22-10-2018
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საბოლოო პოზიცია რუსეთ-საქართველოს ომის თაობაზე იმ საერთაშორისო შეფასებებს არ სცდებოდა, რომელიც 2008 წლის ომთან დაკავშირებით არსებობს.
ჟურნალისტებთან საუბარში თამარ ჩუგოშვილი „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის სარჩელის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს.
„ამ ინფორმაციას არ ვფლობ. ეს ინფორმაცია შეიძლება მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს ჰქონდეს, როგორც ქვეყნის წარმომადგენელს. სწორი იქნება, თუ დეტალებზე იუსტიციის სამინისტრო ისაუბრებს. განცხადებები, რომელიც გაკეთდა, სხვადასხვაგვარი იყო, თუმცა სალომე ზურაბიშვილის საბოლოო პოზიცია იმ საერთაშორისო შეფასებებს არ სცდებოდა, რომელიც 2008 წლის ომთან დაკავშირებით არსებობს. კონკრეტულად მტკიცებულებად რა არის წარდგენილი და ამას რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს, ეს იუსტიციის სამინისტროს შეუძლია გითხრათ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჰააგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის მიერ 2009 წელს შეტანილ სარჩელში სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ამოღებული ციტატებია შეტანილი.
1-11-2024
1-11-2024