30-10-2024
თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, კეთილი ინებოს და მიმართოს პროკურატურას, თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით - ყველა აერიდება მტკიცებულებების წარდგენას, გამომდინარე იქედან, რომ ასეთი მტკიცებულებები უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრმიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, მმართველმა გუნდმა ფაქტებით დაამტკიცა 2020 წელს, რომ ენჯეოების და პარტიების ბრალდება იყო სრული ტყუილი და ამ არჩევნების შემდეგაც უკვე დამტკიცდა იგივე.
„ოპოზიცია ატყუებდა საზოგადოებას, მათ შორის, საკუთარ ამომრჩეველს, იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი იგებდნენ არჩევნებს, ისინი ატყუებდნენ საზოგადოებას, რომ საქართველოში ყოველი მეორე იყო ნაცი, რაც ბუნებრივია, ვერ იქნება სიმართლე. საქართველოში საზოგადოების უდიდესი ნაწილი აზროვნებს სახელმწიფოებრივად. ჩვენი მოქალაქეები უფრთხილდებიან მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გააკეთა ის არჩევანი, რაც იყო უალტერნატივო ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. მაგრამ ეს ადამიანები, ოპოზიციის წარმომადგენლები ატყუებდნენ საზოგადოებას, მათ შორის, საკუთარ მხარდამჭერებს, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კოლექტიური „ნაცმოძრაობა", რადიკალური ოპოზიცია იგებდა არჩევნებს. ახლა მათ მოუწევთ, თვალებში ჩახედონ საკუთარ ამომრჩეველს. რა თქმა უნდა, ისინი ვერ გამოავლენენ ღირსებას იმისათვის, რომ სიმართლე უთხრან ამ შემთხვევაში მაინც საკუთარ ამომრჩეველს და მათ უწევთ ახალი ტყუილის თქმა. მანამდე ატყუებდნენ საზოგადოებას იმის შესახებ, რომ თითქოს იგებდნენ არჩევნებს, ახლა უწევთ იმის თქმა, თითქოს, გაყალბდა არჩევნები. ესეც არ არის ახალი. იგივე ხდებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თუმცა ჩვენ ყველაფერთან დაკავშირებით ფაქტებით დავამტკიცეთ 2020 წელს, რომ თითოეული ენჯეოს და პარტიების ბრალდება იყო სრული ტყუილი და ამ შემთხვევაშიც უკვე დავამტკიცეთ იგივე, თუმცა, გავაგრძელებთ ამ მტკიცებას მომდევნო დღეების განმავლობაშიც. ამაში პროკურატურის როლიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაფერი იქნება გამოძიებული. თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, კეთილი ინებოს და მიმართოს პროკურატურას, თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ დააკვირდეთ, როგორ წარიმართება პროცესი - ყველა აერიდება მტკიცებულებების წარდგენას, გამომდინარე იქედან, რომ ასეთი მტკიცებულებები უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს", - განაცხადა პრემიერმა.