8-12-2024
„მაიდნის" მოწყობის მეოთხე მცდელობა იყო ოთხ წელიწადში და ოთხივე ჩავარდა, იმიტომ რომ „ნაცები" არიან უნიათო რევოლუციონერები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც კი ჩავარდა მაიდანი, მაშინვე დასტაბილურდა ლარის კურსი.
„ლარის კურსი დარჩება აუცილებლად სტაბილური. ეკონომიკა განაგრძობს განვითარებას. ჩვენ წინა თვეშიც, მიუხედავად ამხელა კამპანიისა, რაც წინ უძღოდა არჩევნებს, გვქონდა 11%-იანი ეკონომიკური ზრდა. 10 თვის საშუალო ზრდაა 10 %. გაგრძელდება მაღალი ტემპით ეკონომიკის განვითარება, კურსი იქნება სტაბილური და ბიზნესს ექნება ყველანაირი პირობა შექმნილი იმისათვის, რომ შეუფერხებლად აწარმოონ საკუთარი საქმიანობა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა.
მეოთხედ სცადეს დაეზიანებინათ ამ ქვეყანაში ეკონომიკა, ბიზნესი. როცა „ნაცმოძრაობა" იყო ხელისუფლებაში, ერთ-ერთი მთავარი, რასაც აკეთებდნენ იყო ბიზნესზე ზეწოლა, ეს იყო მათი ხელწერა. ჩვენ ბიზნესმენებთან კომუნიკაცია გვაქვს მუდმივ რეჟიმში, არავის მოსწონს „მაიდნის" მცდელობა, ჩავარდნილიც კი. ჩავარდა, დამთავრდა „მაიდნის" მცდელობა. „მაიდნის" მოწყობის მე-4 მცდელობა იყო 4 წელიწადში და ოთხივე ჩავარდა, იმიტომ რომ „ნაცები" არიან უნიათო რევოლუციონერები,"- განაცხადა პრემიერმა.