიდენტს, იმ განცხადებით, რომლითაც მან დაგმო ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომა ქართული არჩევნების ლეგიტიმურად ცნობის შესახებ და ლეგიტიმაციის მინიჭების შესახებ.
ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ არ ვაპირებთ გავუტაროთ, სულ რომ, აი დღესვე რომ გაჩერდნენ აგენტურული პარტიები და თქვან, რომ ყველაფერი კარგად იყო, ჩვენ ჩავყვებით ამ თემას, მათ ტყუილებს არჩევნების გაყალბების შესახებ ბოლომდე.
ამ წუთს არც ერთმა „ნაციონალურმა მედიამ“ კითხვა რომ აღარ დამისვას, არც ერთმა ნაცმა და მისი კლასტერის წარმომადგენელმა საერთოდ რომ აღარაფერი თქვან და ხელები აწიონ და თქვან, რომ კი სიგიჟეა ბოდიში იმისთვის, რომ 300 000 ხმის გაყალბებაზე ვლაპარაკობთ ელექტრონულ არჩევნებში, არ ვაპირებთ, რომ გავჩერდეთ ბოლომდე ჩავყვები და ვამხელთ თითოეულ მათ მავნებლობას და ტყუილს ისევე როგორც ეს გავაკეთეთ და უფრო მეტადაც 2020 წლის არჩევნებში, სადაც საგამოძიებო კომისიაც შეიქმნა და ერთი რეალური მტკიცებულება ვერ დადეს ეს კინო ხომ ნანახი გვაქვს ჩვენ ყველას. 2020 წელს ხომ იმავეს ლაპარაკობდნენ, არ ვაპირებთ, უფრო მეტად, უფრო ხისტად ჩავყვებით ბოლომდე, კეთილი ინებონ ახლა მიბრძანდნენ, გამოძიება დაიწყო პროკურატურაში, მისცენ ჩვენებები ერთი რა გაყალბების მტკიცებულებები აქვთ, იქ ასე მარტივად ვერ წარადგენენ, იმიტომ რომ, თუ წარადგენს რაიმე მტკიცებულებას, იმ ვიდეოს თავი და ბოლო აქვს დარწმუნებული ვარ, ვაშაძე რომ აფრიალებს. ასე აფრიალებს ტელევიზიაში, მოატყუებს ხალხს, მერე რა, არანაირი პასუხისმგებლობა. წავიდეს ახლა ჩვენება მისცეს, საიდან მოიპოვა, როგორ მოიპოვა.
ან ვთქვათ, როგორც დეპუტატმა შეუძლია თქვას, წყარო არ დაასახელოს, მაგრამ რომელი უბანია ის მაინც დაასახელოს, რაღაცა მტკიცებულებას, რომ აფრიალებს და პასუხი აგოს თავის თითოეულ განცხადებაზე. თუ არის დარღვევა კი ბატონო, თუ დანაშაულია დაისჯება უმკაცრესად კი ბატონო, მაგრამ თუ იტყუება ესეც გამომჟღავნდება და აი ამაში ვაპირებთ ბოლომდე ჩაყოლას და ამ ჩაყოლას შედეგი ექნება რა - ქართული საზოგადოება დარწმუნდება, რომ ჩვენი ჩაყოლა ჩვენი ახირება კი არ იყო და მართლები ვართ და ბოლომდე მივაწექით ამაზე კი არ იქნება ლაპარაკი, მართლები ვართ და ამ სიმართლის გარდა ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ისინი თითოეული სიტყვას იტყუებიან და უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებენ თავის ამომრჩეველს პირველ რიგში და ქართულ საზოგადოებას. ერთადერთი რატომაც მეცოდებიან არის ის, რომ ერთ რამეს ვიგებ მხოლოდ, აქამდე ისინი ატყუებდნენ საზოგადოებას, რომ 25-30% აქვს „ქართულ ოცნებას“, ახლა არიან ძალიან ცუდ დღეში, რა უნდა თქვან ახლა გეუბნებოდით რომ 25 % აქვთ და გატყუებდით და ახლა თურმე 54 % სწორი მონაცემიაო?! და მეორე უარესი ტყუილის თქმა მოუწიათ, ერთადერთი შეიძლება გავიგო, მატყუარას გაუგო ეს, რასაც არასდროს არ იკადრებს არა მატყუარა, არა აგენტი, აი მატყუარა შეიძლება მივხვდე უფრო სწორად, გაგებით კიდევ ვერ გავუგებ, მივხვდე რატომ იტყუება უარეს ტყუილს, ვიდრე აქამდე იტყუებოდა“, - აცხადებს მდინარაძე.