8-11-2024
ყველაფერთან დაკავშირებით მქონდა საუბარი შარლ მიშელთან, განმარტებები გავუკეთე, მან მოისმინა და ალბათ გამოიტანს დასკვნას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არჩევნების გამოძიებასთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდება.
„ყველაფერთან დაკავშირებით მქონდა საუბარი შარლ მიშელთან, მათ შორის განვუმარტე მას, რომ მთელი რიგი სუბიექტები ითხოვდნენ გამოძიებას, ბორელის განცხადება შევახსენე მას, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება და ისინი საუბრობდნენ სწორედ ეროვნულ გამოძიებაზე, ქართული, კონსტიტუციური ორგანოების მიერ ჩასატარებელ გამოძიებაზე. მე მას განვუმარტე, რომ ცესკო-მ მიმართა პროკურატურას, მეორე დღესვე პროკურატურამ დაიწყო გამოძიება არჩევნების თემასთან დაკავშირებით. შემდეგ პროკურატურაში დაიბარეს გამოკითხვაზე სალომე ზურაბიშვილი, შემდეგ იყო სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ მას ეთანამშრომლა პროკურატურასთან, თუმცა, ამაზე უარი თქვა სალომე ზურაბიშვილმა. ჩვენ გავყევით იმ მოწოდებას, რომელიც მოვისმინეთ როგორც აშშ-დან, ასევე ევროკავშირიდან. პროკურატურამ დაიწყო რეალურად გამოძიება, შემდეგ სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა ის ამბობს ამაზე უარს. ჩვენ რეალურად გავითვალისწინეთ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდება, თუმცა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არის ოპოზიციის ერთ-ერთი ფიგურა, საერთოდ არ ითვალისწინებს ამ მოწოდებას. ყველამ თავის დასკვნები უნდა გამოიტანოს, მე ამასთან დაკავშირებით განმარტებები გავუკეთე შარლ მიშელს, მან მოისმინა და ალბათ გამოიტანს დასკვნას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.