21-11-2024
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი მინისტერიალზე „სოფლის მეურნეობის ინოვაციების მისია კლიმატისთვის“ (Agriculture Innovation Mission for Climate - AIM for Climate) სიტყვით გამოვიდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტერიალი ამერიკის შეერთებული შტატებისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში ქალაქ ბაქოში გაიმართა.
მინისტერიალი აშშ-ის სოფლის მეურნეობის მდივანმა(მინისტრი) ტომას ვილსაკმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების კლიმატის ცვლილების და გარემოს მინისტრმა, ამნა ბინთ აბდულა ალ დაჰაკიმ გახსნეს.
AIM for Climate მიზნად ისახავს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და კვებითი სისტემების მიმართულებით ინოვაციების და ინვესტიციების განხორციელების გზით კოლექტიური ჩართულობის მნიშვნელოვნად გაზრდას.
როგორც ნინო თანდილაშვილმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველო აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის სექტორზე კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად. აგრარული სექტორისთვის ადაპტაციური შესაძლებლობების გაზრდა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვა-განხორციელებას. წყლის რესურსის დაზოგვა და მათი რაციონალურად გამოყენება გახლავთ მიდგომა, რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორში კლიმატის ცვლილებების ფონზე ინერგება. საქართველოს მთავრობა 2028 წლამდე აპირებს 3 მილიარდი ლარის დახარჯვას სოფლის მეურნეობის სექტორში ფერმერების მხარდასაჭერად, ასევე, 300 მილიონი აშშ დოლარი მობილიზებულია თანამედროვე სარწყავი სისტემების განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, სოფლის მეურნეობაში შესაბამისი ინოვაციების დანერგვა ხელს შეუწყობს აგრარულ სექტორზე კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას, პროდუქტიულობის გაზრდას და რომ ერთიანი ძალისხმევით, შევძლებთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის (COP 29) ფარგლებში გამართულ მინისტერიალს „სოფლის მეურნეობის ინოვაციების მისია კლიმატისთვის“ 20-მდე ქვეყნის მაღალი რანგის დელეგატი ესწრებოდა.