გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლინას ლინკევიჩიუსი: ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ აგრესიული პოლიტიკის განხორციელებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესს

23-10-2018

„აუცილებელია საქართველოს მხარდაჭერა საერთაშორისო არენაზე და ლიეტუვა ამ მხარდაჭერას გპირდებათ“-ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა,საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ აგრესიული პოლიტიკის განხორციელებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში“- განაცხადა ლინას ლინკევიჩიუსმა.

ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, რაც ასევე იქნა განხილული ლიეტუვა -საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური კომისიის ფარგლებში.

“საქართველოს აქვს საკუთარი გეგმა და ხედვა, ერთგვარი გზამკვლევი, თუ როგორ მოახდინოს ევროკავშირში ინტეგრირება. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ, თუ როგორ უნდა წარედგინოს თქვენი ხედვა ევროკავშირის ინსტიტუტებს. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რაში შეგვიძლია გაგიწიოთ დახმარება და რომელი სფეროები შეიძლება იყოს პრიორიტეტული”- აღნიშნა ლინას ლინკევიჩიუსმა.

მან ასევე დადებითად შეაფასა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს ძალისხმევა, მათ შორის საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.


"მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ნატოს ოპერაციებში, რომელშიც მონაწილეობს 900-მდე სამხედრო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულება, რომელიც იზიარებს ამ ღირებულებებს და ასე გამოხატავს ქვეყნის სწრაფვას გაწევრიანდეს ალიანსში“- განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებული მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და დამატებით იმპულსს მისცემს ტურიზმის განვითარებასა და ორ ქვეყანას შორის ახალი ბიზნეს კავშირების დამყარებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ლიეტუვის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ლიეტუვა-საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მეხუთე შეხვედრა. კომისიას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ლიეტუვის მხრიდან კი ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ხელმძღვანელობდნენ. კომისიის დასრულების შემდგომ მინისტრებმა ხელი მოაწერეს ლიეტუვა-საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის სხდომის ოქმს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031