1-11-2024
თურქეთის ხელისუფლება უცხოური აგენტების კანონის მიღებას აპირებს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
ინიციატივას თურქეთში მომუშავე სამოქალაქო სექტორი და მედია ეწინააღმდეგება. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ კანონის მიღებით პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობას განსხვავებული აზრისა და კრიტიკის ჩახშობა სურს.
კანონპროექტის განხილვა თურქეთის პარლამენტში რამდენიმე დღეში დაიწყება. სააგენტოს ცნობით, ახალი ინიციატივის მიზანია შეუზღუდოს საქმიანობა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც უცხო ქვეყნის ან ორგანიზაციის გავლენისა და მითითების საფუძველზე „ძირს უთხრიან სახელმწიფოს უსაფრთხოებას და მის შიდა და გარე პოლიტიკურ ინტერესებს“. კანონპროექტი შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს.
Bloomberg-ის მტკიცებით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ერდოღანის პარტიას ეკუთვნის. ის საქართველოში მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ჰგავს, რამაც დასავლეთის კრიტიკა და საპროტესტო აქციები გამოიწვია.
ათობით თურქულმა მედია-საშუალებამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა და საკანონმდებლო ინიციატივის უკან გაწვევა მოითხოვა.
„ჩვენ კანონპროექტს განვიხილავთ, როგორც განგაშის ზარს სიტყვის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის“, - ციტირებს სააგენტო ორგანიზაცია „ჟურნალისტების ევროპული ფედერაციის“ ვიცე-პრეზიდენტს მუსტაფა კულელის. მისივე აზრით, „ბუნდოვნად ჩამოყალიბებულმა კანონპროექტმა, შესაძლოა, ყოველდღიური ჟურნალისტური და სამოქალაქო საქმიანობა დასჯად ქმედებად აქციოს“.