23-10-2018
„კულტურა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობაა“, – ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის თეატრში კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, კულტურის საბჭო შეიქმნება, რომელიც კულტურის დარგის მთავარი პრიორიტეტების განსაზღვრას დაიწყებს.
„ვაგრძელებ თემატურ შეხვედრებს იმის მიხედვით, რა იქნება მომავალი პრეზიდენტის პრიორიტეტები. დღეს კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან მქონდა შეხვედრა. ეს ის დარგია, რაც საქართველოსთვის არსებითად მნიშვნელოვანია, ეს არის მისი ღერძი. კულტურა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობაა.
ბედნიერი ვარ, რომ დღეს კულტურის სფეროს სახელოვანი წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ არჩევნების შემდეგ შეიქმნება კულტურის საბჭო და ერთად დავიწყებთ კულტურის დარგის მთავარი პრიორიტეტების განსაზღვრას, გამორკვევას იმისას, რა უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, რომ იყოს მათი წარმომადგენელი აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, რომ თავის ადგილას დადგეს საქართველოში კულტურა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.