გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანალიტიკური ცენტრი COORDENADAS: საქართველოში არჩევნების შედეგების აღიარება სტრატეგიული გადაწყვეტილებაა რეგიონული და ევროპული სტაბილურობისთვის

30-10-2024

პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციის ქვაკუთხედს და გეოპოლიტიკურად არასტაბილურობის კონტექსტში სტაბილურობის ძლიერ მესიჯს წარმოადგენს, - ნათქვამია ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტის სტატიაში.


როგორც სტატიაშია აღნიშნული, 54 პროცენტის მიღებით „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა იმ საარჩევნო სისტემის პირობებში, რომლის რეფორმირებაც ევროპული სტანდარტების შესაბამისად თავად მოახერხა.


„მაშასადამე ევროკავშირი ფუნდამენტური არჩევანის წინაშე დგას: აღიაროს შედეგები და გააძლიეროს ურთიერთობა საქართველოს ლეგიტიმურ მთავრობასთან, ან გარისკოს და დათესოს არასტაბილურობა, რასაც გარე ძალები, კერძოდ, რუსეთი კავკასიის დესტაბილიზაციისა და რეგიონული საფრთხის შესაქმნელად გამოიყენებს.


საქართველოში სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქვეყნის შიდა მშვიდობისთვის, არამედ მთლიანად ევროპული უსაფრთხოებისთვის. საქართველო, როგორც ევროპის გზაზე მოძრავი ქვეყანა, დემოკრატიული სტაბილურობის შუქურაა კავკასიაში, რომელიც არის ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რეგიონი და ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს“, - წერია სტატიაში.


მასში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს დემოკრატიული სუვერენიტეტის აღიარება და მისი კანონიერი ხელისუფლების მხარდაჭერა საკვანძო საკითხებია, რომელიც იმის გარანტიაა, რომ ქვეყანა თანამშრომლობისა და მშვიდობის სივრცედ დარჩება.


„არჩევნების შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობამ მშვიდობა და სტაბილურობა აირჩია რეგიონში არსებული ისტორიული კონფლიქტის ფონზე. არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდა ევროკავშირის მითითებებისა და დაკვირვების ქვეშ.


საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის ეუთო/ოდირის, თანახმად, არჩევნების დღე „კარგად მოწყობილი და ადმინისტრირებული იყო“. 1 700 საერთაშორისო და 23 000 ადგილობრივმა დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ შედეგები გამჭვირვალე და ლეგიტიმურია.


გარდა ამისა, ამერიკულმა კომპანია Pro V&V-მ კენჭისყრაში გამოყენებული ელექტრონული მოწყობილობების უსაფრთხოება და სიზუსტე შეამოწმა, მაშინ, როცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც ჩაატარა აუდიტი და საარჩევნო უბნების 10% ხელით გადათვალა, რათა საზოგადოების ნდობა არჩევნების შედეგებისადმი აემაღლებინა.


ამ დასაბუთებულ პროცესში ეჭვის შეტანა დემოკრატიულ პრინციპებს, რასაც ევროკავშირი საქართველოში მხარს უჭერს, ძირს გამოუთხრის და გაუგზავნის უნდობლობის სიგნალს ქვეყანას, რომელიც რუდუნებით შრომობდა, რათა საკუთარი ინსტიტუციები ევროპულ ღირებულებებთან დაეახლოებინა“, - ნათქვამია სტატიაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930