14-11-2024
წინასაარჩევნო პერიოდში ყველაფერი ჩატარდა სუფთად, იყო უპრეცენდენტოდ მშვიდი გარემო და ეს შეგიძლიათ ნახოთ მათივე NGO-ების დასკვნებში, ვერაფერი დაწერეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში "აქტუალური თემა" განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რეალურად, ოპოზიცია არის სრულ გაუგებრობაში იმიტომ, რომ მანქანებს შეეჯახნენ და ელექტრონულ აპარატებს ებრძვიან.
„დაფიქსირდა უპრეცენდენტო აქტივობა, რასაც ყველა აღიარებს. ისინი წერენ კიდეც facebook-ზე, მათ შორის, საჯაროდ ამბობენ, რომ 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი გამოვიდა. საბოლოო ჯამში დაფიქსირდა დაახლოებით 2 075 000 ამომრჩეველი და ყველა აღიარებს იმას, რომ ეს უპრეცენდენტო აქტივობა იყო სახეზე, რომ ამდენი ამომრჩეველი მივიდა ფიზიკურად საარჩევნო უბნებზე. ამას ეჭვქვეშ არავინ აყენებს, რომ 2 075 000 ამომრჩეველი მივიდა, 2 100 000-მდე მივიდა, იყო ბათილი ბიულეტენების მცირე რაოდენობა, საბოლოო ჯამში დაფიქსირდა 2 075 000 ხმა, ანუ ყველა აღიარებს, რომ 2 მილიონზე მეტი. ის, რომ 2 075 000 ამომრჩევლის ხმა დაფიქსირდა, არის უტყუარი ჭეშმარიტება, რომელსაც არავინ უარყოფს. ამ ადამიანებმა ხმა მისცეს აპარატების მეშვეობით და საბოლოო ჯამში, ერთ წამში ღილაკზე თითის დაჭერით ამოიბეჭდა საარჩევნო ოქმები, სადაც ასახულია არჩევნების შედეგები. აქ ხომ მანიპულაცია გამორიცხულია. ყველა აღიარებს, რომ ეს 2 075 000 ადამიანი რეალურად მივიდა და ვიღაცას მისცა ხმა, ვის მისცა ხმა, ეს არის დაფიქსირებული საარჩევნო ოქმებში, რაც აპარატმა ამობეჭდა. ეს არ იყო ვიღაცის მიერ დათვლილი. გაყალბება თუ ხდება, შეიძლება მოხდეს მაგალითად იგივე ხმების დათვლის დროს, როცა იქ რაღაც მანიპულაციები მიმდინარეობს. არავითარი შანსიც კი არ არსებობდა მანიპულაციის. რეალურად, აპარატში შევიდა ოქმები, ეს ოქმები ამოიბეჭდა, მერე ხელითაც იქნა გადათვლილი ეს ყველაფერი", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, 2 075 000 ამომრჩეველი არის უტყუარი ფაქტი და ამ ადამიანებმა შემდეგ რომ კონკრეტული არჩევანი გააკეთეს, ესეც უტყუარად დასტურდება საბოლოო ჯამში იმ ოქმებით, რომლებიც ამოიბეჭდა.
„ერთადერთი რჩება ხმის ფარულობა, რასთან დაკავშირებითაც 3 დღის განმავლობაში არავითარი განსაკუთრებული განცხადებები არ გაკეთებულა. როცა ნახეს, რომ საბოლოო ჯამში, არაფერი აღარ იყო სათქმელი, გადაერთნენ ხმის ფარულობის თემაზე. ვინც სწორად აძლევდა ხმას, ყველა ამომრჩევლის შემთხვევაში დაცული იყო ხმის ფარულობა. თუ ვინმეს არასწორად შეჰყავდა საკუთარი ოქმი აპარატში, მაშინ შეიძლებოდა ხილული გამხდარიყო მიცემული ხმა. იგივე შეიძლება მოხდეს, რა თქმა უნდა, არაელექტრონული არჩევნების შემთხვევაშიც, მაგრამ აქ ერთი საინტერესო დეტალი რა არის, რომ ჩვენ ხომ გვქონდა ხმების ზრდა და ერთნაირი ზრდა დაფიქსირდა პლუს-მინუსით, როგორც ელექტრონულ, ასევე არაელექტრონულ უბნებზე. უფრო მეტიც, არაელექტრონულ უბნებზე, სადაც საერთოდ არ დგას დღის წესრიგში ხმის ფარულობის საკითხი, არავინ აპროტესტებს იმიტომ, რომ კონვერტში იდებოდა ბიულეტენები და ისე ვარდებოდა დახურულ ყუთში, იქ კიდევ უფრო მეტი ზრდა დაგვიფიქსირდა. იყო რეგიონებში უფრო მაღალი ზრდა, ვიდრე შესაბამის უბნებზე. ხმის ფარულობასა და არჩევნების შედეგებს შორის რომ არავითარი კავშირი არ იყო, ესეც უტყუარი ფაქტებით დასტურდება. სინამდვილეში საერთოდ მოსადავებელი არაფერი არ არსებობს. 400 000 ხმაზე ლაპარაკობენ. ჯერ დაიწყეს 300 000-ით, მერე რომ ნახეს, რაღაც ძალიან ჭარბ რიცხვებზე საუბრობდნენ, ჩამოვიდნენ 200 000-ზე, მერე დათვალეს, რომ ჩვენ გვყოფნიდა დაახლოებით 325 000 ხმით ნაკლები იმისათვის, რომ მოგვეგო არჩევნები და მერე დაიწყეს ლაპარაკი 400 000-ზე. ამ რიცხვებსაც ჰაერიდან აბრახუნებენ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.